“ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა”…

“ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა”…

image_large[1]

ერეკლე II

მას შემდეგ, რაც აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ძალაუფლება თითქმის მთელს ირანზე განავრცო,  ქართლ-კახეთში ძველი ბატონობის აღდგენა გადაწყვიტა და ერეკლეს, რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის გაწყვეტა კატეგორიულად მოსთხოვა. ერეკლეს მფარველობის ქვეშ რჩებოდა შუშის (ყარაბაღის) და ერევნის სახანოები, რომლებიც ირანის გამგებელს ხარკის გადახდაზე უარს სწორედ ,,ირაკლის ვასალობის’’ მიზეზით უთვლიდნენ.  ერეკლე, რა თქმა უნდა კარგად გრძნობდა, ქართლ-კახეთის თავზე საავდრო ღრუბლების მოგროვებას და რუსეთის იმპერატრიცა – ეკატერინეს, გარსევან ჭავჭავაძის პირით 1783 წლის ტრაქტატით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ახსენებდა და ,,დაუგვიანებლივ’’ სამხედრო დახმარებას თხოვდა. რუსეთის საიმპერატორო კარი, ქართლ-კახეთის მეფეს, ხან დუმილით და ხანაც დიპლიმატიური ,,მხარდაჭერით’’ პასუხობდა. აღა-მაჰმად-ხანს, თავის მხრივ რუსეთისგან დამარცხებული ოსმალეთიც აქეზებდა, რადგან თურქებს ამიერკავკასიაში ძლიერი რუსეთის გაბატონებას, სუსტი, თუნდაც მტრულად განწყობილი (შიიტური) ირანის ჰეგემონობა ერჩია. სწორედ ამიტომაც, როდესაც ქართველმა პოლიტიკოსებმა ტრადიციულ ხერხს მიმართეს და ირანის წინააღმდეგ დახმარება ოსმალეთს თხოვეს,  მცდელობას წარმატება არ მოყოლია.

1795 წლის მაისისთვის, აღა-მაჰმად-ხანს ჯარი უკვე შეგროვებული ჰყავდა, ხოლო ერეკლე, სამხედრო დახმარებისთვის კავკასიის ჯარების სარდალს – გუდოვიჩს კვლავაც ამაოდ მიმართავდა. აღა-მაჰმად-ხანი გუდოვიჩის მოსყიდვას ძვირფასი საჩუქრებით ცდილობდა და როგორც ჩანს წარმატებითაც, რადგან გადამწყვეტ დროს ყაჯარმა ზუსტად უწყოდა, რომ რუსეთი საქართველოს დახმარებას არ აპირებდა.

image_large[1] (1)

აღა-მაჰმად-ხანი

1795 წლის ივნისში ქართველებმა ადგილობრივებთან ერთად,  ალექსანდრე ბატონიშვილის მეთაურობით, სასტიკად დაამარცხეს შუშასა და ერევანს  გაგზავნილი, ირანელთა 8-ათასიანი მარბიელი ლაშქარი. საპასუხოდ, აღა-მაჰმად-ხანი  70 000-იანი არმიით კავკასიისკენ დაიძრა, გადალახა არაქსი და შუშის მიუვალ ციხეს ალყა შემოარტყა. ერეკლე და სოლომონ იმერთა მეფე, ირანელებთან შებმას საქართველოს საზღვრებს გარეთ აპირებდნენ, მაგრამ არ დასცალდათ, სექტემბრის პირველ რიცხვებში აღა-მაჰმად-ხანი თბილისისკენ წამოვიდა. მას თან, განჯის ხანი და ერეკლეს პოლიტიკით უკმაყოფილო ყარაბაღელი სომეხი მელიქები ახლდნენ. ყაჯარს მორჩილება აღუთქვა ერევნის ხანმაც, ხოლო ეჩმიაძინმა დიდძალი თანხის გაღებით მოიპოვა მშვიდობა.

თბილისისკენ წამოსული 35 000 ირანელის წინააღმდეგ ერეკლეს სულ 5 000 მებრძოლი შეუგროვდა, ხოლო კახეთში მყოფ ტახტის მემკვიდრეს – გიორგი ბატონიშვილს, რომლის განკარგულებაშიც 4 000 კახელი მეომარი იყო,  არ ეყო გამჭრიახობა, რომ თავისი ჯარის ნახევარი მაინც გაეგზავნა თბილისისკენ.

10 სექტემბერს ყიზილბაშები კრწანისის მინდორს მოადგნენ. მოწინავე ჯარის  3 000 კაციანი ნაწილი შეტევაზე გადმოვიდა, თუმცა ქართული არტილერია და დავით ბაგრატიონის მხედრობა ღირსეულად დაუხვდა მტერს. ქართველებმა ირანელების უდიდესი ნაწილი გაანადგურეს, ხოლო ცოცხლად დარჩენილებმა შაჰს საზარელი ამბავი აუწყეს. (საქართველოს ისტორიის ნარკვევები).

300-aragveli

300 არაგველი

11 სექტემბერს ბრძოლა დილის  7 საათიდან დაიწყო. მიუხედავად სიმცირისა, ქართველებმა რამდენჯერმე უკუაგდეს იერიშზე გადმოსული მტერი და საპასუხოდაც შეუტიეს. სპარსელები ვერაფრით ახერხებდნენ ცენტრალური ხაზის გარღვევას, სადაც თავად უნიჭიერესი სარდალი – ერეკლე მეორე იდგა. ზურგიდან შემოვლილ ყიზილბაშებს ნისლიც წამოეხმარათ და როცა ის გაიფანტა ქართველები მტრის ჯარის ნაწილებს შორის მოქცეულები აღმოჩდნენ. სისხლისმღვრელ  ომში  ისედაც მცირერიცხოვანი ქართველების რიგები თანდათანობით შეთხელდა და ირანელების სიმრავლე გადამწყვეტი გახდა. სხა გზა აღარ იყო. გაიხსენეს ქართველებმა თავის გაწირვა, არაგვის სამასმა გმირმა ამის საოცარი მაგალითი აჩვენა ყველას, თავის უკანასკნელ ,,შადიანს’’ მღეროდა კომედიანტი მსახიობი – მაჩაბელი…. სისხლისგან იცლებოდა ერეკლეს თავზეხელაღებული ლაშქარი. თავად 75 წლის მეფე გააფთრებული იქნევდა ხმალს, მაგრამ მოძმეთა გულგრილობას და მტრის რიცხვმრავლობას ბრძოლის ბედი უკვე გადაეწყვიტა. ,,თუმცა-ღა იყო ფრიად მოხუცებულ, გარნა ბრძოლასა შინა ყოფაქცევა მისი იყო მრავალთა ჭაბუკთაგან სანატრელ’’ (ვახტანგ ბატონიშვილი. ისტორიების აღწერა). მოხუცი მეფე ძალისძალად გაიყვანეს ბრძოლის ველიდან, მისი ამალის თითქმის ყველა წევრი დაჭრილი იყო. მეტეხის ხიდთთან კიდევ ერთხელ შემოაბრუნა ცხენი დამარცხებას მიუჩვეველმა ბაგრატიონმა, მაგრამ ამალის წევრებმა უეჭველი სიკვდილის ნება აღარ მისცეს გულმოკლულ მეფეს. (გ. ბაგალიშვილი. ევრაზიის გზაჯვარედინზე). ამ უსასტიკეს ომში მომხდურებმა თითქმის სამჯერ მეტი კაცი დაკარგეს, თუმცა ამით შედეგობრივად არაფერი შეცვლილა.

Capture_of_Tiflis_by_Agha_Muhammad_Shah._A_Qajar-era_miniature._01

თბილისის აღება აღა მაჰმად ხანის მიერ. ყაჯართა პერიოდის სპარსული მინიატურა (ბრიტანული მუზეუმი).

ხიდს გადაღმა დაქვეითდა ერეკლე მეფე, კლდოვან ნაპირზე გამოსახული ჯვრის წინაშე დაიჩოქა და ქრისტიანობისთვის წამებულ აბო თბილელს შეავედრა ჩვენი დედაქალაქი. იმავ ღამით თბილისი ცეცხლის ალმურში გაეხვია. ყაჯარის ველურმა ურდოებმა მოაოხრეს და დალეწეს ეკლესია-მონასტრები, სახლები, ბაღ-ვენახები, სტამბა, ცეცხლს მისცეს წიგნსაცავი და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლებელი იყო მათთან რაიმე სახის კულტურული ურთიერთობა და რომ, ერეკლეს 1783 წელს, არავითარი არჩევანი არ გააჩნდა. 21 სექტემბერს, ტყვეებით (15 000 კაცი) და ნაძარცვით დატვირთული აღა-მაჰმად-ხანი თბილისს გაეცალა, ხოლო 1 ოქტომბერს გენერალმა გუდოვიჩმა ქართლ-კახეთში 2 ბატალიონის წარგზავნის ბრძანება მიიღო. ძლევამოსილი რუსული მხედრობა უკვე მიწასთან გასწორებულ თბილისში შემობრძანდა.

გიორგი ბაგალიშვილი