მიმართვა საქართველოს მოსახლეობას, კომპანიებსა და ორგანიზაციებს

მიმართვა საქართველოს მოსახლეობას, კომპანიებსა და ორგანიზაციებს

საქართველოს საზოგადოება მომსწრეა იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს ეკლესიისა და მორწმუნე ერის წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი კამპანია, რომელიც ამ ბოლო დროს კიდევ უფრო გაძლიერდა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო იძულებული გახდა, გაეკეთებინა განცხადება, რომელშიც, კერძოდ, აღნიშნულია: “…მაცხოვრისა და ღვთისმშობლის კვართის მცველ და ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში საჯაროდ შეურაცხყვეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ყოვლადწმიდა მარიამი, ამასთან ვრცელდება ცილისმწამებლური განცხადებები…”.

ამ კამპანიაში ყველაზე მეტად აქტიურობს ტელეკომპანია რუსთავი 2. საპატრიარქო მიმართავს საზოგადოებას: პირველ რიგში მივმართავთ ჩვენს სამღვდელოებას, შეწყვიტონ ურთიერთობა რუსთავი 2–თანსასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ეკლესია და ჩვენი ფასეულობები“. ვფიქრობთ, ა.წ. 17 მაისს მკაფიოდ გამოჩნდა ის, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისათვის ფასეულია სწორედ ტრადიციული, ეროვნული და ზნეობრივი ფასეულობები.

სამწუხაროა, რომ ხელისუფლება უუნაროა, აღკვეთოს ქვეყანაში დესტრუქციული, ცილისმწამებლური, შფოთის შემომტანი, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და  ეკლესიასა და მორწმუნე ერზე თავდასხმები, რომელსაც ახორციელებენ სხვადასხვა მედია საშუალებები და გარედან მართული ორგანიზაციები. ამიტომ, ვფიქრობთ, აუცილებელია ამოქმედდეს საზოგადოებრივი გაკიცხვის მექანიზმი.

ამასთან დაკავშირებით მოგმართავთ თხოვნით, რომ შეწყვიტოთ ურთიერთობა და თანამშრომლობა რუსთავი 2–თან, არ განათავსოთ მის ეთერში თქვენი სარეკლამო რგოლები, რათა თანამონაწილე არ გახდეთ მისი ღმრთისმგმობელობისა.

ასევე, მივმართავთ საზოგადოებრიობას: ბოიკოტი გამოუცხადოს იმ კომპანიებს, რომლებიც, მიუხედავად ეკლესიის მოწოდებისა, მაინც გააგრძელებენ სარეკლამო თუ სხვა სახის თანამშრომლობას რუსთავი 2–თან. ამ გზით ჩვენ შევძლებთ დავიცვათ ჩვენი ეკლესია ცილისწამებისაგან, ქვეყანა შფოთისა და პროვოკაციებისაგან, ჩვენი სიწმინდეები – შეურაცხყოფისაგან, ჩვენი მომავალი თაობა უზნეობისა  და გადაგვარებისაგან.

ღმერთი შეგეწიოთ და დაგიფაროთ თქვენ და თქვენი ოჯახები.

Untitled

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial