უნდობლობის საზღაური – როგორ ვკარგავდით სამცხეს

უნდობლობის საზღაური – როგორ ვკარგავდით სამცხეს

25139273_1145959615507783_663038549_o

სარგის I ჯაყელი. საფარას მონასტერი. ფრესკა. XIII-XIV ს.ს.

ილხანთა ყაენმა – ჰულაგუმ, მეფე დავით VII (ულუ) ეგვიპტეში სალაშქროდ გაიწვია, თუმცა მოულოდნელად ქართველთა მეფემ ყაენს უარით უპასუხა. ჰულაგუ, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი გახლდათ და თავისი წარმომავლობით გაზვიადებულს მისადმი დაუმორჩილებლობა უპატიებელ დანაშაულად მიაჩნდა. მონღოლი მმართველები ასეთ შემთხვევებში ბევრი ფიქრით თავს არ იწუხებდნენ და მოღალატედ მიჩნეულ პირებს თავის დედაწულიან-მოკავშირეებიანად ამოწყვეტდნენ ხოლმე. არა თუ უცხოტომელები, არამედ თვით მონღოლი ვეზირების უდიდესი ნაწილი ბუნებრივი წესით იშვიათად თუ კვდებოდა, ყაენის მცირე დაეჭვება ან უკმაყოფილება საკმარისი იყო სასიკვდილო განაჩენის გამოსატანად. ჰულაგუ წერილობით კი შეპირდა მეფეს  – მეწვიე ურდოში და შენ არას გავნებ, მხოლოდ აჯანყების მოთავე სარგის ჯაყელს დავსჯიო – მაგრამ ვინ დაარწმუნებდა ათას ღალატგამოვლილ დავით ულუს, რომ ყაენი თავის სიტყვას არ გადავიდოდა? იგი, ხომ ლაშა-გიორგის გარდაცვალების მერე, ალალმა მამიდამ – რუსუდანმაც კი არ დაინდო და სრულიად ახალგაზრდა ჭაბუკი ტყვეობაში სიკვდილისთვის გაწირა. დაობლებულ უფლისწულს არასდროს შეპარვია ეჭვი, რომ სასიკვდილო საფრთხისგან მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემწეობამ იხსნა. დავითისთვის ურდოში გამგზავრება მეტად სამძიმო გახლდათ, რაგან იქ მისი მეუღლის, მონღოლების მიერ მხეცურად მოკვდინებული გვანცა დედოფლის ჯალათების წინაშე მოუწევდა მორჩილებით წარდგომა, მაგრამ მეფეს მაინც არ უყოყმანია, რადგან უწყოდა, რომ ჰულაგუ კიდევ ერთ უპატივცემულობის გამოხატვას, მის ოჯახსა და ხალხს ძალიან ძვირად დაუსვამდა. ულუ, ურდოში სარგისის წაყვანას არ აპირებდა, რადგან, როგორც ავღნიშნეთ, ჯაყელ-ციხისჯვარელს განაჩენი უკვე გამოტანილი ჰქონდა და აბა, მისი აღსრულება ქართველებს რატომ უნდა ეჩქარათ? მაგრამ სარგის ჯაყელი, ავთანდილის ტიპის ქართველი გახლდათ – ვისაც მოყვარისთვის სიკვდილი, თამაშად და მღერად მიაჩნდა –  და სულაც არ აპირებდა მეფის განსაცდელში მარტო მიტოვებას, ასე უთქვამს – ღმერთმა ნუ ქნას გვარი შევარცხვინო, მირჩევნია მეფის სანაცვლოდ დავდო თავიო – აი, ასეთი შემართებით გაჰყვა ,,პაპა’’ სარგისი თავის პატრონს ბარდავში, სადაც ილხანთა საყაენოს ერთ-ერთი რეზიდენცია მდებარეობდა.

ბარდავში ჩასულმა ქართველებმა, გააფთრებული ჰულაგუს დანახვაზე ჩათვალეს, რომ, არა თუ ათაბაგის, არამედ მეფის ბედიც გადაწყვეტილი იყო. არც აქ უღალატა სარგის ჯაყელმა საკუთარ ვაჟკაცურ ზნეს, მუხლი მოიყარა ყაენის წინაშე და მეფის ,,განდგომა’’ მთლიანად საკუთარ თავზე დაიბრალა, ხოლო მიზეზად, გადასახადების უზენაეს ამკრეფად დადგენილი – ხოჯა-აზიზის ბოროტმოქმედება დაასახელა. ერთის მხრივ ყაენმა დააფასა ურჩი ვასალის სიმამაცე, ხოლო მეორე მხრივ, გაითვალისწინა არსებული რეალობა – მის  დაუძინებელ მტერს, ოქროს ურდოს მბრძანებელს – ბერქა ყაენს უკვე გადმოელახა კავკასიონის ქედი და გეზი დარუბანდისკენ აეღო, ხოლო მასთან საომრად  თავზეხელაღებული ქართველები ძალიან ჭირდებოდა. ასეც მოხდა. შაბურანის ბრძოლაში სარგისმა, რომელსაც ბრძოლაში ადვილად სჩვეოდა თავის გაწირვა, საარაკო გმირობა გამოაჩინა და როგორც გადმოგვცემენ, ოქროს ურდოს მეომრებით ალყაშემორტყმული ჰულაგუ ყაენი  სიკვდილისგან იხსნა. მადლიერმა ჰულაგუმ, სარგის ჯაყელს, განსაკუთრებული მამაცობისთვის ,,კარნუ ქალაქი (ახლანდელი ერზრუმი) და მისი მიმდგომი ქვეყანა’’ უბოძა.

ეჭვის და შურის მანკიერებამ გაიღვიძა დავით ულუს სულში (მის მძიმე წარსულს უკვალოდ არ ჩაევლო), იოლად ერწმუნა სხვა ქართველ მთავრებს, რომლებმაც ყურში ჩააწვეთეს, თითქოს ყაენის მხარდაჭერით განდიდებული სარგის ჯაყელი მის მორჩილებას აღარ ინებებდა. მალემრწმენმა ულუმ ერთგული მსახურის  შეპყრობა ბრძანა. ჯაყელი უეჭველი სიკვდილისგან ახალმა ყაენმა, გარდაცვლილი ჰულაგუს შვილმა, სმის და ღრეობის მოყვარულმა – აბაღამ იხსნა, რომელმაც თავისი ახირებული  ხასიათის მიუხედავად არ დაივიწყა სარგისის თავდადება ბერქა ყაენის წინააღმდეგ ბრძოლაში და სასწრაფოდ მისი გათავისუფლება ბრძანა. ულუ კიდევ უფრო გაბოროტდა, მაგრამ იძულებული გახდა  სამცხის მთავარი უვნებლად განეტევებინა.

25344472_1521374087979307_755396567_o

საქართველო გიორგი ბრწყინვალის ეპოქაში

მეფის ამ გაუგონარი უმადურობის შედეგად, სარგისმა მეფის წყალობის იმედი საბოლოოდ დაკარგა და მეტად სამძიმო საქციელი ჩაიდინა. მან ყაენს თხოვნით მიმართა, რათა სამცხე-საათაბაგო პირად ,,ხასინჯუდ’’ (მონღოლთა სამფლობელო მიწა) მიეღო, რაც სამცხეს, პირდაპირ ჰულაგუიანთა მფლობელობაში გადასვლას ნიშნავდა. ეს მძიმე რეალობა, გიორგი ბრწყინვალის ზეობამდე გაგრძელდა, სანამ კურთხეულმა მეფემ სამცხე კვლავ საქართველოს განუყოფელ ნაწილად არ აქცია, თუმცა როგორც საშინელმა პრეცენდენტმა, მოგვიანებით, თურქების მძლავრობის პერიოდში იჩინა თავი და საბოლოოდ ჩვენი ძირძველი კუთხის დედა-სამშობლოსგან ჩამოშორებით დასრულდა.

როგორ შეუსაბამოდაც არ უნდა ჩანდეს: სარგის ჯაყელის ვაჟკაცობა და ერთგულება,  რომელიც ქართველებმა ვერ შეიშვნეს, მონღოლებმა დააფასეს. თვისტომებისგან გაწირული,  გადამთიელებმა შეიწყნარეს. მეფემ უმადურობით გამოიჩინა თავი, ყაენმა – მადლიერებით. დავით ულუმ, თავის მალემრწმენი ხასიათით, ქვეყნის ერთგული ყმა, სახელმწიფო ინტერესების გზას ააცდინა.

25344367_1521352977981418_1433511505_o

საქართველო 1500-1577 წლებში

სამცხის ათაბაგი – სარგის I, მხცოვანებაში საბას სახელით შემონაზვნდა და დარჩენილი სიცოცხლე ცოდვების აღიარებასა და ქველი საქმეების კეთებაში განვლო. სწორედ იგი გახლავთ გამოსახული საფარის დიდებული მონასტრის ფრესკაზე (ოთხი ჯაყელიდან პირველი, სამონაზვნო სამოსში, მის შემდგომ, მისი ვაჟი – ტაძრის ქტიტორი საბა მანდატურთუხუცესი დგას, თავის შვილებთან – სარგის II-ს და ყვარყვარესთან ერთად).  ნეტავ თუ მოახერხა, საკუთარი მალემრწმენობით ჩადენილი საქციელების მონანიება მრავალტანჯულმა დავით VII-მ? იგი გამუდმებულად სიბაზე (მონღოლური სასაზღვრო სიმაგრე, სანგარი) დგომით დაუძლურებული, მოულოდნელად, მუცლის სალმობით გარდაიცვალა.

გიორგი ბაგალიშვილი

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial