ვანის ნაქალაქარი

ვანის ნაქალაქარი

ვანი – ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარეში, ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ანტიკური ნაქალაქარი, რომელიც 2007 წლის 24 ოქტომბრიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

სახელწოდება „ვანი“ აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის განმარტებით, ძველ ქართულად ნიშნავდა „სახლს“, „სადგურს“, „დაბას“, „საცხოვრებელს“.

0006ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ. წ. III-I სს-ში. ვანში ქალაქური ტიპის დასახლება განვითარდა იმ უძველეს დასახლებათა საფუძველზე, რომელთა ნაშთები ახლა მრავლადაა ფიქსირებული ვანსა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე (კეჭინარა, ციხესულორი, გორა, ბაგინეთი, ინაშაური, სულორი, ძულუხი, ბუღნარი, ბზვანი), აგრეთვე მის აღმოსავლეთითაც (ფერსათი, ზეკარი, ბაღდათი). ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული, ჯერჯერობით უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება და კერამიკული ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი.

ძველი ანტიკური ხანის ვანის ნაქალაქარი განლაგებულია ქ. ვანის მიმდებარედ არებულ ბორცვზე და მოიცავს დაახლოებით 8,5 ჰექტარ ფართობს. აღნიშნულ გორაკს ირგვლივ გაბატონებული მდგომარეობა უკავია. აქედან კარგად მოჩანს რიონის დაბლობი, ქალაქი ქუთაისი და კავკასიონის მთები. აქედან შეიძლებოდა მარჯვედ ედევნებინათ თვალყური ვანზე გამავალი დიდი სავაჭრო გზისათვისაც, რომელიც ინდოეთიდან მიემართებოდა კასპიის ზღვამდე, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის ქვეყნებზე გავლით აღწევდა შავ ზღვამდე. აქ არა მარტო სატრანსპორტო გზები იყო, არამედ ისეთიც, როგორიც სამხრეთ საქართველოდან, კერძოდ კი მესხეთიდან გურიისაკენ მიემართებოდა.

ვანის ქალაქობის პერიოდში 2 უმთავრესი ეტაპი გამოიყოფა:

– ძვ. წ. VI-IV სს. და
– ძვ. წ. III საუკუნის დასწყისი – ძვ. წ. I საუკუნის შუა წლები.

პირველი ეტაპი წარმოდგენილია ხის საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობებით, კლდოვან დედაქანში ამოკვეთილი სამსხვერპლოებით, მრავალფეროვანი კერამიკული მასალის შემცველი კულტურული ფენებით და მდიდრული სამარხებით (ჭედური გამოსახულებებით მორთული დიადემები, ცვარათი შემკული ნაირსახოვანი საყურეები და სასაფეთქლეები, ცხოველთა სკულპტურულგამოსახულებიანი სამაჯურები, თასი, ჰერალდიკური გამოსახულებანი, ყელსაბამები და სხვა), აგრეთვე ვერცხლის სამკაული, ბრინჯაოსა და თიხის ჭურჭელი. სამარხებსა და კულტურულ ფენებში ნაპოვნი იმპორტული თიხისა (შავფიგურიანი, წითელფიგურიანი, შავლაქიანი) და ლითონის ჭურჭელი (პატერა, ოინოხოია, კილიკები, არიბალოსი) მოწმობს ცხოველ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობას ბერძნულ სამყაროსთან. იმ დროს (ძვ. წ. VI-IV სს.) ვანი წარმოადგენდა კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულის (სკეპტუხიის) ცენტრს და მმართველი ზედაფენის რეზიდენციას.

vanis naqalaqari

ვანის ნაქალაქარის რეკონსტრუქცია

ძვ. წ. III საუკუნიდან იწყება ახალი ეტაპი ვანის ძველი ქალაქის ისტორიაში. იგი ხდება დიდი სატაძრო ცენტრი. ამ პერიოდს განეკუთვნება გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ. წ. III საუკუნის გალავნის კედელი, კარიბჭის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, კონტრფორსებიანი ნაგებობა, მრგვალი ტაძარი, შვიდსაფეხურიანი საკურთხეველი და სხვა საკულტო და საზოგადოებრივი შენობები, რომელთა გათხრისას ნაპოვნი მონუმენტური ლომის თავის ქანდაკებანი, საკურთევლები, ქალ-ღვთაების ჰორელიეფური გამოსახულებებით შემკული სვეტის თავი, ტერაკოტული და ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკებანი და ნიღბები, აგრეთვე ადგილობრივი და ბერძნული კერამიკა. ძველი ქალაქი განადგურდა ძვ. წ. I საუკუნის შუა წლებში.

ვანს, როგორც უდიდესი არქეოლოგიური აღმოჩენების პოტენციურ წყაროს ჯერ კიდენ XIX საუკუნეში მიაქციეს ყურადღება. 1847-1848 წლებში საქართველოსა და კავკასიაში მოგზაურობდა ფრანგი ქართველოლოგი აკადემიკოსი მარი ბროსე. ქუთაისში ყოფნისას საპატიო სტუმრისათვის მიურთმევიათ მამაკაცის თავის ქანდაკება, რომელიც ,,საჩინოს” ერთ-ერთ საფლავში ყოფილა ნაპოვნი (სამწუხაროდ ქანდაკების ადგილმდებარეობა ამჟამად უცნობია). მარი ბროსეს აღწერით ქანდაკება იყო – ,,მამაკაცის ბიუსტი მხრების დასაწყისამდე, თმიანი და წვერიანი, არწივისებრი დიდი ცხვირითა და სარდონიკული სიცილით”. ხოლო 1876 წელს ქართული გაზეთი “დროება” წერდა: “აქ ისე წვიმა არ მოვა, რომ არ ჩამოიტანოს გორიდან ნიაღვარმა ხან ოქროები, ხან ოქროს ძეწკვები, ხან ბეჭდები, ხან რა და ხან რა ნივთეულობა… დიდი სიმდიდრე უნდა იყოს ამ გორაზე…” სწორედ ამ სტატიის შემდეგ დაინტერესდა ექვთიმე თაყაიშვილი ვანით და 1896 წელს დაიწყო პირველი არქეოლოგიური გათხრები ქალაქის ტერიტორიაზე, რომელმაც სისტემატიური ხასიათი 1947 წლიდან მიიღო.

Old_Kolchis-kaკოლხეთის სამეფო

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial