კაცობრიობა ომში ჩაება საკუთარი შთამომავლობის წინააღმეგ

კაცობრიობა ომში ჩაება საკუთარი შთამომავლობის წინააღმეგ

კაცობრიობა ომში ჩაება საკუთარი შთამომავლობის წინააღმეგ, დაუნდობლად კლავს თავის შვილებს. ამ მკვლელობას სამედიცინო ენაზე აბორტი ეწოდება.

ბიბლიური ისტორია მოგვითხრობს: ეგვიპტეში მყოფი ებრაელი ერის გამრავლება ეგვიპტელთათვის საშიში გახდა. ამიტომ ფარაონმა ყველა ახალშობილი ებრაელის ვაჟის ნილოსში ჩაგდება ბრძანა.

მდინარე აივსო ახალშობილთა უმწეო გვამებით, ნილოსის ნიანგებმა კუჭები ამოიყორეს თოთო ხორცით. ცას მისწვდა ებრაელი დედების გოდება.

დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, ნილოსში აღარ ყრიან ებრაელთა პირმშოებს, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წყალს კვლავაც მიაქვს ჩვილების ნაფლეთები. თითქოს ფარაონის აჩრდილი გაცოცხლებულა, აჩრდილი კი არა, აჩრდილთა ლეგიონი და ქვეყნიერების ყოველ კუთხეში მცხოვრებთათვის საკუთარი შვილების მსხვერპლად შეწირვა უბრძანებია. თუმცა არა, ამას თვით ფარაონიც ვერ მოიფიქრებდა, მან სხვა ერის შვილების, თან მარტო ვაჟების დახოცვა ბრძანა, ახლა კი საკუთარ შვილებს ხოცავენ სქესის განურჩევლად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, საკუთარი ნებით, ისე, რომ დაბადებასაც არ აცლიან. ნიანგის კბილების მაგივრობას დღეს ექიმ-გინეკოლოგის მაკრატელი ასრულებს, მუცელში მოწყვეტილთა ნარჩენებს კი მდინარის ნაცვლად კანალიზაციის ბინძურ წყალს ატანენ. ეს სატანისადმი გაუცნობიერებელი მსხვერპლშეწირვაა.

საქართველოც მოსწრებია ტრაგიკულ სურათს – მუსლიმი დამპყრობლის მიერ ჩვილებით მოფენილი კალოს გალეწვას. ფსკერწამახული კევრი ქართველი ბავშვების ხორცს ძვლებს ისე აცლიდა, როგორც თავთავის მარცვალს აცალკევებენ ბზისგან. ამ სანახაობით სულშეძრული დაღუპული ჩვილების დიდები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი შთამომავლები თავად მოუწყობდნენ თავიანთ დაუბადებელ შვილებს სისხლიან კალოს.

ეს ცოდვა უმძიმეს ტვირთად აწვება ადამიანს, ოჯახს, მთელ ერს. ამ და სხვა ცოდვების გამოა, ზოგჯერ გაუსაძლისი რომ ხდება ჩვენი ყოფა. თუ არ შევაჩერებთ ყრმათა კვლას, უფალი არ შეაჩერებს იმ განსაცდელებს, ჩვენს ერს რომ განუწყვეტლივ ატყდება თავს. ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება. არ შეიძლება, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, ღვთის წყალობის იმედი ჰქონდეს, თუკი თავისი შვილების ხოცვას არ შეწყვეტს.

ვისაც ეს ცოდვა ჩაუდენია – მხურვალედ მოინანიოს, ვინც აპირებს – შეჩერდეს, თითოეულმა კი ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ხმა აბორტის დამღუპველობის შესახებ ყველას მივაწვდინოთ.

საპატრიარქოს პრესცენტრი

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial