არა ნარკოტიკებს!

არა ნარკოტიკებს!

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ა.წ. 30 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც უქმდება სსს კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისათვის. პრეცედენტული სამართლის ლოგიკიდან გამომდინარე, ეს, ფაქტობრივად, არის მარიხუანის მოხმარების დეფაქტო ლეგალიზება, რაც დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს საქართველოსთვის, მისი მოსახლეობისთვის, რადგან:

1. მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება გამოიწვევს მის კიდევ უფრო გავრცელებას, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. მარიხუანას ადგილობრივი წარმოება ფართო მასშტაბს მიიღებს და პროცესი უმართავი გახდება.

2. გამოკვლევები ცხადად აჩვენებენ, რომ მარიხუანას მოხმარება იწვევს ადამიანის დეგრადაციას, მასში ფსიქიურ აშლილობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ის აფერხებს გონებრივ განვითარებას, ცვლის ტვინის სტრუქტურასა და ფუნქციას. ის განსაკუთრებით საშიშია ადამიანის სულისთვის: ნარკოტიკულ თრობას თან სდევს ჰალუცინაციები, რაც სხვა არაფერია, თუ არა ბოროტ სულებთან ურთიერთობა.

3. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, მარიხუანას მოხმარება ზრდის კრიმინოგენულ ვითარებას საზოგადოებაში.

ა. საქართველოში მსჯავრდებულთა 75%-მა დანაშაული ჩაიდინა მარიხუანის თრობის ფონზე;

ბ. ის ზრდის ნარკოტიკული საშუალებების მიმართ მიდრეკილებას;

გ. ზრის საავტომობილო ავარიების რიცხვს და ა.შ.

სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს როგორც ცალკეული ადამიანების, ისე მთელი საზოგადოების ჯანმრთელობაზე. სსს კოდექსის ზემოთ დასახელებული მუხლი სწორედ ამ ზრუნვის გამოხატულებაა და მისი მიზანია მოსახლეობის ნარკოტიკული საშუალებებისადმი დამოკიდებულების პრევენცია. ასეთი ნორმის არარსებობის შემთხვევაში სერიოზული საფრთხე შეექმნება ადამიანთა და მთელი საზოგადოების კეთილდღეობას, მის სულიერებას.

IMG_8940

zneoba.ge-ს რედაქცია