სისხლი ღაღადებს – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

სისხლი ღაღადებს – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

განსხვავებული ხასიათები აქვთ ადამიანებს, სხვადასხვანაირი გემოვნება, მოთხოვნილებები და შეხედულებები, მაგრამ ერთს ყველა დაეძებს, ერთი – სიყვარული ყველას აკლია, ყველას სჭირდება, მკვლელსაც კი. უცნაური გრძნობაა სიყვარული, საოცრად ათბობს სულს. ღმრთაებრივი სიყვარულის ჩრდილი და ანარეკლი, თუ შეიძლება ითქვას, ქრისტიანულ, სახარებისეულ პრინციპებზე აგებულ ოჯახში იბადება და ღვივდება. ასეთ კერას ცოლ-ქმრის სიყვარული ათბობს, მათ სიყვარულს კი, თავის მხრივ, ცოცხალი ღვთის რწმენა ედება ქვაკუთხედად; ამგვარი ოჯახები ერთგვარ ოაზისებსაც კი წააგავს იმ მკვდარ უდაბნოში, რომელსაც ცივილიზაციის გვალვამ გადაუარა და თუ ეკლესია ცეცხლის სვეტია, ოჯახი პატარა სანთელია, იმ დიდი ცეცხლიდან ანთებული.

წმიდა მოციქულმა პავლემ ოჯახს სახლის ეკლესია უწოდა. ოჯახი არის პირველი სკოლა ქრისტიანი ბავშვებისათვის. სატანა ეკლესიის დანგრევის ცდაშია: იგი მას გარედანაც ებრძვის და შიგნიდანაც. ეშმაკი ქრისტიანების ოჯახებსაც ეომება, ცდილობს მას მასაზრდოებელი სული, სიყვარული, სითბო-სიმყუდროვე ამოართვას და მოშალოს. სამწუხაროდ, ხშირად, ადამის მოდგმის გასამრავლებლად ნაკურთხ ოჯახებში სულ ადვილად ინერგება სატანისეული მეთოდი: „შინაური“ პრობლემების, ე.წ. „შობადობის სარეგულირებლად“ აუცილებელი ხდება ჩვილთა, უმწეო არსებათა რეგულარული კვლა… ასეთ კერიას, ცხადია, არაფერი აქვს საერთო იმ ოჯახებთან, პავლე მოციქულმა სახლის ეკლესია რომ უწოდა. ჩვილების კვლასთან ერთად ცოლ-ქმრული სიყვარულიც კვდება, ორად იპობა ერთობა და იწყება მათი ზნეობრივი დაცემა, იზრდება თითოეულის ეგოიზმი. მათი ურთიერთობა იქცევა ხოლმე ავხორცობად და შიშველ სექსად. არც ერთი, არც მეორე სითბოს, სიყვარულსა და სიხარულს არ იძლევა – მკვლელებს არ ძალუძთ ერთმანეთის სიყვარული. შეიძლება გიყვარდეთ თქვენი შვილების მკვლელი? სისხლი შლის და ანგრევს ყველანაირ კეთილგანწყობას, აშორებს ადამიანებს ერთმანეთს. ამიტომ არის ასე „სიმეტრიულად“ შეფარდებული აბორტებისა და განქორწინებების რიცხვი. მეცნიერებამ უკვე აღიარა ის ფაქტი, რომ შვილებს დედ-მამის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი განწყობილებებიც კი გადაეცემათ და როცა მშობელი კლავს თავის „რომელიღაც“ შვილს, „გაუგებრად“ ცოცხლად დარჩენილს გენეტიკურ ფონდში მკვლელის განწყობას გადასცემს, რომელიც უსათუოდ გატანჯავს ბავშვის ფსიქიკას. ადრე თუ გვიან, ცნობიერად, თუ გაუცნობიერებლად, შვილები უსათუოდ აღმოაჩენენ მკვლელის პოტენციალს თავის თავში და საკუთარი და-ძმების რეალურ მკვლელს მშობლების სახით, რომელთა ულმობელობასაც თავად მათი სიცოცხლე „გაუგებრად“ გადარჩა. იქნებ აქაა ს???ა მშობლებს შორის არსებული მწვავე წინააღმდეგობების, აუხსნელი უნდობლობის, უპატივცემულობისა და ნაკლული სიყვარულის მიზეზი, ჩვენი გაუკუღმართებული ურთიერთობების ძირი.

იმასაც არ ვნაღვლობთ, დედის წიაღში მოკლული არსების განადგურება რომ ნათლობის მადლით განუბანელი სულის მკვლელობაა: ასეთი სული ბრმასავით გადადის მარადიულობაში და თან წინაპართა ცოდვების ბეჭედი მიაქვს.

ბევრი ქარ-ცეცხლი დატრიალებულა ქართულ მიწაზე, მაგრამ იმ შავ დღეებს, თემურ-ლენგმა რომ გაუთენა ერს, ცოტა რამ თუ გაუტლოდება საქართველოს ისტორიაში. შვიდჯერ დალაშქრა მან ქართლ-კახეთი, ცეცხლის ქარბუქი დააყენა ქართულ მიწაზე. გადმოცემაც კი არსებობს საქართველოში თემურ-ლენგის შესახებ: თითქოს მგლის ღრჯოლებითა ჭაღარა თმით დაბადებულა, სისხლს ადენდა დედამისს მკერდიდან, კამეჩის რძეს სვამდა. გახსოვთ, ალბათ, სვიმონ მეფეზე განრისხებულმა თემურ-ლენგმა რა ჩაიდინა თბილისში: ყველა ასაკის ბავშვი ერთად მოაგროვა, ძნის კონებივით შეაკვრევინა, ქვებითა და კეტებით დააჩეჩქვინა თავის ჯალათებს პატარები, სისხლის მდინარეები ადინა… იქვე გვერდზე კარავი გააშლევინა და თავის რჩეულებთან ერთად ლხინი გამართა. იმ ადგილას, სადაც ეს საშინელება მოხდა, ქედისუბნის ეკლესია ააგეს. შემდეგ ეს ეკლესია მიწაში ჩამარხეს და ზემოდან კინოთეატრი „რუსთაველი“ დაადგეს (!). მაგრამ ყველაზე საშინელი მაინც ისაა, რომ თემურ-ლენგის საქმე დღესაც არ ჩაბარებია ისტორიას, არ დამთავრებულა. მის „წამოწყებას“ ქართველმა დედებმა მისცეს მხარი და განუკითხავად იღვრება უმწეო არსებების სისხლი. ამ „პარალელსა“ თუ შედარებას ნუ მიიღებთ შთაბეჭდილების გასაძლიერებლად შექმნილ ხელოვნურ პასაჟად, აქ არაფერია ჰიპერბოლიზებული, რაც სინამდვილეში ხდება, ის მართლაც მეტია ნათქვამზე; ან კი რა უნდა თქვა მეტი: გრძელდება ჩვილების მეთოდური კვლა, მიმდინარეობს ნამდვილი გენოციდი „ოჯახის დაგეგმარებისათვის“, გრძელდება ომი მშობლებსა და შვილებს შორის იმ სასაკლაოზე, რომელიც დღეს ჩვილთა სისხლით ირწყვება და რომელსაც დღემდე არ ჰქვია თავისი ნამდვილი სახელი. ამ ბოროტმოქმედებას რაღაც ბუნდოვანი, უნამუსოდ შენიღბული ტერმინი – აბორტი მოუძებნეს. ეს სიტყვა კი თავისი შინაარსით ჩვილის მკვლელობაა, ეგოიზმის ნაცარტუტა, სისასტიკე, სიმხდალე, თვალთმაქცობა გახლავთ. ხოლო იმ სამშობიარო სახლებში, რომლებიც ახალშობილთა ხმებითა და მელოგინე დედების სიხარულით უნდა იყოს სავსე, საგანგებო ოთახებია გამოყოფილი უმწეო არსებების, ბავშვების პროფესიონალური კვლევისა და განადგურებისათვის. სამშობიაროში ამ ოთახებს შავ დაფებზე აწერია: „სააბორტო“. და ეს ამბავი ჩვეულებრივია, რადგან ჩვენი, „ცივილიზებული“ საზოგადოების ცივი „სამართალი“, დღეს-დღეობით, კნინი და სასტიკია. ჩვენი დაბეჩავებული ზნეობის ნორმებით კი მისაღებია უმწეო, გონიერ არსებათა კვლა, არა მარტო სამშობიაროში, არამედ ამ ბოროტმოქმედებისათვის „შესაფერის“ ნებისმიერ ალაგას.

სამედიცინო დაწესებულებებში 7-8 მილიონი აბორტია რეგისტრირებული. მალულ-ფარული აბორტების რაოდენობისა კი ვინ რა გაიგოს?! საგულისხმო ფაქტია: ხომ უამრავი სიცოცხლე წაიღო მეორე მსოფლიო ომმა, მაგრამ იმავე პერიოდში აბორტების საშუალო რაოდენობამ ფრონტზე დაღუპულთა რიცხვს გადააჭარბა – გამაოგნებელი დაუნდობლობაა.

ყველანაირი ცოდვა პირველად ადამიანის შიგნით მზადდება. დედამ რომ შვილის მოკვლა შესძლოს, ჯერ ის ბუნებრივი სიყვარული უნდა გაანადგუროს თავის თავში, რომელიც მას საკუთარ ჩვილთან, მისდაუნებურად, აკავშირებს. ასეთ მომენტში იგი უკვე უარს ამბობს ქრისტეზე, ცოდავს, რადგან: „სიყვარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი. რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარული არს“ (I იოანე 4, 7-8). შემდეგ იგი ცდილობს მთლიანად დათრგუნოს დედობრივი ინსტიქტი, მხეცზე საშინელ არსებად იქცეს (თუმცა, ცხოველი ხშირად თავის შვილის სიცოცხელს ეწირება კიდეც). მერე ნელ-ნელა გაუცხოვდება შვილის მიმართ, შემდეგ შინაგან, კატეგორიულ უარს იტყვის მის აღიარებაზე და არაბუნებრივს დაიჩემებს: იმას, ვინაც მის წიაღში მისივე სისხლით იკვებება, უცხო სხეულად, სიმსივნედ გამოაცხადებს, რომლის არმოკვეთასაც დაუშვებლად მიიჩნევს. ყოველივე ამის მერე ადვილად ჩაიხშობს სინდისის ხმას, სატანის სულს ეზიარება და შვილის ფიზიკური განადგურებისათვის, შიგნით, ყველაფერი მზად ექნება: საკუთარი პირმშო გულიდან, ფიქრიდან და აზრიდან სრულიად ამოგდებული ეყოლება. ამ ყველაფერს კი თურმე გრძნობს დედის წიაღში მოქცეული პატარა, რომელიც ორგანულადაა დაკავშირებული დედასთან, გრძნობს ინსტიქტურად, რადგან იგი ხორცის ნაგლეჯი როდია, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ გონიერი არსებაა, ტკივილის გრძნობაც გააჩნია და სიცოცხლის სურვილიც. მისი არასრულყოფილების მიზეზი ისაა, რომ მას არ აცლიან ჩამოყალიბებასა და ადამიანად ქცევას. აკი ექსპერიმენტებმაც ცხადყო, რომ ნაყოფს ურთულესი რეაქციების უნარი შესწევს, ასე რომ, ფიზიკურ სიკვდილამდე და წამებამდე მშობლის წიაღში მოქცეული ჩვილი უკვე განიცდის დედის განაჩენის ულმობელობას, სიკვდილის საშინელებას.

დედა ოჯახისა და გაჩენილი შვილების „საკეთილდღეოდ“ ჰკლავს მომავალ შვილს თავისავე წიაღში – სატანის სულს ეზიარება… თავის დროზე ჟანა დ’არკის უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი, ჰერცოგი ჟიულ დერეც მიეყიდა ეშმაკს, მასაც თავისი „გამართლება“ ჰქონდა: ბრწყინვალე ოჯახის შვილსა და ჩინებული განათლების, ზღაპრული სიმდიდრის პატრონს, რომლის კარ-მიდამო, არნახული სასახლეები და აგარაკები ღია იყო საფრანგეთის უსაჩინოესი საზოგადოებისთვის, სადაც ლხინსა და წვეულებებს ზღვარი არ ჰქონდა, დრო მოვიდა და დაუდნა ქონება, შემოაკლდა ფული. მიჩვეულ სიამეებზე ვერ თქვა უარი; მალე ჯადოქარ ალქიმიკოსს გადაეყარა, რომელმაც გამდიდრება აღუთქვა: ადამიანის სისხლით ოქროს მიღების საიდუმლო ვიცი და გაგიმხელო, დაპირდა, მაგრამ პირობა წაუყენა: ეშმაკს უნდა მიჰყიდო სული, სხვანაირად არ იქნება, ოქროს ისე ვერ მივიღებთო. დაყაბულდა დერე: ათი წლის ბავშვი მოიტაცეს უახლოეს სოფელში, მარჯვენა ხელი მოსჭრეს, დასთხარეს თვალები, მფეთქავი გული ამოგლიჯეს მკერდიდან. იმ გულის სისხლით პირობა დაუწერა სატანას: სულს გაძლევო. მერე ჯადოქართან ერთად ჰიმნი უმღერა ეშმაკს. ცოლ-შვილი მოიძულა, გადაკარგა სასახლიდან და მაგიურ ჩვევებს ჩაუღრმავდა. ახლომახლო სოფლებში ჯერ ერთი ბავშვი დაიკარგა, მერე ორი, თანდათან გახშირდა ბავშვების უგზო-უკვლოდ გაქრობის შემთხვევები. აწრიალდნენ სოფლელები, დედების ინტუიციას არაფერი დაემალა: ეჭვი ჰერცოგის გაუკაცრიელებულ კოშკზე მიიტანეს… ეპისკოპოსმა თავისთან იხმო ჰერცოგი, დერე არ მივიდა… მერე მეფის ჯარმა ბრძოლით აიღო სასახლე. შეიპყრეს ჰერცოგი და ჯადოქარიც. ამ საქმეს საგანგებოდ იძიებდა სასამართლო, გაირკვა: ჰერცოგისა და მისი ალქიმიკოსის „ცდებს“ 700-800 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა! ამ საქმესთან დაკავშირებული მრავალი საბუთი და ოქმი დღემდე ინახება საფრანგეთის არქივებში.

ჟიულ დერეს ამბავი მითი და ლეგენდა როდია, ჩვენდა საუბედუროდ, არამედ ნამდვილი, ისტორიულად არსებული ფაქტია, მხილებაა ჩვენი ულმობელობისა, რომელმაც მომავალში თავისი გაგრძელება ჰპოვა, „დაიხვეწა“ აბორტების სახით: ჩვილთა კვლა დღეს ჩვეულებად, ნორმადაა გამოცხადებული, აღარაა დანაშაული. ის ამბავი XV საუკუნეში ხდებოდა, ეს ამბავი დღეს, XX-ში ხდება. იქ ჰერცოგი სხვის შვილებს იპარავდა და ჰკლავდა, ჩვენ საკუთარ შვილებს ვხოცავთ, ღმერთს ვართმევთ მათ სულებს. ბოროტმოქმედებას კი, მაშინაც და ახლაც ერთი, მიწიერი კეთილდღეობის მიზნით ჩადიოდნენ და ჩადიან. ჰერცოგს კოცონზე დაწვა მიუსაჯეს. სიკვდილის წინ, აგიზგიზებული ცეცხლის პირას მდგარი დერე, მთელი გულით, ცრემლით ევედრებოდა იმ დედებს, შვილები რომ მოუკლა – პატიებას, შენდობას… მიხვდა თავისი დანაშაულის სიღრმესა და სიმძიმეს. ალქიმიკოსი კი დასცინოდა მონანულ ჰერცოგს, სიკვდილს ღმრთისაგან მოკვეთილი შეხვდა. დღეს, დედების ნაწილი მაინც ალბათ დარდობს თავის გადაგვარებას, ნამოქმედარის საშინელებას, ჟიულ დერეს დარად, მაგრამ უამრავი, იმ ალქიმიკოსივით გულგამეხებული და გაკერპებული, მოუნანიებელი უხვდება სიკვდილს, ესაა უბედურება.

ადრე, როგორც მსოფლიო ლიტერატურა და ძველი გადმოცემა გვამცნობს, საშინლად იტანჯებოდნენ თურმე მკვლელები, სინდისის ქენჯნა იყო მათი სასჯელი. ახლა იქნებ ასეთი ემოციური ძალით აღარ განიცდიდნენ მკვლელობას, მაგრამ სისხლი ძველებურად ითხოვს შურისძიებას. ჩვენი დროის მკვლელები პირველ რიგში საკუთარ სულს წირავენ, ღუპავენ და ამიტომაცაა, სულიერ სიცარიელესა და სიცივეში რომ ითოშებიან. და რაღა გვიკვირს აბორტების, ფსიქიური დაავადებების და დანგრეული ოჯახების რიცხვი ასე რომ „შეუთავსდა“ ერთმანეთს.

უწინ ჯალათს კაცად არავინ თვლიდა, ან სალამს ვინ მისცემდა, ან პურს ვინ გატეხდა მასთან?! ჩვენი დროის ჯალათებს, საკუთარი შვილების მკვლელებსა და თეთრ ხალათებში გამოწყობილ განგსტერებს კი ვინ შეკადრებს აუგს?

სასიხარულოა ის ფაქტი, თანამედროვე მედიცინის ყველაზე უფრო ზნეობრივად გამართულმა ნაწილმა რომ აბორტი საშინელ ბოროტმოქმედებად აღიარა. მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უცნობი და გაუგებარი ისაა, რომ ეკლესია არა მარტო აბორტის, არამედ ყველანაირი კონტრაცეფტული საშუალების წინააღმდეგია და აი რატომ: სიყვარული, ოჯახის მაცოცხლებელი ძალა, დღეს-დღეობით, სამწუხაროდ, სულ სხვა რამესთან – ვნებასთანაა გაიგივებული. არადა, ქრისტიანობამ თვით სიყვარულშიაც უამრავი ასპექტი განასხვავა ერთმანებისაგან. ორი ადამიანის სულიერ კავშირს, სიყვარულს, განაპირობებს ერთნაირი მსოფლმხედველობა, ერთი და იგივე რელიგიური მრწამსი და ურთიერთშეწყობის სურვილი ზნეობრივი სრულყოფილების გზაზე. მშვინვიერი სიყვარულისათვის საკმარისია გემოვნების, კულტურული მოთხოვნილებების, სოციალური პირობების, პროფესიული ინტერესების თანხვედრა. ბავშვი ახალი, მომავალი ცხოვრების საიდუმლოა, ადამიანი კი იმის ცდაშია, რომ ეს საიდუმლო და ღმრთისაგან ბოძებული გამრავლების უნარი ვნებებისა და გულისთქმების დასაჯერებელ საშუალებად აქციოს. ამ ფაქტს არ ურიგდება წმიდა ეკლესია, რადგან სწორედ აქედან იწყება პიროვნების ძლიერი ზნეობრივი დაცემა. თავად ცოლ-ქმრის ურთიერთობაც, როდესაც მეუღლეები ხელოვნურად, წინასწარვე იცავენ თავს ბავშვის გაჩენისაგან, გადაიქცევა ხოლმე უსულგულო ონანიზმად. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებით გართული ადამიანი ალბათ საქმის გაიოლების მიზნით, საკუთარ პარტნიორსაც ადვილად გაცვლის რეზინის სათამაშოში; ასე მოშლის სექსი სიყვარულს, გამოაცლის მას მისტიურ დანიშნულებას და ბავშვის გაჩენის „საშიშროების“ აცილება უკვე იმის ნიშანი იქნება, რომ ჩვენ მსახურებად ვექეცით სექსს, კერპად დავადგინეთ იგი. „ოჯახის სარეგულირებლად“ გაწეული ყველა მცდელობის შინაარსი მრუშობის წარმატებით წარმართვის სურვილია, მაგრამ თუ ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, დედები საკუთარ შვილებს, ყველას რომ ერგება, იმ საფარველს – მიწასაც არ მიაყრიან, საკანალიზაციო მილებს გაატანენ.

წმინდა ეკლესიამ თავის უზენაეს ადგილობრივ და მსოფლიო საეკლესიო კრებებზე განიხილა ეს საკითხი და ჩვილთა კვლა კაცის კვლის დანაშაულს გაუტოლა (ანკირიის კრება, კანონი 21; მეექვსე მსოფლიო კრება, კანონი 91). ხოლო ბასილი დიდის კანონში ვკითხულობთ: „წინასწარი განზრახვით მუცელში შვილის მომკვლელს კაცისკვლის სასჯელი ედება… აქ გამოიძიება და დასასჯელი იქნება არა მხოლოდ დამნაშავე დასაბადებელის მოსპობისათვის, არამედ მისი მშობელიც, რომელმაც თავის თავზე აღმართა ხელი… ამას უერთდება გახრწნა ნაყოფისა, როგორც სხვა სახე კაცის კვლისა. ვინც ამის წინასწარი განზრახვით გაკეთებას გაბედავს, მკვლელია, მაგრამ მისი სინანული არ უნდა გაგრძელდეს სიკვდილამდე, არამედ მისი შეწყნარება შეიძლება ათი წლის შემდეგ“. ბიბლიაში, დაბადების წიგნში, ერთი საყურადღებო ადგილია. აქ ლაპარაკია ონანზე, რომელიც, გარკვეული მიზნით, წინასწარ იცავდა თავს შვილის გაჩენისაგან. ამ საქციელის გამო იყო სწორედ რომ „…არ მოეწონა უფალს მისი საქციელი და ისიც მოაკვდინა“. ასეა შეფასებული წმიდა ეკლესიის კანონებში მშობლების მიერ ჩვილთა კვლის ფაქტი და რაოდენ სამწუხაროა და დასაფიქრებელიც, ეს საკითხი რომ არა და არ განიხილა და შეფასდა საერო კანონებში.

სანამ ჩვილთა კვლა არ აიკრძალება კანონით, სანამ ამ საშინელ ბოროტმოქმედებას დუმილით დაუჭერს მხარს საზოგადოება, მანამ ყველა ზნეობრივი და იურიდიული კოდექსი ძმობის, სამართლიანობისა და სიყვარულის შესახებ მხოლოდ თვალთმაქცობა და ტყუილი იქნება! და თუკი კანონი თავად ადგენს აღმაშფოთებელ უსამართლობას უმწეოთათვის სიცოცხლის წაგლეჯისას, სულ ამაოა სულის მშვიდობაზე ფიქრი, მისი ძიება. რატომ არ უნდა იყოს დაცული დედის წიაღში მყოფი ჩვილის სიცოცხლე? რატომ არ უნდა იკრძალებოდეს მისი განადგურების ყველანაირი ფორმა? ან რატომაა გასაგები და გამართლებული შვილების მკვლელი მშობლების დაუსჯელობა? რატომ არ ცხადდება მთელი ერის, კაცორიობის მტრად ყველა ექიმი, რომელიც ხელს აღმართავს აბორტის გასაკეთებლად? ჩვილთა კვლა დანაშაულია ღმერთის, ადამიანის უფლებების, ოჯახის, ბუნების, ერის, კაცობრიობის წინაშე!!! ურიგო არ იქნება, აქვე განიხსენოთ ამ ბოლო დროს ჩვენს პრესაში „გაბრწყინებული“ ერთი სიახლეთაგანი, რომელსაც პროგრესული მეცნიერების მიერ შექმნილი ტექნიკა გვთავაზობს. თანამედროვე აპარატურის წყალობით უკვე დედის წიაღშივე შესაძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენად ჯანმრთელია ბავშვი, რა სნეულება დაჰყვება მას და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი სტატიის ავტორი გულმოდგინეს ცდილობს მომავალი დედების დარწმუნებას, რჩევას აძლევს, რომ მშობლებმა საშოშივე მოკლან ჰემოფილიით დაავადებული ბავშვები, რადგან მათი მკურნალობისათვის, თურმე ნუ იტყვით და, კოლოსალური თანხა ყოფილა საჭირო. სტატიის ავტორს ბევრი შრომა დაუხარჯავს და გამოუთვლია, რომ ასეთი ბავშვის მკურნალობა დაახლოებით ისეთ ასტრონომიულ თანხას გაუტოლდება, როგორითაც იზომება ხოლმე მანძილი მიწასა და სხვა პლანეტებს შორის. ამ ფაქტით შეძრწუნებული „ჰუმანური“ ექიმის გონებამ, რომელიც, რა დასამალია და, სნეულთა განსაკურნებლად უნდა იყოს მხოლოდ ანთებული, მოგვაწოდა ერთი რაციონალური წინადადება: ლაკონურად და „გასაგებად“ განაცხადა, რომ მსგავს შემთხვევაში თურმე უსათუოდ უნდა „შეწყდეს ორსულობა“.

საოცარი ფაქტია, ექიმი მომავალ დედას ურჩევს: მოკალი შენი სნეული შვილი! განა სიცოცხლის უფლება მხოლოდ ჯანმრთელებს აქვთ, ნუთუ ქალი, უკაცრავად გამოთქმაზე და, პირუტყვია სანაშენე, რომელსაც მხოლოდ მუხლმაგარი შთამომავლობის გაჩენის უფლება აქვს?! თუკი ასეა, რატომ არ დავერევით ყველა ასაკის ჰემოფილიით დაავადებულს ან საერთოდ ყველა ასაკის სნეულს? და თუ ხსენებული სნეულების მკურნალობა ასე ვნებს საზოგადოების ჯიბეს, რომლის გაფრთხილებაც თურმე ჩვილთა სიცოცხლის ფასად გვმართებს, ნურც ჰიტლერსა და ნაცისტებს გაამტყუნებს ვინმე. ისინიც ამ მიზნით ხოცავდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მოთავსებულ სულით ავადმყოფებს, მოსულა ჰიტლერის გამართლების დრო, რაღას ვუცდით? ოღონდ ერთი ნუ დაგვავიწყდება, რომ ხშირად სნეულებით გატანჯული ხალხი საოცრად გონიერი აღმოჩნდება ხოლმე. სწორედ ეს დაავადება ხდება მიზეზი იმისა, რომ ისინი მთლიანად ახერხებენ საკუთარი ტალანტის, მონაცემების გაშლას. გაიხსენეთ ჰომეროსი, მილტონი…

მინდა ეკლესიასტეს წიგნი მოგაგონოთ: კაცობრიობის ისტორია გარკვეულად მსგავს ციკლებს გადის და მოვლენები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს და ხვალაცაა მოსალოდნელი, ერთგვარად ჰგავს იმას, რაც გუშინ, წარსულში იყო. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ის სრული მსგავსება-გამეორება ანუ მითოლოგიური აზროვნებისათვის ერთობ დამახასიათებელი ჩაკეტილი წრეები, სადაც მომავალი სრულიად დაკარგულია, რადგან იგი გაგებულია, როგორც დაბრუნება წარსულთან. სხვა რამის თქმა გვსურს: ის ელემენტები დღევანდელისა და ხვალინდელსაც რომ ახლავს, შესაძლოა წარსულშიც იყო, იქნებ სხვანაირი კომბინაციით, მაგრამ იყო მაინც. აკი უფალი სახარებაში ბრძანებს, რომ კაცობრიობის სულიერი ყოფა წარღვნამდე და ამ სოფლის დასასრულს ერთმანეთს ემგვანებაო. კაცობრიობის ისტორიის ალიონზე საშინელი რამ მოხდა: კაენმა თავისი ძმა, აბელი მოჰკლა.

ამქვეყნის აღსასრულის ჟამს კი ყოველგვარ ზღვარს გადაცდება უღმერთოება, ძმათაკვლა, გამეფდება ულმობელობა, სისასტიკე და სიცრუე, სინანული არავის მოაგონდება.

ქრისტეს შობამ კაცობრიობის ისტორიაში, ახალი ერა მოიტანა თან. სახარებისეულ მოვლენებში რომ, როგორც გენეტიკურ კოდში, ისეა ჩადებული სულიერი მომავალი კაცობრიობისა, ეს ცნობილია. ახლა ისიც მოიგონეთ, თუ ვინ აირჩია მცხოვარმა პირველმოწამეებად? 14000 ყრმა ბეთლემიდან – ნუთუ არაა ეს ნიშანდობლივი! რამ ააცახცახა, თუ გახსოვთ, ჰეროდე, რომმა, თავისი რკინის ქუსლით იერუსალიმს გასრესას რომ უქადდა, თუ არაბებმა, ქარიშხალივით რომ შემოიჭრნენ მათ მიწაზე? არა, სისხლისმსმელი ტირანი ბავშვების გახსენებაზე ილეოდა შიშით, ამიტომ იყო, ჯარი შეუსია ბეთლემს. და ის მეომრები, რომლებმაც კერია, საძვალე და საკუთარი მიწა-წყალი არ უნდა მისცენ მტერს საჯიჯგნად, ჯალათებად, მკვლელებად იქცნენ. თავიანთი ტირანის ბრძანებით მახვილი სამშობლოს შიგ გულში უნდა სცენ: ყველა ყრმა უნდა ამოწყვიტონ ბეთლემსა და მის გარშემო. ჩვილთა კვლისას განსაკუთრებული ულმობელობით გამოირჩეოდნენ მეომრები, იოტისოდენი შებრალებაც კი უსათუოდ მისწვდებოდა ჰეროდეს ყურს, რომელსაც, ყველა ტირანის მსგავსად, უდიდეს დანაშაულად მიაჩნდა სიბრალული, მოწყალება. ნუთუ არ ჰგავს ბეთლემში მოწყვეტილი ყრმების ისტორია დღევანდელ დღეს, რასაკვირველია, რამდენადმე, რადგან ის, რაც ჩვენს თვალწინ, ჩვეულებრივი დანაშაულებრივი დუმილისა და აუღელვებლობის ფონზე ხდება, ცხადია, გაცილებით დიდი დანაშაულია, მეტი საშინელებაა. ბეთლემში დედები მკერდს უხვედრებდნენ მახვილს, სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ ჩვილების გადარჩენას. დღეს კი ამაზრზენი ზრდილობიანობისა და ფამილარობის ატმოსფეროში მიმდინარეობს თათბირი მშობლებსა და მათი შვილის მკვლელს შორის. დედ-მამა მზადაა ნებისმიერი თანხა გაიღოს, ოღონდ აიცილოს „საფრთხე“ და აღარ შვას „გაუთვალისწინებელი“ შვილი… ასეთი საშინელი სახეცვლილებით მეორდება დღეს კაცობრიობის ისტორიაში ჩვილთა ხოცვის „სიუჟეტი“.

