ჩერნოგორიის და ზღვისპირეთის მიტროპოლიტმა ამფილოქემ განაცხადა, რომ ხელი არ მოაწერა დოკუმენტს “მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან”, რომელიც მიღებულ იქნა კრეტაზე 2016 წლის 18-26 ივნისს მიმდინარე კრების დროს.
ეპისკოპოსმა ამის შესახებ ჩერნოგორიის ტელეარხ “ატლასის” გადაცემა “ჟივაია პრავდა”-ში განაცხადა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ დოკუმენტმა გამოიწვია ცხარე დაპირისპირება კრეტის კრებაზე. მიტროპოლიტი ამფილოქე თვლის, რომ დოკუმენტი არ იყო საკმარისად მომზადებული, რაზეც სერბეთის დელეგაცია მიუთითებდა კრეტის კრების მოსამზადებელ შეხვედრებზე. ჟურნალისტი დარკო შუკოვიჩის კითხვებზე პასუხისას მიტროპოლიტმა ამფილოქემ აღნიშნა:
– მე მინდა გითხრათ, რომ გახლავართ ერთ-ერთი, ვინც ხელი არ მოაწერა მეექვსე დოკუმენტს.
თავად გზავნილი იმაზე მიუთითებს, რომ იმ სერბი ეპისკოპოსების რაოდენობა, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს საკამათო დოკუმენტს გაცილებით მეტია. ბერძნულმა მედიასაშუალებებმა ამ კონტექსტში ბაჩსკის ეპისკოპოსი ირინეოსი დაასახელეს, ხოლო ზოგიერთი სხვა წყაროს ცნობით, ხელი არ მოაწერა კიდევ რამდენიმე სერბმა ეპისკოპოსმა. თუმცა ჯერ-ჯერობით ეს საკითხი სერბულ მედიაში საიდუმლოებით არის მოცული.
აღსანიშნავია, რომ კრების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტები არ იძლევა საშუალებას, რომ მივხვდეთ ვინ მოაწერა ხელი დოკუმენტს და ვინ არა. დოკუმენტის ბოლოში დელეგაციებში მყოფი ყველა პირის სახელია, რაც აჩენს ვარაუდს მათი თანხმობის შესახებ.
მედია ადრეც აღნიშნავდა იმ ადგილობრივ ეკლესიათა შესახებ, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ დოკუმენტის ხელმოწერას. მათ შორის ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე, მორფის ნეოფიტე, ამაფუნტის ნიკოლოზი, ლიდრსის ეპიფანე, ნეაპოლის პორფირი (კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია) და ნევპაქტის მიტროპოლიტი იეროთეოსი (საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია).
კრების დასასრულს, ჩამოთვლილთაგან ზოგიერთი ეპისკოპოსი დოკუმენტის ღია საღვთისმეტყველო კრიტიკით გამოვიდა. მათ განაცხადეს, რომ აპირებენ ბოლომდე დაიცვან თავიანთი პოზიცია.
წყარო: pravoslavie.ru