“ნარკომანია ყოველგვარი ბოროტების საწინდარია” – მეუფე შიო (მუჯირი)

“ნარკომანია ყოველგვარი ბოროტების საწინდარია” – მეუფე შიო (მუჯირი)

“მეტად მწვავე და აქტუალურია თემა, რომლისთვისაც დღეს ჩვენ შევიკრიბეთ. არ დარჩენილა საზოგადოების არცერთი ფენა, რომელსაც ბოლო პერიოდში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული მოვლენები არ აღელვებდეს. მოგეხსენებათ, ნარკომანია მემთვრალეობის უმძიმესი ფორმაა, რომლის თაობაზეც ეკლესიის წმინდა მამებს არაერთი გამონათქვამი აქვთ დატოვებული. მაგალითად, წმინდა ბასილი დიდი და წმინდა იოანე ოქროპირი წერდა, რომ თრობის ნება ადამიანს სულიწმინდას განაშორებს და ყოველგვარი ბოროტების საწინდარია და რომ არავინ ისე არ აღასრულებს ეშმაკის ნებას, როგორც მემთვრალე. კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესაც არაერთხელ უთქვამს, რომ „კაცი, რომელიც კარგავს სულიწმინდის მადლს, კარგავს ყველაფერს ამ ქვეყანაზეც და მარადიულ ცხოვრებაშიც“. ნარკოტიკული თრობის ილუზიებში გაქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სულიერი სიცარიელე და ცხოვრების აზრის დაკარგვა. დღეს ნარკომანია აღარ არის მხოლოდ ცალკეულ პირთა სნეულების გამოვლინება, არამედ მთელი საზოგადოების პრობლემად იქცა. სამწუხაროდ, ამ მხრივ დამაჯერებელი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სპეციალისტების აზრით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ნარკომომხმარებელთა რაოდენობით. შესაბამისად, მდგომარეობა ძალიან რთულია. ამ მძიმე ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა ყველა რისკის გათვლა და სპეციალისტების აზრის მაქსიმალურად გათვალისწინება.

კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ხალხს უნდა ემსახურებოდეს”, – განაცხადა საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში, ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

წყარო: new.ipn.ge