ხომ ბევრი ეკლესია გაიხსნა ამ ბოლო დროს, ახლებიც შენდება, ძველებიც განახლდა, იმატა მრევლმა. და მიუხედავად ამისა, აბოტრების სტატისტიკური მრუდი არ ეცემა. პარადოქსია? იქნებ მოქმედი ეკლესიების რიცხვი და მრევლის რაოდენობა მხოლოდ მშრალი მონაცემები, გარეგნული ორიენტირია და არსებითზე და მანუგეშებელზე არ მეტყველებს. დაიხიეს ბნელეთის ძალებმა, აღარ ებრძვიან ქრისტიანობას? იქნებ დაიხიეს კიდეც, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სტრატეგიულად მომგებიან პოზიციებზე გამაგრდნენ.

ეკლესია ის გარემოა, სადაც კაცმა ღმერთთან კავშირი უნდა ეძებოს და იპოვოს. და როცა ეკლესიას ეცლება ეს შინაარსი, უთვალავიც რომ იყოს მათი რიცხვი – საფლავის ქვებისაგან თითოეულ მათგანს არაფერი განასხვავებს. კი, იხსნება ეკლესიები, მაგრამ უფრო მეტი ინტენსიურობითა და ენერგიულობით იბეჭდება სექსუალური ლიტერატურა, სამარცხვინო პორნოგრაფიული ჟურნალ-გაზეთები, ვრცელდება უხამსი კინო და ვიდეოფილმები, ნაირნაირი სულიერი შხამით იწამლება მომავალი თაობები: ბავშვები იმ მოხუცებს გვანან, გახრწნილების ყველა სახე რომ იგემეს, მოხუცები კი ყმაწვილებად იქცნენ, დაავიწყეს ასაკი.

ადამიანების ცინიზმისა და უზნეობის ისეთ ატმოსფეროში ცხოვრობენ, სადაც უბიწობა ატავიზმადაა გამოცხადებული. უხამსობა ზეიმობს მაღაზიების ვიტრინებსა და რეკლამებში, ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებზე. უზნეობისა და სექსის შხამით დაგესლილი ადამიანი ცოცხალ-მკვდარი მოდის ეკლესიაში. ვერაგია უხამსობის მიკრობი, წლების სინანული და ბრძოლაა საჭირო, რომ თავი დააღწიოს მას, შეძლოს ღმერთთან მისვლა. უზნეობის, ცინიზმისა და ნატიფი უხამსობის ჭაობში მოქცეული ადამიანების სულ მცირე ნაწილს თუ ეგულება ეკლესია სულის მოსათქმელ, სამკურნალო ალაგად.

სატანა შემთხვევით როდი ხრწნიდა კაცის შინაგან ტაძარს, იცოდა თავისი საქმე, ადამიანისთვის მთავარი – სინანული – უნდა წაერთმია.

ჩვენი სულიერი ყოფა სულ უფრო და უფრო ემსგავსება კაცობრიობის სულიერ მდგომარეობას წარღვნამდე. ვინ იცის, იქნებ ის, რაც ჩვენს თავს ხდება, არაა შემთხვევითი, იქნებ ესაა კაენის სულის, უკიდურესი ულმობლობის, ამა სოფლის დასასრულის მოახლოების ნიშანი. ვინ იცის?!…

არქიმანდრიტი რაფაელის წერილების მიხედვით

ქ. თესალონიკე, 1995 წ.

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial