სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა
ქრისტე აღდგა!
დღეს არის განსაკუთრებული დღე, ხსენება წმინდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა. პირველწოდებული არის იმიტომ, რომ პირველად მას მოუწოდა მაცხოვარმა, რომ ყოფილიყო მოციქული უფლისა. დღეს აღვნიშნავთ ანდრია პირველწოდებულის შემოსვლას საქართველოში, კერძოდ ლაზეთსა და აჭარაში. ასე რომ ლაზეთი აჭარა არის ჩვენი განმანათლებელი. ჩვენი ქრისტიანები ეწამნენ აქ, დღეს მათი ხსენებაცაა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ როდესაც წმინდა გიორგი მთაწმინდელი შეხვდა ანტიოქიის პატრიარქს, მან მოუწოდა, რომ საქართველოს ეკლესია უნდა ემორჩილებოდესო ანტიოქიას. საპასუხოდ გიორგი მთაწმინდელმა მოითხოვა ცხოვრება წმინდისა ანდრია პირველწოდებულისა; და იქიდან წაუკითხა ის ადგილი, სადაც აღნიშნულია, რომ ანდრია პირველწოდებული ქადაგებდა საქართველოში და ამის შემდეგ ყველამ მიიღო, რომ საქართველოს ეკლესია უნდა ყოფილიყო ავტოკეფალური, დამოუკიდებელი ეკლესია.
დღეს ჩვენ შევთხოვთ წმინდა ანდრია პირველწოდებულს, რომ აღავლინოს ლოცვა წინაშე ღვთისა, რათა მშვიდობა სუფევდეს მის მამულში _ საქართველოში.
თქვენ იცით, რომ მოციქულ ანდრიას საქართველოში შემოსვლის წინ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ, როგორც პატრონმა საქართველოსი, თავის ნაცვლად გამოგზავნა თავისი ხატი; მან საქართველო მისი წილხვედრია, მიიდო სახეზე ფიცარი და გამოისახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახე. ეს ხატი ჩამოტანილი იქნა ჯერ აჭარაში. ამან იმდენად იმოქმედა მორწმუნე ხალხზე, რომ მოციქულს აჭარიდან აღარ უშვებდნენ და როცა ანდრია პირველწოდებულმა უთხრა, რომ მე ვარ გამოგზავნილი საქართველოს მოსაქცევად ღვთისმშობლის მიერ და ხატი აწყურში უნდა დაბრძანდესო. მათ სთხოვეს, ხატი დაგვიტოვე და შენ წადიო. მაშინ ანდრია პირველწოდებულმა მოატანინა მეორე ფიცარი, მიადო ღვთისმშობლის ხატსა და იქაც გამოისახა იგივე ღვთისმშობლის ხატი. აი, ეს დაუტოვა აჭარას, რომელიც მრავალ სასწაულს აღასრულებდა.
ყოვლდაწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა და ანდრია პირველწოდებულის ლოცვა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს. ინებოს უფალმა, რომ მშვიდობა, სიხარული, სიყვარული სუფევდეს საქართველოში და მთელს მსოფლიოში.
ჩვენთან არს ღმერთი.
წყარო: patriarchate.ge