22 თებერვალი (09.02 ძვ.სტ.) – ნაწილთა აღმოყვანება ღირსისა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელისა (2014)

22 თებერვალი (09.02 ძვ.სტ.) – ნაწილთა აღმოყვანება ღირსისა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელისა (2014)

12742115_1017095511646342_7819103058240735166_n

2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შეირაცხა, ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსის სახელით. მისი ხსენების დღედ დაწესდა ახ. სტ. 2 ნოემბერი.

2014 წლის 22 თებერვალს გაიხსნა ღირსი მამა გაბრიელის საფლავი. წმინდა ნაწილები სამთავროს წმიდა ნინოს სახ. დედათა მონასტრის ფერისცვალების სახ. ტაძარში გადაასვენეს, სადაც მღვდელმთავრებმა და სხვა სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ამის შემდეგ, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამთავროს ფერისცვალების სახ. ტაძრიდან სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მეორე დღეს, 23 თებერვალს, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის დანიელის უპირატესობით, წირვა აღასრულეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მღვდელმთავრებმა.

2014 წლის 24 თებერვალს, ღირსი მამა გაბრიელის წმიდა ნაწილები სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრიდან თბილისში, ყოვლადწმიდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მას შეეგება უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე. მრევლს საშუალება ჰქონდა მოელოცა წმინდა ნაწილები. ყოვლადწმიდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძარში, ღირსი მამა გაბრიელის წმიდა ნაწილებთან, მომლოცველთა ნაკადი არ წყდებოდა და იმ დღეებში, ასი ათასობით ადამიანი მიეახლა სიწმიდეს.

2014 წლის 1 აპრილიდან, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები დაბრძანებულია მცხეთაში, სამთავროს წმიდა ნინოს სახ. დედათა მონასტრის ფერისცვალების სახ. ტაძარში.

2015 წლის 29 ნოემბერს, სამთავროს წმიდა ნინოს სახ. დედა მონასტრის ფერისცვალების სახ. ტაძარში, წირვა აღასრულა უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ, წმიდა სინოდის წევრ მღვდელმთავართა თანამსახურებით, რა დროსაც, ღირსი მამა გაბრიელის წმიდა ნაწილები ჩაბრძანებულ იქნა ტაძრის ჩრდილოეთ კედელთან სპეციალურად მოწყობილ ქვის ლუსკუმაში.

წყარო: საეკლესიო კალენდარი

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial