ღია წერილი ტელეკომპანია “იმედს”

ღია წერილი ტელეკომპანია “იმედს”

თქვენი ტელევიზიით ა.წ. 4 თებერვალს გადაცემაში “იმედის კვირა” 21 საათზე “მარიხუანა სამედიცინო მიზნებისთვის” გადაცემის ავტორებმა ქეთი ბრაჭულმა და ჯაბა ორველაშვილმა საზოგადოებას არასწორი, მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს იმასთან დაკავშირებით, თითქოს “გაერთიანებული ერების მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მარიხუანა საშიში არაა და მეტიც სასარგებლოა. მას ნეგატიური შედეგები არ მოაქვს და არ იწვევს დამოკიდებულებას”.

ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია მარიხუანასადმი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებთან დაკავშირებით და აღმოჩნდა, რომ ეს ორგანიზაცია სრულიად საპირისპიროს ამბობს და აქვეყნებს კიდეც თავის საიტზე (იხილეთ: http://www.who.int/substance_abuse/facts/cannabis/en/).

კერძოდ, გამოქვეყნებულ დასკვნებში წერია, რომ მრავალწლიანმა კვლევებმა დაადასტურეს და ცხადყვეს, რომ კანაფის მოხმარებას მოსდევს მწვავე და მავნე ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე:

  • ის აუარესებს ადამიანის კოგნიტურ განვითარებასა და კოგნიტურ ფუნქციონირებას, ასოციატიური პროცესებისა და ინფორმაციული მასივის ანალიზის, ყურადღების ორგანიზების მექანიზმებისა და მეხსიერების ჩათვლით;
  • აქვეითებს ფსიქომოტორულ ქმედითუნარიანობას, მათ შორის მოძრაობის კოორდინაციას, იწვევს ყურადღების გაფანტვას, აქვეითებს მრავალი ტიპის ოპერატიული ამოცანის დაძლევისა და გადაწეყვეტის უნარს, ზრდის საგზაო, ავარიული შემთხვევების რისკ–ფაქტორს;
  • კანაფის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს შიზოფრენია;
  • კანაფის მოხმარება იწვევს სასუნთქი გზების დაზიანებას, ტრაქეისა და ძირითადი ბრონქების ეპიტეტიკურ ტრავმას, ქრონიკულ ბრონქიტს, ფილტვების ანთებას, ინფექციის წინააღმდეგ ფილტვების დაცვითი უნარის დაქვეითებას;
  • ორსულობის დროს კანაფის მოხმარება იწვევს ნაყოფის განვითარების დარღვევას, სიმსივნის იშვიათი ფორმების წარმოქმნას;
  • აღნიშნულია, რომ კანაფის მოხმარება იწვევს ნარკოტიკული დამოკიდებულების სინდრომს, ხოლო ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ კანაფის ხმარების შეწყვეტაც კი ვერ უზრუნველყოფს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას;
  • საინტერესოა WHO–ს ინფორმაცია იმასთნ დაკავშირებით, რომ განვითარებად ქვეყნებში (მათ შორის, რა თქმა უნდა საქართველოშიც–ავტ.) კანაფის მოხმარების ბიოლოგიური ეფექტი ვერ იქნება არსებითად განსხვავებული იმისაგან, რასაც ვაკვირდებით განვითარებულ ქვეყნებში. მეტიც, მგდომარეობა კიდევ უფრო უარესი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყნებში გაცილებით დაბალია სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის დონე.

კანაფის გამოყენებასთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაზეც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საუბრობს, ესაა კანაფის თერაპევტული (და არა თავისუფალი) გამოყენება ისეთი მძიმე დაავადებების დროს, როგორიცაა სიმსივნე, შიდსი, ასთმა და გლავკომა, და ისიც ხდება სათანადო სამედიცინო გამოკვლევის, დასკვნისა და რეცეპტების საფუძველზე. ამასთან, ორგანიზაცია დასძენს, რომ დამატებითი კვლევებია ჩასატარებელი THC–ს (ტეტრაჰიდროკარბონისის) ბაზური ნეიროფარმაკოლოგიის მიმართულებით.

თქვენი ტელევიზიით გასული ზემოთ ხსენებული გადაცემა კი მსმენელს არწმუნებს, რომ მარიხუანას მოხმარება არამც თუ უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ სასარგებლოცაა. ეს წარმოადგენს პირდაპირ მოწოდებასა და მარიხუანას მოხმარების სტიმულირებას, მიმართულს ადამინთა ჯანმრთელობის საზიანოდ.

მოგიწოდებთ, რათა უარყოთ ხსენებული გადაცემის მიერ საზოგადოებისათვის მიწოდებული მცდარი ინფორმაცია, გააფრთხილოთ მოქალაქეები იმ საშიშროების შესახებ, რაზეც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საუბრობს მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, ბოდიში მოუხადოთ მოქალაქეებს იმ შესაძლო ნაგატიურ შედეგებთან დაკავშირებით, რასაც ხსენებულ გადაცამას შეიძლება მოყოლოდა.

თუკი თქვენი ტელევიზია ამას არ გააკეთებს, მაშინ ჩვენ სრული საფუძველი გვექნება ვიფიქროთ, რომ თქვენს ტელევიზიას შეგნებულად შეყავს საზოგადოებრიობა შეცდომაში და გეგმაზომიერად იღვწის მოქალაქეთა ჯანმრთელობის ხელყოფისათვის, გენოფონდის რღვევისა და დემოგრაფიული ვითარების გაუარესებისათვის.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი