საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ქართული ენის შესახებ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ქართული ენის შესახებ

უდიდესი საუნჯეა ჩვენი ქართული ენა! იგი უძველესი და უტკბესია, რაღაც განსაკუთრებული მადლით მოსილი! როდის წარმოიშვა იგი? როდესაც ქართველი კაცი გაჩნდა ამქვეყნად, აი, მაშინ წარმოიშვა ქართული ენაც! ქართული ენა დიდებულია თავისი სიღრმით, თავისი ფილოსოფიური დატვირთვით, თავისი უძველესი ფორმებით! ქართული ენა დიდებულია თავისი სიღრმით, თავისი ფილოსოფიური დატვირთვით, თავისი უძველესი ფორმებით!…

ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ენას! გავიხსენოთ იოანე ზოსიმეს დიდებული სიტყვები, ქართული ენის შესხმა – “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”. სხვათა შორის, არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, იოანე ზოსიმე ამ ქებაის ტექსტის გადამწერია და არა – ავტორი. მაშინ ეს შესხმა უფრო ძველიც შეიძლება იყოს. იოანე ზოსიმეს უწერია, რომ `სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან”, იგი აღდგება, როგორც ოთხი დღის მკვდარი ლაზარე და გაბრწყინდება; შემდეგ კი ჰიმნოგრაფი გვამცნობს, რომ მეორედ მოსვლის ჟამს ქართულითა ენითა განისჯება სამყარო. ჩვენ ბევრი გვიფიქრია ამის შესახებ და, ალბათ, თითოეულ თქვენგანსაც უფიქრია, თუ რით დაიმსახურა ქართულმა ენამ ესოდენი პატივი? არსებობს წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ უკანასკნელ ჟამს კაცობრიობა დაკარგავს სარწმუნოებას, ჩაეფლობა ცოდვებში და მხოლოდ ქართველი კაცი დაიცავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და აი, ამის გამო, როგორც ჯილდო, ქართველ ერს მიეცემა ეს წყალობა ღვთისა, რომ საყოველთაო განკითხვა ქართული ენის მოხდება.

მინდა მოგიწოდოთ, გავუფრთხილდეთ ჩვენს ღვთითბოძებულ ენას! დავიცვათიგი და დავეუფლოთ მას! მოგეხსენებათ, ჩვენ გაგვაჩნია სამი დამწერლობა, სამი ანბანი, უძველესი მათ შორის არის ასომთავრული (ალბათ, იმაზე ადრეც იქნებოდა სხვა), შემდეგ – ნუსხა-ხუცური და მხედრული. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ მეგულება არც ერთი ქვეყანა, სამი ანბანი რომ ჰქონდეს!

ზოგს თავისი დამწერლობაც კი არ გააჩნია! ამიტომ, ჩვენ მოვალენი ვართ, ვიცოდეთ სამივე ანბანი, თავისუფლად უნდა ვკითხულობდეთ სამივე დამწერლობას…

ქართულმა ენამ გადაარჩინა ჩვენი ერი და ქართული ენა და ჩვენი სარწმუნოება გადაარჩენს მას ასევე მომავალშიც. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ ქართული ენა, ჩვენი დამწერლობა, სამივე ანბანი. ვფიქრობ, რომ დაწესებულებებზე წარწერა უნდა იყოს სამივე ქართული ანბანით. ეს ხელს შეუწყობს ჩვენს მოსახლეობას, თვალი შეაჩვიოს და შეისწავლოს სამივე დამწერლობა: ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული. მივმართავ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს ბიზნესმენებს, თავიანთ დაწესებულებებს წარწერები გაუკეთონ სამივე ანბანზე. ამით ჩვენ მივაღწევთ, რომ ერთ წელიწადში ყველას ეცოდინება სამივე დამწერლობა…

სრულყოფილად რომ ვფლობდეთ ქართულ ენას, უნდა ვიკითხოთ ქართული წიგნები. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, არც ერთმა დღემ არ განვლოს ისე, რომ რამე არ წაიკითხოთ ქართული ლიტერატურიდან. აუცილებლად უნდა ვიკითხოთ ჩვენი კლასიკა, – ამ წიგნებში არის დიდი სიღრმე.

დალოცვილი იყავით! გახსოვდეთ მუდამ, რომ ჩვენი ეროვნული თვითშეგნება, ჩვენი ქართული ენა, მართლმადიდებელი სარწმუნოება გადაარჩენს საქართველოს!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II