ნარკომანების, ლოთებისა და მწეველების ურთიერთობა დემონებთან

ნარკომანების, ლოთებისა და მწეველების ურთიერთობა დემონებთან

რატომ აღკვეთავდა ეკლესია ლოთობისგან იმ გარდაცვლილთათვის წესის აგებას, რომლებმაც ვერ მოასწრეს მონანიება? ამას ზოგიერთნი იმით ხსნიან, რომ სისტემატიური სმა ნელი თვითმკვლელობის სახეა. ვფიქრობთ, ეს მთლად ასე არ არის. ასეთი მიდგომით ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ზედმეტობისგან უძლურდებიან, ან ღორმუცელა, რომელიც ჯანმრთელობისათვის საზიანო საკვებს იღებს, ასევე თანდათან იმოკლებს სიცოცხლეს; აგრეთვე პოტენციურ თვითმკვლელად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი, რომელიც მაღალი ანაზღაურებისათვის მძიმე და მომქანცველ შრომას ეწევა. მაშ რატომ არ ეუბნება ეკლესია მათაც უარს ქრისტიანულ დაკრძალვაზე? პავლე მოციქული პირდაპირ წერს: ,,ლოთი ვერ შევა ცათა სასუფეველში“. ჩვენ გვეჩვენება, სიმთვრალეშია რაღაც დემონური ძალა.

არსებობს სამი სამყარო:
1) უმაღლესი – სულიერი, ზეციური ეკლესია;
2) მიწიერი – მატერიალურ-სულიერი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით;
3) ჯოჯოხეთი – დაცემულ ანგელოზთა და იმ ადამიანთა ქვეყანა, რომლებიც ცოდვების გამო ეშმაკებს ემსგავსნენ.

ჩვენ ანგელოზებისა და დემონების სამყაროთა გავლენას განვიცდით, მაგრამ ჩვენი სხეულის მატერიალურობის გამო ვერ ვხედავთ მათ, თითქოს უხილავი კედლით ვართ მათგან გამოყოფილი. წმინდანები, ღვთის მადლით, გარდაცვალებამდე როგორღაც ჭვრეტდენ სულიერი სამყაროს კარიბჭესა და აჩრდილებს, აოცებდათ მათი სიდიადე და სიმშვენიერე. დემონის ადეპტები კი ისეთ მდგომარეობამდე მიდიან, რომ დემონურ სამყაროს ხედავენ და ურთიერთობენ მასთან.

საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ იმ ადამიანის სული, რომელიც ქრონიკული თრობის მდგომარეობაშია, მუდმივ ურთიერთობაშია დაცემულ სულებთან და თავადაც ეშმაკს ემსგავსება. ხოლო კედელი, რომელიც ადამიანს დემონთა სამყაროსგან ყოფს, თითქოს თხელდება და ნანგრევებში ადამიანი ბნელეთის და ქაოსის სამყაროს სურათებს ხედავს. ლოთებს გამოთქმაც აქვთ ასეთი: “დავთვრეთ – ეშმაკებს ვემსგავსოთ” (“ДОПИТЬСЯ ДО ЧЕРТИКОВ”). ეს მხოლოდ შედარება კი არა, დემონური გამოცდილებაცაა. ადამიანი ვიზუალურ მოჩვენებებში ხედავს დემონებს.

უფრო მეტი დემონური ძალა აქვს ნარკოტიკს. შემთხვევითი არაა, რომ ოპიუმის მოწევა ფართოდ იყო გავრცელებული ჩინეთში – ქვეყანაში, სადაც თაყვანს სცემენ დრაკონს. ნარკომანის ოცნებაა შეიჭრას დემონურ სამყაროში და ჭვრეტდეს მას. ინდოელი ბრამინები იყენებდნენ რიტუალურ მათრობელა სასმელს – “სომას”. ინდიელი შამანები – ჰალუცინაციის გამომწვევ შხამიან სოკოს. ზოგიერთი ორდენის დერვიშები თავიანთი ექსტაზური ცეკვის წინ ნარკოტიკებს იღებდნენ. ასე რომ, ნარკომანია, დღევანდელი დღის ჭირი, დემონად ქცევის საშუალებაა. ადამიანის სული სიცოცხლეშივე ეშვება ჯოჯოხეთში. ნარკომანი, ისევე როგორც ლოთი, თავს ეკლესიისგან განიშორებს; თუ იგი მოუნანიებლად გარდაიცვლება ნარკოტიკებისგან, ვერ დაიკრძალება ქრისტიანული წესით. ამ ქმედებით ეკლესია ადასტურებს, რომ ვერაფრით დაეხმარება მათ.

ნარკოტიკის სუსტი სახეობაა თამბაქო, რომელიც ინდიელთა წარმართული მაგიისაგან გვერგო მემკვიდრეობით. წარმართები სულების გამოსაძახებლად წრეში სხდებოდნენ და ხელიდან ხელში ურჩხულის გამოსახულებიან უზარმაზარ ჩიბუხს გადასცემდნენ. ეს წრე სპირიტების წრეს ჰგავდა, რომელიც მედიუმს გარდაცვლილთა სულების სახით გამოცხადებული უხილავი ძალების სიგნალების ჩაწერაში ეხმარებოდა.

მოწევა ჰგავს თითქოსდა მსუბუქ ნარკოტიკს. კბილებში გაჩრილი პაპიროსით იწერებოდა ანტირელიგიური წიგნები. ბანაკთა ტუსაღები იგონებდნენ, რომ დაკითხვების დროს გამომძიებლები შეუჩერებლად ეწეოდნენ. ესე იგი არის რაღაც კავშირი თამბაქოსა და ადამიანის მდგომარეობას შორის. ზოგიერთ ტაძარში კომუნისტები არა მარტო ესროდნენ ხატებს, არამედ შეურაცხყოფისათვის წმინდანთა დაცხრილულ სახეს პაპიროს ჩრიდნენ. მორწმუნეთა დაპატიმრებების დროს “გეპეუსა” და “ჩეკას” თამშრომლები დაცინვით უკიდებდნენ პაპიროსს კანდელიდან, რომელიც წმინდა კუთხეში ენთო. არ შევცდებით, თუ თამბაქოს ეშმაკის “საკმეველს” ვუწოდებთ, ხოლო ჩიბუხს ან სიგარეტს – ბნელი სულების “საცეცხლურს”.

ზოგიერთი მწეველი მორწმუნე ამბობს, რომ სარწმუნოებასთან მიმართებაში წევა ნეიტრალული ქმედებაა. განა ასეა? განა შეუძლიათ მათ დადგნენ სალოცავად და კბილებში პაპიროსგაჩრილებმა პირჯვრით ნათელი იფინონ? სული გვიკარნახებს, რომ მოწევა და ლოცვა ერთმანეთთან შეუთავსებელია; მაგარმ ლოცვა ხომ ადამიანის მუდმივი მდგომარეობა უნდა იყოს? განა შეიძლება იესოს ლოცვის წარმოთქმა ბოლის ჩანსუთქვისა და მისი გამოშვებით?

მოწევა ფართოდ გავრცელდა მთელს მსოფლიოში და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა. ინდიელ წარმათებში მხოლოდ კაცები ეწეოდნენ, ჩვენ ვაჯობეთ, ჩვენში, ქრისტიანებში, ქალებიც ეწევიან. საგულისხმოა, რომ თამბაქოს წევამ მსოფლიოში XVI საუკუნეში იწყო გავრცელება და სულიერი ღირებულებების გაუფასურების პერიოდს დაემთხვა. და მაინც, ადამიანის სული რაღაც ღრმა ინსტინქტით გრძნობს, რომ მოწევა ეშმაკისეულია, თვით გამოუსწორებელ მწეველშიც კი სიგარეტიანი მღვდელი ზიზღსა და სიძულვილს იწვევს.

ალკოჰოლი, ნარკოტიკი და თამბაქო, ზოგიერთი მსგავსების მიუხედავად, ადამიანის ორგანიზმზე რამდენადმე განსხვავებულად ზემოქმედებენ. თამბაქო აჩლუნგებს სულიერ ძალებსა და რელიგიურ ინტუიციას. იგი ავიწროებს ადამიანის გონების მოქმედების არეს ისე, თითქოს მისთვის ცნობიერების უმაღლეს სართულების ახშობს. შემდეგ, მოწევა აჩლუნგებს ზნეობრივ გრძნობას. მწეველს უმცირდება სინდისის ქეჯნა. ამ მიმართულებით თითქოს ისპობა უთანხმოება მარადისობისაკენ მიმართულ სულსა და ვნებებით აღვსებულ სულს შორის, სინდისის მოთხოვნილებასა და ცხოვრების წესს შორის, მოვალეობასა და ცოდვას შორის: მწეველისთვის საკუთარი არსება მისაღები ხდება არა ისეთი, როგორიც უნდა იყოს სახარების მოთხოვნილების მიხედვით, არამედ ისეთი, როგორიც არის, – თავისი სისუსტეებითა და ვნებებით. თამბაქოს შხამისაგან, უპირველეს ყოვლისა, მისი სულიერების ის ნაწილი ზიანდება , რომელსაც სული ჰქვია – სული მთვლემარე მდგომარეობაში იძირება, მაგრამ სულიერების ძალები უმდაბლეს ფენებში მოქმედებენ. ამგვარად, თამბაქო – სულის ნარკოტიკია.

