“საკუთარ შვილთა მკვლელი მშობლები მთელი კაცობრიობის მტრები არაიან” – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

“საკუთარ შვილთა მკვლელი მშობლები მთელი კაცობრიობის მტრები არაიან” – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

გარყვნილება, ოჯახების დანგრევა და აბორტების რაოდენობის ზრდა ურთიერთდაკავშირებული პროცესებია. ამ უკანასკნელ წლებში მრავალი ეკლესია ამოქმედდა, მიმდინარეობს ძველი ტაძრების აღდგენითი სამუშაოები, შენდება ახლები, მრევლი ეკლესიებში სულ ურო იზრდება. მაგრამ ამავე დროს, აბორტების სტატისტიკის მაჩვენებელი არ კლებულობს. რით აიხსნება ამგვარი პარადოქსი? საერთოდ, მოქმედი ეკლესიები და წირვა-ლოცვაზე დამსწრე მორწმუნეთა რაოდენობა გარეგნულად განსაზღვრავს ერის სულიერებას, ეს, თუ შეიძლება ითქვას, მისი სულიერების მატერიალური ორიენტირია. მაშ რა ხდება? ბოროტების შავბნელი სამყარო ქრისტიანობასთან ბრძოლაში უკან არ იხევს და თუ დაიხევს, მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა სტრატეგიული პოზიციები დაიკავოს. ეკლესია ის სულიერი გარემოა, სადაც ადამიანის სული ღმერთს მიეახლება. თვინიერ ამისა ტაძრები, ძალიან ბევრიც რომ გვქონდეს ისინი, წარსული სულიერების სასაფლაოზე აღმართულ ძეგლებად დარჩება. ტაძრები იკურთხება, მაგრამ ამავე დროს, გაცილებით ინტენსიურად იხსნება დაკანონებული ან შენიღბული საროსკიპოები, ღამის კლუბები, ვიდეოთეკები და ა.შ. რელიგიურ ლიტერატურას გამოსცემენ, მაგრამ ამასთანავე, გაცილებით ფართო მასშტაბით გამოდის რაც შეიძლება აშკარად გამოხატული, ბილწი, აღვირახსნილი პორნოგრაფიული ლიტერატურა, კინოფილმები, ვიდეოფილმები და სხვა სულიერი საწამლავი, რომელიც ნარკოტიკზე მეტად წამლავს თანამედროვე საზოგადოებას: ბავშვებს იმ ცხოვრება ნანახ მოხუცებად აქცევს, უკვე ყველანაირი გარყვნილება რომ გამოუცდიათ, ხოლო მხცოვანებს ასაკს ავიწყებს და ბიწიერ, უწესო ჭაბუკებს ამსგავსებს.

ხალხი ცინიზმისა და გარყვნილების გარემოში ცხოვრობს. მათი თავხედობა იქამდე მიდის, რომ ისინი უმანკოებისა და სირცხვილის განცდას სიბნელედ, ძველ გადმონაშთად, ანუ ავატიზმად აცხადებენ. გახრწნილება გვიმზერს მაღაზიების ვიტრინებიდან. სექსითა და გარყვნილებით სნეული ადამიანები უგრძნობი გვამებივით დგანან ტაძრებში. გარყვნილების მიკრობი ყველაზე საშიში ბაქტერიაა. მხოლოდ ხანგრძლივი მონანიებითა და წლების მანძილზე დაუღალავი ბრძოლით არის შესაძლებელი სიბილწის ბაქტერიის მოსპობა და ღმერთთან მიახლება, მისი თანაზიარება. სწორედ ამიტომ აღვირახსნილობის ამ მორევში, დამახინჯებულ გრძნობიერებაში, ველური, მაგრამ დახვეწილი გარყვნილების ზეობისას ეკლესია მხოლოდ მცირედთათვის რჩება საკურნებელ საავადმყოფოდ, ხოლო უმრავლესობისთვის მორგად იქცევა, სადაც სინანულისა და ვნებებთან ბრძოლის გარეშე ადამიანები ხრწნად გვამებს ემსგავსებიან. სატანამ იცის, რასა იქმს! ადამიანის გულის შინაგანი ტაძრის გამხრწნელს და სინანულის განცდის ჩამხშობს უკვე აღარ ეშინია იმ ტაძრებისა, რომელთა წინაშეც ჯერ კიდევ გუშინ თრთოდა და კანკალებდა. ჩვენ იმ ადამიანებს ვგავართ, ვისთვისაც საავადმყოფოებს აშენებენ, მაგრამ იმავდროულად გვერდით რამდენიმე ათეულ ატომურ რეაქტორს უდგამენ, რომლებიც მომაკვდინებელ ენერგიას ასხივებენ. ჯერ რადიაციის დოზა მიიღე, მერე წადი და იმკურნალე! გარყვნილებით შებილწული სული, როგორც წესი, უკვე უძლური ხდება თვითგანმტკიცების, მძიმე შრომისა და ვნებებთან დაუღალავი ბრძოლისათვის. ასე იქმნება ჩაკეტილი წრე!

ყოველი ცოდვა განვითარების რამდენიმე ფაზას გადის. ვიდრე ქალი საკუთარი შვილის მკვლელობას განახორციელებს, შინაგანად მთელ რიგ ცოდვებს სჩადის, რომლებიც ჯაჭვის რგოლებივით ებმიან ერთიმეორეს. დედამ რომ შვილი მოკლას, უპირველეს ყოვლისა, მისადმი სიყვარული უნდა ჩაიხშოს გულში. ეს უკვე განდგომაა ქრისტესგან, რომელიც თავად არის სიყვარული და რომელმაც თქვა: “აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა” (მათ. 19, 14).

ამასთანავე, ქალმა უნდა მოისპოს მასში ბუნებრივად არსებული დედობრივი ინსტიქტი და ამით ნადირზე უარესი გახდეს, რადგან დედობრივი ინსტიქტი ცხოველებშიც კი იმდენად ძლიერია, რომ ისინი სიცოცხლეს სწირავენ ნაშიერთა გადარჩენისთვის. შემდეგ, დედამ შინაგანად უნდა გაიუცხოვოს საკუთარი შვილი, უყუროს მას არა როგორც საკუთარ სისხლსა და ხორცს, არამედ როგორც ორგანიზმში არსებულ უცხო სხეულს, სიმსივნეს ან კისტას, რომელიც უნდა ამოიკვეთოს. მან უნდა უარყოს საუკუნო ცხოვრების მნიშვნელობა, მან ბავშვს ცხონების უფლება უნდა წაართვას, რადგან იგი ნათლისღებისა და ეკლესიის თანაზიარების გარეშე უნდა დატოვოს. ის უარყოფს ღვთის უფლებას ამ ბავშვზე და თვლის, რომ შეუძლია მოეპყროს მას, როგორც ნივთს. ამავე დროს ის ღვთის განგებას უარყოფს – ფიქრობს, რომ ვერ გაზრდის ამ ბავშვს. იგი უარმყოფელია ძველ და ახალ აღთქმათა, რომელნიც ხმობენ: “არა კაც-ჰკლა”.

ქალი, უპირისპირებს რა ბავშვის სიცოცხლეს პირად კეთილდღეობას, უარს ამბობს საკუთარ ჯვარზე, უფრო მეტიც, ბავშვის მკვლელობით ის ფეხქვეშ თელავს თავის ჯვარს. დედა, რომელიც შვილს კლავს, სინდისის ხმას ახშობს თავის თავში და საკუთარი ზნეობის მკვლელი ხდება. ბავშვის მკვლელობა ცხადყოფს, რომ ასეთი დედა უმაღლეს ფასეულობად თავის თავს მიიჩნევს. ე.ი. მკვლელობის აქტი კონცენტრირებული და რაფინირებული ეგოიზმისა და ეგოცენტრიზმის პირდაპირი გამოვლინებაა.

თავისი ჩვილის მოკვლით იგი დემონთან ერთსულოვანი ხდება, სატანასთან, რომელზეც მაცხოვარმა თქვა: “იგი კაცის მკვლელი იყო დასაბამითგან” (იოან. 8, 44).

ბავშვის ფიზიკურად მოკვლამდე დედა მას ჯერ თავის გულსა და ფიქრებში კლავს და შვილი, რომელიც ორგანულ კავშირშია მასთან, ინსტიქტურად გრძნობს ამას. ის შფოთვას იწყებს. ჯერ კიდევ ფიზიკურ წამებამდე და მკვლელობამდე ბავშვი წინასწარ გრძნობს მთელ ამ საშინელებას.

საკუთარ შვილთა მკვლელი მშობლები მთელი კაცობრიობის მტრები არაიან, რადგან მთელი საკაცობრიო ოჯახის კუთვნილ არსებებს ანადგურებენ; ისინი დამნაშავენი არიან კაცობრიობის მომავლის წინაშეც, რადგან მშობელთა ზნეობრივი დანაშაული ნერვულ დაავადებებსა და შთამომავლობით სიგონჯეში ტრანსფორმირდება. ისინი კაცობრიობის მტრები არიან იმიტომაც, რომ თავიანთი დანაშაულით ზრდიან და აძლიერებენ დემონური დამანგრეველი ძალების არეს, შავბნელი ღრუბელივით რომ ჩამოსწოლია დედამიწას. უდანაშაულოთა სისხლი ზეცამდე აღწევს და ღმერთს შეჰღაღადებს, ჩვილთა ამ ჰეტაკომბას კაცობრიობის სხვა ცოდვებიც ერწყმის და რისხვად გვატყდება მიწისძვრებისა და კატაკლიზმების, ატომური ომის, საყოველთაო შიმშილის, უკურნებელი სენებისა და უბედურებების სახით.

სოლომონის იგავთა წიგნში წერია: “წარსაწყმედელსა შინა უღმერთოი იგი მოიტაცების” (იგავ. 10, 24). ვინც ცდილობს, უდანაშაულო ჩვილების სისხლით იყიდოს ილუზორული ბედნიერება და სიამტკბილობის უფლება (რომელსაც არაფრის გამო არ დათმობს), ის მსოფლიო ტრაგედიას აჩქარებს, იმ დროს აახლოებს, როცა მსხვერპლთა სისხლით გაჟღენთილი დედამიწა ხანძართა ალში, შიმშილსა და ომის ქარცეცხლში ტანჯვისაგან საძაგლად მოოხრდება.

არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი
(წიგნიდან “სულის უდაბნო”)

ფოტოს ავტორი: სოსო ლიპარტია