დინოზავრები ადამიანთა თანამედროვენი არიან?

დინოზავრები ადამიანთა თანამედროვენი არიან?

თავი XII

მაშ ასე, ჩვენ დავინახეთ, რომ დანალექი გეოლოგიური შრეების წარმოშობის წარღვნისეული ჰიპოთეზა მშვენივრად ესადაგება პალეონტოლოგიურ მონაცემებს, მაგრამ სკოლის სახელმძღვანელოდან ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ პალეოზოურის შემდგომი მეზოზოური ერა იყო გიგანტური რეპტილიების – დინოზავრების ერა. მეზოზოური დანალექები მეტყველებენ იმაზე, რომ ოდესღაც (როდის?) პრაქტიკულად მთელ დედამიწაზე ცხოვრობდნენ “საშინელი ხვლიკები” (ბერძნულიდან “დინოზავრის” ზუსტი თარგმანი).

მაგრამ თუ ცხოველის ყველა სახეობამ, რომლებიც ჰაერით სუნთქავდნენ და ნოეს მიერ კიდობანში უნდა ყოფილიყვნენ აყვანილნი (მათ შორის – დინოზავრებმა) გადაიტანა წარღვნა, მაშინ გამოდის, რომ დინოზავრები ადამიანის წარმოშობამდე 65 მილიონი წლის წინათ კი არ გადაშენებულან, როგორც ამას ევოლუციის თეორია ამტკიცებს, არამედ ყოფილან ადამიანის თანამედროვენი. არსებობს თუ არა მეცნიერული დასაბუთება მსგავსი მტკიცების სასარგებლოდ? პასუხი შეიძლება ერთმნიშვნელოვნად გაიცეს: დიახ, არსებობს. ამასთან, სრულიად დამაჯერებელი და საკმარისი რაოდენობის.

02-2-shanghai-marriage-mark10

დინოზავრის ნაკვალევი.

“ევოლუციის თეორიაზე ფეხის ნაკვალევი”, – ასე დაახასიათა გაზეთმა “სტარ ტელეგრამმა” (17.06.1982 წ.) აღმოჩენა მდინარე პელუქსის მიდამოებში, რომელიც 6 კმ-ით არის დაშორებული პატარა ქალაქ გლენ როუზიდან (ტეხასის შტატი). თავსხმა წვიმების შემდეგ ადიდებულმა წყალმა გადარეცხა დანალექი ქანების ნაწილი და გააშიშვლა კირქვის ფენა, რომლის ასაკს, ტრადიციული ევოლუციონისტური გეოქრონოლოგიური სკალის მიხედვით, უნდა შეედგინა 108 მილიონი (!) წელი. ფენის ზედაპირზე აღმოჩენა დინოზავრების თათებისა და ადამიანის ნაფეხურების მრავალი ანაბეჭდი! მსგავს მონაპოვარს ადრეც შეხვედრიან (პირველად – 1910 წ.), მაგრამ ანაბეჭდების ასეთი რაოდენობა, რომელიც დინოზავრებმა და ადამიანებმა დატოვეს მაშინ ჯერ კიდევ გაუმაგრებელ კარბონულ ემულსიაზე, პირველად იქნა აღმოჩენილი. აღმოჩენილ იქნა ასევე “ორმაგი” ანაბეჭდები, როცა დინოზავრს დაბიჯებული ჰქონდა ადამიანის ნაკვალევზე და პირიქით, როცა ადამიანს დაებიჯებინა დინოზავრის უკვე დანატოვარ ნაკვალევზე. ანთროპოლოგიის წამყვანი სპეციალისტები იძულებულნი გახდნენ ეცნოთ, რომ ეს ვითომ ასეული მილიონი წლების წინ დანატოვარი კვალი პრაქტიკულად თანამედროვე ადამიანის ნაკვალევის იდენტურია.

დედამიწის უძველესი ხნოვანებისა და ადამიანის მაიმუნისგან წარმოშობის თეორიის მიმდევრებს კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიაყენა ლონდონის რაიონში (ტეხასის შტატი) გაკეთებულმა აღმოჩენამ, რომელიც დაკავშირებული იყო ლანოს იგივენაირ ადიდებასთან, როგორიც პელუქსის ხეობაში მოხდა. ორდოვიკული ქვიშაქვის გაპობისას, რომელიც 435-505 მილიონი წლით თარიღდება, ნაპოვნი იქნა ქვაში ჩამარხული ნაჭედი რკინის ჩაქუჩი ხის ტარის ნარჩენებით. ბუნებრივია, მისი იქ მოხვედრა შესაძლებელი იქნებოდა მანამ, სანამ ჩამოყალიბდებოდა ქვიშაქვა. ვითომ ნახევარ მილიარდ წელზე ადრე? საეჭვოა. როგორც ეტყობა, ეს ქანები ჩამოყალიბდნენ გაცილებით გვიან და გეოლოგიური სკალა მნიშვნელოვან გადახედვას საჭიროებს. შეხედულება კი, რომ ყველა პალეოზოური (მათ შორის – ორდოვიკული) ქანი ჩამოყალიბდა საკმაოდ სწრაფად გლობალური წყალდიდობის შედეგად, არანაირად არ ეწინააღმდეგება ზემოთ აღნიშნულ აღმოჩენას.

მაგრამ მოდით დავუბრუნდეთ ჩვენს დინოზავრებს. შემთხვევის წყალობით იყო თუ გაფანტული ეჭვების გამო, მომდევნო წელსვე გაჩნდა პუბლიკაცია თურქმენეთის ტერიტორიაზე მდებარე კუგითანგ-თაუს მთებში მსგავსი მონაპოვრების არსებობის შესახებ. “წლევანდელ გაზაფხულზე თურქმენეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის ექსპედიციამ რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მთებში აღმოაჩინა 1500-ზე მეტი ნაფეხური, რომლებიც დინოზავრებმა დატოვეს. შთამბეჭდავია ადრეული ხანის ამ ცხოველების ნაკვალევს შორის დატოვებული ნაფეხურების ანაბეჭდები, რომლებიც იდენტურია თანამედროვე ადამიანის ნაფეხურებისა”, – წერდა გაზეთი Moscow News (1983 წ. №24, გვ.10). თუმცა გასაგები მიზეზების გამო ამ პუბლიკაციებმა შემდგომი განვითარება ვერ ჰპოვა. აი, პელუქსის ველს კი მნიშვნელოვნად გაუმართლა – იქ წლიდან წლამდე ეწყობა ხალხმრავალი ექსპედიციები, რომელთა შემადგენლობა მხოლოდ სპეციალისტებით კი არ შემოიფარგლება, არამედ მათ შორის არიან სტუდენტები, მოსწავლეები, დიასახლისები – ერთი სიტყვით, ყველა მსურველისათვის ღიაა კარი. მონაპოვართა ნუსხა კი მუდმივად ივსება, რომელთა შორის ყველაზე სენსაციურია იმავე გეოლოგიურ შრეში ნაპოვნი ადამიანის კბილებისა და თითის ნამარხები. ჩამოყალიბებულია გლენ როუზის დინოზავრების ნაციონალური პარკი, რომლის ცნობილ მორთულობას წარმოადგენს გიგანტური მონსტრების ნატურალური ზომების მინაპლასტიკური რეკონსტრუქციები.

რომელი უფრო მართებულია – ის, რომ ადამიანი არსებობდა 65 მილიონი წლის წინ, თუ ის, რომ დინოზავრები ცხოვრობდნენ არცთუ ისე დიდი ხნის წინ? ბოლო დროს პალეონტოლოგებისულ უფრო და უფრო ხშირად უმზადებენ სიურპრიზებს საკუთარ თავს, რაც გამოიხატება დინოზავრების “თბილ-თბილი”, ე.ი. ჯერ კიდევ გაუქვავებელი ძვლების აღმოჩენაში. უფრო მეტიც, 1993 წლის 7 ივლისს, ნიუკასლის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფს შესაძლებლობა მიეცა მსგავსი ძვლიდან გამოეყო ჯერ კიდევ გაუხრწნელი ცილა. მაგრამ ცილა ხომ ძალიან სწრაფად იხრწნება – წარმოუდგენელია, რომ მან გაძლო 5 ათას წელზე მეტხანს. აქ კი წმიდა წერილის ტრადიციული განმარტების წარმომადგენლებს გაცილებით ძნელად თუ დასდებ ბრალს ცრუ რწმენაში, ვიდრე “ტრადიციული” გეოქრონოლოგიის მქადაგებლებს.

ჩრდილოამერიკელი ინდიელების კლდეზე ნახატი და ნამარხი ცხოველის - ედმონტოზავრის რეკონსტუქცია.

ჩრდილოამერიკელი ინდიელების კლდეზე ნახატი და ნამარხი ცხოველის – ედმონტოზავრის
რეკონსტუქცია.

ისმის მართებული კითხვა: თუკი ადამიანი და დინოზავრი უკვე კარგად იცნობდნენ ერთმანეთს არც თუ ისე დიდი ხნის წინ, რატომ არაფერი შემორჩენილა ადამიანთა კულტურაში ამის დამადასტურებელი? ესეც შეცდომაა, რომელმაც სამწუხაროდ გასავალი პოვა. დედამიწაზე პრაქტიკულად არ არსებობს ეთნოსი, რომელსაც არ შემოენახოს ლიტერატურაში, ფოლკლორსა თუ სახვით ხელოვნებაში მოგონებები გიგანტურ დრაკონებზე, მონსტრებსა და ურჩხულებზე. ამერიკელ მკვლევარებს შესაძლებლობა მიეცათ ნამარხი გიგანტების პრაქტიკულად ყველა სახეობის იდენტიფიცირებისა ინდიელების მიერ კლდეებზე შესრულებული ნახატებიდან. მსგავსი გამოსახულებები გვხვდება ბაბილონურ, შუმერულ, ბრეტონულ და თვით რომაულ არქეოლოგიურ ძეგლებზეც. თანაც გამოსახულებების სიზუსტე ხშირად მოწმობს იმაზე, რომ მხატვარი გადმოცემით კი არ იცნობს გამოსახულ ცხოველებს, არამედ მისი თვითმხილველია.

დინოზავრებს ბედმა არ გაუღიმათ სერიოზულ სლავურ ხელნაწერთა წყაროებში მოხვედრილიყვნენ – გავიხსენოთ, რომ სლავებმა საკუთარი დამწერლობა შექმნეს საკმაოდ გვიან, IX საუკუნის შუა წლებში. თუმცა ბევრ ზეპირ გადმოცემაში უხვად არის შემონახული უფრო ლეგენდარული, ვიდრე მითიური არსებები, როგორიცაა მაგალითად გორინიჩას გველი. აღმოსავლეთ ევროპის ხალხების ქრონიკებსა და ეპიკურ ლიტერატურაში კი მრავლად ვხვდებით ყოვლისშემძლე დრაკონებს.

ასე მაგალითად, ძველი კელტების ქრონიკების მტკიცებით, მეფე მორიდი (ლათინური ინტერპრეტაციით – მორვიდუსი) მოკლულ და გადაყლაპულ იქნა ქრისტეს შობამდე 336 წელს გიგანტური მონსტრის, ბელუას მიერ (გავიხსენოთ, რომ ტერმინი დინოზავრი გაჩნდა მხოლოდ 1841 წელს, მანამდე კი სხვადასხვა ადგილებში იძულებულნი იყვნენ ეს ცხოველები თავისებურად მოეხსენიებინათ). ურჩხულმა “მორვიდუსის სხეული ისე გადაყლაპა, როგორც დიდი თევზი ყლაპავს წვრილს”. ადრეული ხანის ბრიტანელ მეფეს პერედარუს კი უფრო გაუმართლა – მან ლაინ-ლაიონის (უელსი) მხარეში ორთაბრძოლისას გაიმარჯვა მსგავს ურჩხულთან. ბრიტანული ქრონიკები ასევე გადმოსცემენ ახლანდელი უელსის ტეროტორიის მრავალი ადგილის შესახებ, რომლის ბინადრებიც ოდესღაც ურჩხულები აფანკი და კაროგი ყოფილან, და სწორედ ამ არსებების სახელების გამო მიიღეს თავიანთი სახელწოდებები. ერთ-ერთი უკანასკნელი აფანკი მოკლულ იქნა 1693 წელს ედუარდ ლოიდის მიერ ლაინარ-აფანკში მდინარე კონვეიზე.

არანაკლები ადგილი უკავიათ დრაკონებს სკანდინავიურ ეპოსში. ასე მაგალითად, ვოლსუნგის საგა ადიდებს მებრძოლის – სიგურდის – გმირობას, რომელმაც გაიმარჯვა ურჩხულ ფაფნირთან. ფაფნირი გადაადგილდებოდა ოთხი თათით და მძიმე სხეულს მიათრევდა დედამიწაზე. სიგურდმა იცოდა, რომ ცხოველის ტყავს ზურგიდან ხმლით ან შუბით ვერაფერს დააკლებდა და ამიტომ ბილიკზე, რომელზედაც ურჩული დადიოდა წყლის დასალევად, ამოთხარა ორმო, შიგ ჩაჯდა და მასზე მცოცავ ფაფნირს მუცელი განუგმირა.

kuku-yanji

კუკუ-იანჯის ტომის (ავსტრალია) ნახატი, რომელიც როგორც ეტყობა, მიქცევის შემდეგ გამორიყული პლეზიოზავრის მსგავს არსებაზე ნადირობის სცენას გამოხატავს.

ადრეული შუა საუკუნეების ევროპული ლიტერატურიდან ჩვენ ვხედავთ, რომ დრაკონებთან შებრძოლება რაინდებისთვის თითქმის ყველაზე პოპულარული საქმიანობა იყო, თუ არ ჩავთვლით ტურნირებსა და რომანტიულ თავგადასავლებს. რაინდულ ლიტერატურაში ცენტრალური ადგილი უკავია ანგლოსაქსონურ პოემას “ბეოვულფი”. მკვლევარების ერთსულოვანი აზრით, ამ პოემის გმირი, მეფე გრეტჰელ ბეოვულფის (495-583 წწ. ჩვ.წ.) შვილიშვილი, რეალური პიროვნებაა, რომელმაც სინამდვილეში არსებულ მრავალ ისტორიულ მოვლენაში მიიღო მონაწილეობა. თუმცა გამოკვლევების მიღმა დარჩა მისი მთავარი “პროფესია” – დრაკონებზე სერიოზული ნადირობა. ჩვენ შეგვიძლია ბეოვულფის მთავარი მიღწევის – დრაკონ გრენდელზე გამარჯვების – ზუსტი თარიღიც კი განვსაზღვროთ. ეს კი ჩვენი წელთაღრიცხვით 515 წელი (სწორედ ამ წელს მოაწყო რაინდმა თავისი განთქმული მოგზაურობა დანების მეფე ჰროტგართან). გრენდელის ასაკი შესაძლოა 300 წელს გადაცილებული ყოფილიყო და ამასთან მისი სიმაღლე რაინდისას რამდენჯერმე აღემატებოდა, რის გამოც მისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა ბეოვულფის გადაყლაპვა. ცხოველის ტანზე ტყავის გახვრეტა შეუძლებელი იყო ხმლით ან შუბით. გიგანტური მონსტრი სწრაფად და უხმაუროდ იცვლიდა მდებარეობას ორი მძლავრი უკანა კიდურით, წინა კიდურები კი პატარა და სუსტი ჰქონდა და ჰაერში უმწეოდ ეკიდა. რატომ არ შეიძლება შევადაროთ მისი გარეგნობა ტირანოზავრის აღწერილობას? ბეოვულფმა იცოდა რა მოწინააღმდეგის შედარებით სუსტი მხარეები, ახლო ბრძოლის დროს გრენდელს მოაჭრა სუსტი და მოუხერხებელი წინა თათი, რის შემდეგაც პირუტყვი სისხლისგან დაიცალა და მოკვდა (რა გასაკვირია – ტირანოზავრის სისხლის წნევა არ უნდა ყოფილიყო დაბალი, რათა უზრუნველეყო მისი ზეაღმართული თავი ჟანგბადის მომარაგებით). ბეოვულფი და მისი გუნდი, როგორც პროფესიონალებს ჩვევიათ, დიდ ყურადღებას უთმობდნენ დრაკონების აგებულების, საქციელისა და ცხოვრების წესის შესწავლას. წიგნში მოყვანილი აღწერილობები საშუალებას იძლევა დრაკონების პრაქტიკულად ყველა სახეობა, რომელიც პოემაშია მოხსენიებული, იდენტიფიცირდეს ნამარხ რეპტილიებთან.

სარწმუნო ისტორიულ პიროვნებას წარმოადგენს აგრეთვე დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელი, რომელმაც იმპერატორ დიოკლიტიანეს დროს კომიტის (უფროსი მხედართმთავარი და მრჩეველი) თანამდებებას მიაღწია. ქრონიკებმა შემოგვინახეს წმიდა გიორგის ცხოვრების აღწერა, ასევე მისი მოწამეობრივი სიკვდილის ზუსტი თარიღი და ადგილი – 303 წლის 23 აპრილი, ქალაქი ნიკომიდია (ამჟამად – ისმიდი). მაგრამ წმინდანმა მთელი ნათელღებული სამყაროსთვის ასეთ საპატიო გმირობას სხვაგვარი ღვაწლიც დაამატა და ძლევამოსილის სახელი დაიმკვიდრა. გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთი ლაშქრობისას, მებრძოლი აღმოჩნდა იმ დროს ფინიკიის ქალაქ ბეირუთში. ქალაქის შორიახლოს, ლიბანის მთებშე მდებარე ტბაში ცხოვრობდა მტაცებელი დრაკონი, რომელიც შიშის ზარს სცემდა ირგვლივ მცხოვრებ მოსახლეობას. წარმართი ქურუმების წაქეზებით, ადგილობრივ მკვიდრებს ყოველდღიურად მიჰყავდათ ტბასთან ყმაწვილი ან გოგონა და ტოვებდნენ დრაკონის საკბილოდ. როდესაც ამის შესახებ წმიდა გიორგიმ შეიტყო, დრაკონს შეება, შუბით განუგმირა ყელი და მიწაზე მიალურსმნა. შემდეგ დაჭრილი ცხოველი გაკოჭა (რეპტილია, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალზედ სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა) და ქალაქში წაათრია, სადაც თავშეყრილი ხალხის წინაშე თავი მოჰკვეთა. წმინდა გიორგის დრაკონზე გამარჯვება გახდა უდიადესი სიმბოლო ქრისტიანობის წარმართობაზე გამარჯვებისა. მართალია, თვით გადმოცემა უშუალოდ დრაკონის აღწერას დიდ ყურადღებას არ უთმობს, მაგრამ ფერწერული კანონიკა მეტ-ნაკლებად ერთნაირად გამოხატავს მას. ძლევამოსილი გიორგი, რომელიც დრაკონს ამარცხებს ამშვენებს გერბებს, სასახლეებსა და ეკლესიებს, როგორც ევროპაში – პერმიდან ლისაბონამდე, – ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამასთან, მეტად საინტერესოა აღინიშნოს, რომ მიწაზე განრთხმული არსება გვაგონებს სისხლისმსმელ დინოზავრ ბარიონიქსს.