ალკოჰოლი, თრობის ხარისხების მიხედვით, რამდენადმე განსხვავებულად მოქმედებს. იგი არა მხოლოდ აზიანებს სულს, არამედ შეჰყავს სამშვინელი მსუბუქი ილუზიების მდგომარეობაში, როდესაც ის სამყაროს შეცვლილი სახით, თითქოს მრუდე ლინზებში ხედავს. ამ დროს ხდება ადამიანის აზროვნებითი მეხსიერების და შემოქმედებითი ძალების ჩახშობა. მათვრალ მდგომარეობაში ადამიანი დიადსა და ბრწყინვალეს ვერაფერს შექმნის, მას მხოლოდ დასახიჩრება და ნგრევა შეუძლია. ამიტომ სიმთვრალე ხშირად უმიზეზო, უმიზნო აგრესიით, დემონური იმპლუსებით – ანგრევდეს და ანადგურებდეს – ვლინდება. სიმთვრალეში ასევე ჩლუნგდება ზნეობრივი გრძნობა, განსაკუთრებით – სირცხვილის გრძნობა, და თავს აიშვენებ ცოდვებისაგან მეტად დაზიანებული სულიერი ძალები. მაგრამ ადამიანი, გარდა სიმთვრალის მძიმე ფორმისა, მიუხედავად იმისა, რომ ზნეობრივ პიროვნულობას კარგავს, არ კარგავს მახსოვრობას და ახსოვს, რაც თავს გადახდა.

რაც შეეხება ნარკოტიკს, აქ საერთოდ, იკარგება თვითშეგნება, ითრგუნება სულიერი და მშვინვიერი ძალები. ნარკოტიკების მიღებას, ჩვეულებრივ, თან ახლავს ჰალუცინაციები, ამასთან ხდება თავისებური ანესთეზია. ადამიანი ვერ გრძნობს სხეულებრივ ტანჯვას და ტკივილს, შიმშილსა და დაღლას.ზნეობრიობის გრძნობა უფრო მეტადაა დაზიანებული, ვიდრე თრობის შემთხვევაში. შემოქმედებითი ძალები უმართავი წარმოსახვითობით, ან, თუ გნებავთ, დემონური სურათების ჭვრეტით იცვლება, რომლებიც კინოკადრების მსგავსად ცვლიან ერთმანეთს.

ადამიანი ცოცხალ გვამს ემსგავსება, რომელსაც დემონი, როგორც სცენის მიღმა მყოფი არტისტი – თოჯინას, ისე მართავს. აქ ბნელი სულებისადმი დაქვემდებარების ხარისხი უფრო დიდია, ვიდრე ლოთის შემთხვევაში. ნარკომანის ზმანებები ქაოტური და დაუკავშირებელია, რაც აბსურდის თეატრს ან სიმახინჯეთა გამოფენას ჰგავს. მაგრამ ამ ჩვენებებში ხშირად მეორდება სურათები ჩინური პაგოდებისა, შივასა და ბუდას გამოსახულებიან ინდოელთა ტაძრებისა, რაღაც რიტუალების აღმსრულებელი შამანებისა და ა.შ. ნარკომანი არა მხოლოდ ნარკოტიკებზე, არამედ დემონურ ძალებზეც დამოკიდებული ხდება.

ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ პარალელები სიმთვრალეს, ნარკოტიკულ ჰალუცინაციებს, შეშლილობასა და უგუნურებას შორის. ჰალუცინაციები და პარანოიდული ბოდვა ნარკომანის ჰალუცინაციების მონათესავეა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ნარკომანს შეგნებულად მიჰყავს თავი ამ მდგომარეობამდე, ხოლო ფსიქიურად დაავადებული ამ მდგომარეობაში მუდმივად იმყოფება. სულით ავადმყოფი, როგორიცაა ნარკომანი და ლოთი, კარგავს მორალური პასუხისმგებლობისა და სირცხვილის გრძნობას. მას უვითარდება ეგოიზმი და ავლენს ცინიკურობას გარშემო მყოფთა მიმართ. ყველა მათგანს დაზიანებული აქვს სულიერი ცხოვრება: ილუზორულმა სამყარომ შთანთქა მათი პიროვნება.

ნარკომანია სატანისტური სექტების ყოფაში შევიდა. აქ ნათლად ჩანს მისი დამღუპველი დემონური არსი. მთვრალობისას ეს არსი ეშმაკის ბრჭყალებივით დროდადრო ვლინდება. მწეველებთან ამ ბნელი მეტაფიზიკური ძალის მოქმედება შენიღბული და დაფარულია. ხატოვნად რომ ვთქვათ, თუკი ნარკომანი დემონს ხელით უჭირავს, ხოლო ლოთს, როგორც მის დროდადრო მეგობარს, მოინახულებს ხოლმე, მაშინ მწეველის ბოლში მისთვის უხილავი პატარა ეშმაკუნები დაცურავენ.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

(მცირეოდენი შემოკლებით)
თარგმნა ავთანდილ უნგიაძემ
წყარო: qadageba.ge