ამა თუ იმ ერის დღესასწაულებში ასახულია ამ ერის კაცობრიული ცხოვრების ისტორია. ქართველი ერის დღესასწაულთა უმრავლესობა დაკავშირებულია ქრისტიანობასთან, ერის მოწამეობრივი ღვაწლის ისტორიასთან: აღდგომა, შობა, ნათლისღება, მარიამობა, გიორგობა, ნინოობა, თამარობა, ვახტანგობა, ქეთევანობა და სხვა საუფლო თუ არასაუფლო დღესასწაულები კვლავაც წარმართავენ ერის ცნობიერებას უმთავრესი ღირებულებებისაკენ, იმ ზნეობრივი ორიენტირებისაკენ, რომლებიც ხელს უწყობენ ქრისტიანობასთან შენივთებული ჩვენი ეროვნული ტრადიციებისა და ფასეულობების შენარჩუნებას. ეს კი ეწინააღმდეგება ღმრთისაგან ტოტალური განდგომილებისა და უზნეობის უფსკრულისაკენ დაქანებული კაცობრიობის მისწრაფებებს, ხელს უშლის საყოველთაო და გლობალური სატანისტური კონტროლის განხორციელებას დედამიწაზე და ანტიქრისტეს მოსვლას, ანუ ეს ნიშნავს დინების საწინააღმდეგოდ მსვლელობას. სწორედ ამიტომ ცდილობენ მსოფლიო ძალები დანერგონ ჩვენში ჩვენთვის უცხო და მაცდური ტრადიციები.
რა დღესასწაულები მოიტანა ახალმა დროებამ? დასავლეთის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ნამდვილად არა აქვთ უანგარო სიყვარული ჩვენს მიმართ, აქვთ დაჟინებული სურვილი, თავის მანერგარდაგვქმნან ჩვენ, ამასთან ჩვენი მეორეხარსხოვნობის პირობა უცვლელი უნდა დარჩეს. ამისათვის მხოლოდ ეკონომიკური ბერკეტები არ არის საკმარისი, საჭიროა ჩ ვ ე ნ ი მსოფლმხედველობის გამოცვლა, ანუ სხვა სიტყვებით, ჩვენს სულებში შეძვრომა და შიგნიდან ამოტრიალება. ამ მიზნით, ჩვენი მიდრეკილებებიდან გამომდინარე, მეტად ეფექტურია ახალი დღესასწაულების დანერგვა. და იმ ქვეყნებიდან, სადაც სული უკვე დიდი ხანია სრულ დევნილობაშია, აღლუმს კი ეპიკურეიზმი მართავს, შემოდის ისეთი ‘‘დღესასწაულები’‘, როგორიცაა სატანისტური ორგია ‘‘ჰელოუინი’‘ და მაცდური ‘‘ვალენტინობა’‘. თუკი პირველი სატანის აშკარა და დაუფარავი ზეიმია, მეორე ცდილობს სიყვარულისა და სილამაზის ფრაზეოლოგიით დაფაროს თავისი ნამდვილი სექსუალური არსი, სადაც ცენტრში არის არა ჭეშმარიტი სიყვარული, არამედ შეყვარებულობა და სქესობრივი ლტოლვა.
იმისათვის, რათა დაენერგათ ვალენტინობის ‘‘დღესასწაული’‘, მოიგონეს ამბავი, მითი, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს წმ. ვალენტინისთან. ეკლესიის არც ერთი წმ. ვალენტინის ცხოვრება არ შეესაბამება იმ მითს, რომელიც მოგვიანებით მის შესახებ შეთხზეს იმ მიზნით, რათა წარმართული დღესასწაული ქრისტიანული ტერმინოლოგიით შეენიღბათ. სინამდვილეში თებერვლის ზუსტად ამ დროს, შორეულ საუკუნეებში, რომის იმპერიაში ტარდებოდა წარმართული, ეროტიზმის ფესტივალი Lupercalia, რომელიც მიძღვნილი იყო ‘‘მგზნებარე’‘ სიყვარულის ქალღმერთ Juno Februata-სადმი. ამ ზეიმის დროს ხალხი იწყებდა ლხინს და ყოველი ესწრაფვოდა თავისი ვნებიანი მეწყვილის პოვნას. აი, საიდან იღებს სათავეს ხსენებული ღონისძიება, რომლის დანერგვასაც ცდილობენ ჩვენში. შენიღბვის ეს მეთოდი აპრობირებულია დასავლეთის მიერ. მაგალითად, სატანისტური ‘‘ჰელოუინი’‘ დაუკავშირეს ‘‘ყოველთა წმიდათა დღეს’‘. იგონებენ ახალ ღონისძიებებსაც, როგორიცაა, მაგალითად, ‘‘მისს მონაზონი’‘, – სილამაზის კონკურსი კათოლიკე მონაზონ ქალებს შორის.
სამწუხაროა, რომ, მივეჩვიეთ რა ჩვენი ახალი, დასავლელი ‘‘მეგობრების’‘ ნარჩენებით კვებასა და მათი გამონაცვალი ტანსაცმლით შემოსვას, მათივე მიბაძვით გადავწყვიტეთ განვიმოსოთ იმ ‘‘სამოსელისაგან’‘, რაც ძირეულად განგვასხვავებს ჩვენ მათგან, რაც მარადიულ ცხოვრების იმედს გვაძლევს და არის წარუვალი ღირსება და ღირებულება – გადავწყვიტეთ განვიმოსოთ ჩვენივე საკუთარი სულისაგან და შევუერთდეთ იმ ტოტალურ უსულობასა და გარყვნილებას, რაც ასე ბობოქრობს დღევანდელ მსოფლიოში. მართლაც, რა სულიერებაზე შეიძლება იყოს საუბარი, თუკი ჩვენს შვილებს ბავშვობიდანვე ასწავლეს არა სიყვარული, არამედ შეყვარებულობა და სკოლის ასაკიდანვე მიაჩვიეს მზადებას ამ ‘‘სიყვარულის ზეიმისათვის’‘, რომელზეც ერთგულების, ღირსებისა და სიწმინდის ცნებები ანაქრონიზმად ითვლება, ხოლო მათ მიმდევრებს ჩამორჩენილებსა და ბნელებს უწოდებენ? სატანისტური გარყვნილების აპოლოგეტებისაგან ხშირად გაიგონებთ ფრაზას: ‘‘რა დროს ქალწულობა, ერთგულება და სიწმინდეა 21-ე საუკუნეშიო’‘, თითქოს ღმრთის მცნებები დროის მიხედვით იცვლება და ის რაც ცოდვა იყო გასულ საუკუნეებში, მათ შორის სიძვა-მრუშობა, 21-ე საუკუნეებში აღარ არის ცოდვა.
იმას, რაც დღეს ხდება ვალენტინობის ‘‘დღესასწაულზე’‘, არაფერი აქვს საერთო არც წმ. მოწამე ველენტინის ხსენებასთან, არც მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობის იმ ფორმასთან, რომელსაც ქრისტიანობა ქადაგებს. ერთი შეხედვით უწყინარი გამოთქმა ‘‘შეყვარებულობა’‘, თუნდაც მისი იმიტაცია, რომელიც ‘‘დღესასწაულის’‘ ძირითად შინაარსს წარმოადგენს, ქრისტიანობის თვალსაზრისით, უკიდურესად საშიშია. ადამიანებს შორის თვით ყველაზე კარგი და გულწრფელი დამოკიდებულება იძენს ზედაპირულობისა და ამჩატებულობის თვისებას, კარგავს სილამაზესა და სიფაქიზეს, როდესაც ამაღლებული, ღრმა და არააფიშირებული გრძნობების ნაცვლად წინა პლანზე თეატრალურობა გამოდის და თავს იჩენს კულტის ელემენტები.
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ვალენტინობასთან დაკავშიერებით ‘‘შეყვარებულთათვის’‘ პროდუქციის მწარმოებლები დიდ შემოსავლებს ღებულობენ. მათი აგრესიული სარეკლამო კამპანია სულაც არ შეიცავს ‘‘სიყვარულის ჰიმნს’‘, არამედ ცინიკურ, თუმცა მოხდენილად და მაცდურად გაფორმებულ, ახალ ‘‘სქესობრივი ურთიერთობების კულტურას’‘ ნერგავს. სამწუხაროდ თანამედროვე ადამიანი მრავალმხრივ ვერ აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ მას სხვადასხვა მეთოდებით აიძულებენ თაყვანი სცეს იმ კერპთა მსგავს კერპებს, რომელთა წინააღმდეგაც იბრძოდა სწორედ რამოდენიმე წმ. მოწამე ვალენტინი, მათ შორის იტალიის ქალაქ ინტერამის ეპისკოპოსი, რომელიც ცხოვრობდა III საუკუნეში და გააჩნდა სულიერი და ხორციელი კურნების ნიჭი. მისმა ლოცვითმა სასწაულებმა მრავალი მოაქცია ქრისტიანობაზე. წმ. ვალენტინი ითვლება ახალგაზრდობის მოძღვრად: მის მიერ მოქცეულ ქრისტიანებს შორის იყო ინტერამის მრავალი წარჩინებული ახალგაზრდა. ამის გამო ქალაქის განრისხებულმა წარმართმა მმართველებმა იგი აწამეს 273 წ. მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ვალენტინისხსენების დღეს აღნიშნავს 12 აგვისტოს, კათოლიკური საკრებულო კი – 14 თებერვალს, რის გამოც აირჩიეს იგი წარმართული რიტუალის შესანიღბად. სხვათა შორის, კათოლიკური საკრებულოც თვლის, რომ ეს დღე არ არის დაკავშირებული რომელიმე წმ. ვალინტინის ხსენებასთან, არამედ მომდინარეობს წარმართული Lupercalia-დან და მიუღებელია იმ სახით, როგორითაც ის დღესდღეობით აღინიშნება.
ვალენტინობის მოსურნეებს უნდა ავუხსნათ იმ საფრთხის შესახებ, რომელიც მისგან მომდინარეობს – ესაა გრძნობებისადმი და ხორციელი ლტოლვისადმი დამორჩილება. კორინთელთა მიმართ თავის ეპისტოლეში წმ. პავლე მოციქული ამბობს, რომ ყოველივე დაშვებულია ჩემთვის, მაგრამ ‘‘არა ყოველივე უმჯობეს არს… მე არავისა ხელმწიფებასა დავემორჩილო’‘ (1 კორ., 6, 12). ჩვენი სისუსტის გამო ხომ შეიძლება, რომ ვერ შევძლოთ ამ მცნების აღსრულება და ვნებებს დავემონოთ, რა მიზანსაც ისახავს ეს ‘‘სიყვარულის დღესასწაული’‘, მაშინ ხომ დავიღუპებით?
შეიძლება, რომ ქრისტიანი იყოს შეყვარებული ან უყვარდეთ იგი? რა თქმა უნდა, მეტიც, მხოლოდ ქრისტიანობაშია აყვანილი სიყვარულის უნარი თვით ადამიანის არსთან უშუალო კავშირში. წმიდა წერილიდან ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი შექმნილია ღმრთის ხატად (შესაქმე. 1:27). იოანე მოციქული წერს, რომ ღმერთი სიყვარულია (1 იოანე, 4:8). ე. ი. გიყვარდეს – ნიშნავს ახორციელებდე შენში ღმრთის ხატებას, ხოლო სიყვარულში ზრდა – ნიშნავს უახლოვდებოდე ღმერთს. მაგრამ სწორედ ამ ცნების შერყვნას ესწრაფვის დღევანდელობა და ცდილობს ღმრთისხატებრივი სიყვარული ხორციელი სიყვარულით, ვნებიანი ლტოლვით შეცვალოს. ამკვიდრებენ მკრეხელურ ტერმინს: ‘‘სიყვარულით დაკავება’‘, რასაც არაფერი აქვს საერთო ღმრთის მიერ კურთხეულ ცოლქმრულ ურთიერთობასთან, არამედ სქესობრივ აქტს, სიძვა-მრუშობას გულისხმობს, თვით გაუკუღმართებული ფორმების ჩათვლით.
ვალენტინობის დღეს შეყვარებულები ერთმანეთს ულოცავენ, რაც, თითქოს, არ არის ცუდი, – შეყვარებულობის პერიოდი ხომ ყველაზე ლამაზი პერიოდია ახალგაზრდებისათვის. მაგრამ შეყვარებულობა მაშინაა კარგი, როდესაც იგი თავისით არ იფარგლება, ანუ როდესაც შეყვარებულობის ნერგიდან იზრდება ნამდვილი, სამუდამო სიყვარულის ხე. ნამდვილ სიყვარულში კი ეიფორია, გარეგნულობა და თეატრალურობა აღარ არის: შენ ხედავ ადამიანს, როგორიც ის არის, შელამაზებების გარეშე, და გახსოვს, რომ ის ძვირფასია შენთვის არა იმიტომ, რომ ის არის ‘‘ყველაზე…, ყველაზე…’‘, არამედ იმიტომ, რომ მასში არის ღმრთის ხატება, რაც ასე ძვირფასია შენთვის. ამიტომ ყოველ დღეს უნდა ლოცულობდე საყვარელი ადამიანისთვის, ლოცავდე, ანუ ულოცავდე მას (ამ სიტყვათა კავშირი ქართულ ენაში შინაარსობრივია), და არა, ვთქვათ, მაინცა და მაინც 14 თებერვალს, წარმართულ ეროტიკულ რიტუალთან კავშირში, თუნდაც ფორმალურ კავშირში.
გაფრთხილდით, ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო, რათა ცეკვა-თამაშით წარსაწყმედელის გზას არ დავადგეთ, სული არ წარვიწყმიდოთ და სასუფევლის ნაცვლად მარადიულ სატანჯველში არ დავიმკვიდროთ ადგილი. ღმერთმა დაგვიფაროს ამისაგან!
წყარო: religia.ge