საეკლესიო ქრონიკებში დრაკონებთან შეხვედრის ეპიზოდები იმდენად ხშირია, რამდენადაც ელიტარულ წყაროებში. კერძოდ, მათთან უბრძოლია მეომარსა და დიდმოწამეს თეოდორე ტირონს (+17 თებერვალი, 305 წ. ქალაქი ანასია, პონტო) და მხედართმთავარს თეოდორე სტრატილატს (+8 თებერვალი, 319 წ.) ჰერაკლეიონიდან. ხოლო კენტერბერის ტაძრის (დიდი ბრიტანეთი) ქრონიკებში აღნიშნულია, რომ პარასკევს, 1449 წლის 16 სექტემბერს, საფოლკისა და ესეკსის საგრაფოების საზღვარზე მდებარე სოფელ ლიტლ კონრადის შორიახლოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაინახა როგორ იბრძოდა ორი გიგანტური რეპტილია.

ყველა ზემოაღნიშნული მონათხრობისთვის დამახასიათებელია სუფთა საბრძოლო დეტალების სიმრავლე, ხოლო აღწერილი ცხოველები მითოლოგიისთვის დამახასიათებელი ზებუნებრივი თვისებების გარეშე მოიხსენიებიან. ეს მხოლოდ ევროპული წყაროებიდან ამოღებული რამოდენიმე ამბავია ადამიანისა და დინოზავრის შეხვედრის თაობაზე. და რამდენია ასეთი ინდოჩინეთსა და იაპონიაში, ჩრდილოთ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთში?! და ყველა ისინი, მონათხრობი მაგალითების მიღმა დარჩენილი მრავალი ეპიზოდი, თანაბარმნიშვნელოვნად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი თანამედროვეობის არც თუ ისე შორეული წინაპრები, ევოლუციური ქრონოლოგიისა და ანთროპოგენეზის თეორიის საწინააღმდეგოდ, „პირადად“ იცნობდნენ დინოზავრებს, როგორც ამას ბიბლიური მიდგომა თხოულობს. ყველაზე განსაცვიფრებელი კი ის არის, რომ დინოზავრების შესახებ გადმოცემებს ასევე ბიბლიაშიც ვხვდებით.

სერგეი გოლოვინის წიგნიდან “მსოფლიო წარღვნა: მითი, ლეგენდა თუ რეალობა?”

– – –
სარჩევი
თავი I – შესაძლებელია თუ არა რელიგიური და მეცნიერული წარმოდგენების შეთავსება?
თავი II – მშვიდობა თუ კატასტროფები?
თავი III – წარღვნამდელი დედამიწა
თავი IV – რის გამო დათვრა ნოე?
თავი V – წარღვნის “მექანიზმი”
თავი VI – კიდობანი
თავი VII – სად გაქრა წყალი?
თავი VIII – წარღვნა და დედამიწის რელიეფი
თავი IX – დედამიწა წარღვნის შემდეგ
თავი X – გეოლოგია, პალეონტოლოგია და ევოლუცია
თავი XI – წარღვნა და გეოლოგიური სვეტი
თავი XII – დინოზავრები ადამიანთა თანამედროვენი არიან?
თავი XIII – დინოზავრები და ბიბლია
თავი XIV – გადაშენდნენ კი დინოზავრები?
თავი XV – წარღვნა და დედამიწის მოსახლეობა
თავი XVI – კატასტროფები წარღვნის შემდეგ
თავი XVII – გამყინვარების პერიოდი
თავი XVIII – გამოქვაბულის ადამიანები
თავი XIX – შესაძლებელია კი ახალი მსოფლიო წარღვნა?
თავი XX – ნუთუ ეს მნიშვნელოვანია?
თავი XXI – ავტორის შესახებ