1118 წელს, ყივჩაღების ჩამოსახლებით, დავით აღმაშენებლის სამხედრო რეფორმა დამაგვირგვინებელ ფაზაში შევიდა. დავითის არმია სამ ძირითად სამხედრო შენაერთად იყოფოდა: მონასპა – სამეფო გვარდია, რომელიც მეფეს სულ თან ახლდა – 5 000 კაცისგან შედგებოდა. 20 000 მებრძოლს ითვლიდა, ასევე რეგულარული შენაერთი – მოლაშქრენი, რომლებიც ზამთარ-ზაფხულ, მუდმივ მზადყოფნაში იმყოფებოდნენ ნებისმიერი მიმართულებით გადასაადგილებლად და მეციხოვნენი, რომლებსაც მოლაშქრეების მიერ აღებული ტერიტორიების ხანგრძლივი დროით დაკავება და გამაგრება ევალებოდათ. ყივჩაღთა ჩამოსახლებით და მათი რეგულარულ არმიაში გაწევრიანებით, მეფე აღარ იყო დამოკიდებული ფეოდალურ ლაშქარზე, რადგან ყივჩაღებისგან შემდგარი სამხედრო ქვეგანაყოფები, მეფის წყალობით (ჯამაგირით) ცხოვრობდნენ და მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების წინაშე იყვნენ ანგარიშვალდებულნი.
დავით მეფის ამგვარმა გაძლიერებამ და მისმა წარმატებულმა ბრძოლებმა დამპყრობთა წინააღმდეგ, შიშის ზარი დასცა თურქებს. საქართველოს ტერიტორიებიდან განდევნილებმა და შევიწროებულებმა გადაწყვიტეს შემწეობა ძლევამოსილი მაჰმადიანი ხელისუფალთათვის ეთხოვათ. მემატიანეთა ცნობებით, მათ “ხელ-პირ შავად შეღებილებმა, ტანსაცმელშემოფლეთილებმა და თავზე ნაცარდაყრილებმა” მიმართეს განძაკის სულთან მელიქს, სხვებმა – კარმიანის ამირა ხაზი არდუხის ძეს, იგივე ილღაზის და ასევე სხვა მაჰმადიან მბრძანებლებს. მათი გაერთიანებული ძალისხმევით, შეიქმნა გიგანტური კოალიციური არმია, რომლის მთავარ მიზანსაც “ურჩი” დავით მეფის და ქრისტიანული ქართული სახელმწიფოს სამაგალითო დასჯა წარმოადგენდა.
1121 წლის, 12 აგვისტოს გამთენიისას, “გულით უძრავმა” დავით მეფემ საგულდაგულოდ ჩაკეტილ ნიჩბისის ხევში განლაგებულ ქართველ მეომრებს მიმართა: “ეჰა, მეომარნო ქრისტესნო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ”….. ლაშქარში 40 000 ქართველი ირიცხებოდა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მეფე მხოლოდ ეთნიკურ ქართველებს მოუწოდებდა საღმრთო ომისკენ, ის რა თქმა უნდა მოუწოდებდა 15 000 ყივჩაღსაც, რომლებიც სელჩუკების მსგავსად თურქულენოვან ტომებს წარმოადგენდნენ და დავითის მიერ, თვისტომებისგან გარკვეული ნიშნით იყვნენ გამორჩეულები (შესაძლოა ისინი ნათელღებული ყივჩაღები ანუ “ნაყივჩაღარები” იყვნენ და ამით დაიმსახურეს მეფის განსაკუთრებული ნდობა, სხვა ვარიანტში ძნელი ასახსნელია გენერალურ ბრძოლაში მათი შედარებით მოკრძალებული რაოდენობა). მეფე ასევე მოუწოდებდა ჩრდილოეთ კავკასიელებს, რომლებიც 500 ოსი მებრძოლით სიმბოლურად იყვნენ წარმოდგენილები და ასევე 100 თუ 200 ფრანგს, რომლებიც, ალბათ, ასევე სიმბოლურად ევროპელ ჯვაროსნებს წარმოადგენდნენ. შემდეგ კი იყო – “ძლევაი საკვირველი”, რომელმაც საქართველო საქრისტიანოს მედროშედ, ხოლო – დავითი – მესიის მახვილად ანუ საღმრთო ომის სულის ჩამდგმელად წარმოაჩინა.
ბოლო დროს, ჩვენში გახშირდნენ ქართველი ერის ისტორიული გმირობების მჩხრეკელები და დამკნინებლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დავითის დროინდელი ისტორიკოსების მიერ მოყვანილი ცნობები სელჯუკიანთა ურდოს რიცხოვნობის შესახებ გადაჭარბებულია, თუმცა ამით “ბრძოლაი საკვირველი” ვერ დაკნინდება, ჩვენი ლაშქრის რაოდენობა ზუსტი რიცხვით არის განსაზღრული, ხოლო რაოდენობა თურქების ლაშქრისა შეფასებულია, როგორც ურიცხვი, ანუ რისი დათვლაც შეუძლებელია.
“დიდგორის ომი ჯერ არ დამთავრებულა” – ერთ-ერთი ქადაგებისას ბრძანა ჩვენმა პატრიარქმა. საღმრთო ომი გაგრძელდება ვიდრე სოფლის აღსასრულამდე. ჩვენ, ქართველები, მე-12 საუკუნეში საღმრთო ლაშქარში ვერიეთ და სარდლად საკვირველი დავით აღმაშენებელი გვყავდა. თუმცა ეს შორეულ 1121-ში იყო. ახლანდელი ქართველები კი ტყუილად ვამაყობთ დიდგორით, რადგან ჩვენ აღარაფრით ვგავართ ჩვენივე – დიდგორში, ერწუხში, შამქორსა და ბასიანში გამარჯვებულ წინაპრებს. ჩვენ საღმრთო ომი დავასრულეთ და ახლა საკუთარი კეთილდღეობისთვის წარმოებულ დამამცირებელ ომში ვართ ჩაბმულნი, საიდანაც გამარჯვებულები ვეღარ გამოვალთ. მაშ, ნუღარ ვიქადით დავით აღმაშენებლით და მასთან ერთად დიდგორში მეომარი ჩვენი წინაპრებით, რადგან ღმერთს ქვებიდანაც ძალუძს აღუდგინოს დავით აღმაშენებელს შთამომავლობა (ნუ გგონიათ, რომ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს თავს: მამად გვივისო აბრაამი; რადგანაც გეუბნებით თქვენ: ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს. მათე 3.9). დადგება კურთხეული დრო და ჩვენი ქვეყანა გამოვა ღრმა ძილიდან, განაგდებს ეშმაკს და მთელი გულით შეუდგება ქრისტეს, ვინაც არის ქვაკუდხედი და ხსნა ჩვენი ერისა ყველა დროში და მარადისობაში. მაშინ მსგავსად იმისა, როგორც ერთ დროს თურქთაგან გამოხსნილ ანისში დავით მეფემ დედოფალ კატრონიკეს გამარჯვება საფლავში ახარა, მომავლის ქართველობა ჩასძახებს დიად მეფეს გელათის კარიბჭიდან: “გიხაროდენ შენ წმინდა მეფეო, რამეთუ იხსნა ღმერთმა საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან”.
ხალხური გადმოცემით, დიდგორის ყორღანი ბრძოლაში მომწყდარ ძმათა სასაფლაოა. აქ ჩაუვლია ქართველთა გამარჯვებულ ლაშქარს და მუჭა-მუჭა მიუყრია მიწა გარდაცვლილი მეომრებისთვის. და ასე შექმნილა ეს ხელოვნური ბორცვი. დავითის მიერ დაფუძნებულ ბალავარზე წამოიმართა დიადი ქართული სახელმწიფო, რომელსაც დავითის გარდაცვალებიდან კიდევ 100 წელი მნიშვნელოვანი ბრძოლა არ წაუგია. როგორც აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი ბრძანებს: “მეთორმეტე საუკუნის ბოლოს და მეცამეტე საუკუნის დასაწყისში საქართველოს სახელმწიფო საზღვრები მოიცავდნენ, გარდა საქართველოს ძირითადი ტერიტორიისა, მთელ კავკასიასაც, ჩრდილო კავკასიის ყველა ტომსა და პოლიტიკურ გაერთიანებას. სამხრეთით კი საქართველოს ვასალური სამფლობელოები ვრცელდებოდა ირანის აზერბაიჯანზედაც და აღწევდა გილანს, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით ეს სამფლობელოები მიდიოდა არზრუმამდე და ერზიჯანამდე, სადაც ნიშნად ვასალური დამოკიდებულებისა ფრიალებდა საქართველოს სახელმწიფო ალამი”.
გიორგი ბაგალიშვილი
ZNEOBA.GE-ს რედაქცია