პეტრე-პავლობა

პეტრე-პავლობა

ხსენება წმიდათა და ყოვლადქებულთა მოციქულთა: პეტრესი და პავლესი

ტროპარი
მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაჲთა მოსცეს სოფელსა მშვიდობაჲ და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაჲ.

* * *

რა განამტკიცებდა და რა აძლევდა ძალასა და ღონესა ორთა ამათ მოციქულთა (პეტრეს და პავლეს) ესოდენთა ჭირთა შორის და დევნულებათა? როგორ არ მოეწყინათ მათ და როგორ გასძლეს ქვეყანასა ამას შინა, მოკლებულნი ყოვლითა ნუგეშითა და ყოვლითა სოფლიურითა წარმატებითა? მათი სიმტკიცე და მათი ნუგეში იყო იგივე სარწმუნოება და სიყვარული. პეტრე არათუ ითმენდა სულგრძელად ყოველსა დევნასა და განსაცდელსა, არამედ უხაროდაცა, ოდეს მიიღებდა ქრისტეს გულისათვის განსაცდელსა; პავლე, აღვსებული სიყვარულითა, თვით ამ სიყვარულსა შინა ჰპოვებდა თვისსა ნუგეშსა.

აჰა დიდი მაგალითი შენთვის, ძმაო! ეცადე და შეიძინე ესოდენი სარწმუნოება და სიყვარული, რათა ყოველი შენი ნუგეში მდგომარეობდეს აღსრულებასა შინა ქრისტეს მცნებათა. შენ უნდა სრულიად მიანდო თავი შენი ღმერთსა. ბუნებასა კაცისასა აქვს ის თვისება, რომელ კაცი ყოველთვის ეძიებს რომელსამე ბედნიერებასა და ნუგეშსა. გაუძნელდება ქვეყანასა ზედა ცხოვრება იმ კაცს, რომელსაც არა აქვს არცა ერთი ნუგეში და ბედნიერება ამ სოფელში; გარნა შენ, ძმაო ჩემო, ეცადე, რომ შენი ნუგეში და ბედნიერება იყოს სარწმუნოება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული, სიმართლის აღსრულება. ფრიად საჭირო არს და საშიშო, უკეთუ არა-ოდეს ესენი არ გახსოვს, ანუ სრულიად გავიწყდება და ნაცვლად მისა ჰხედავ ბედნიერებასა შენსა სხვათა რომელთამე სოფლიურთა ნივთთა, ანუ მოქმედებათა შინა. სადაცა არს საუნჯე შენი, მუნ იყოს გული შენი, გეტყვის უფალი. უკეთუ საუნჯე შენი არ არის ღმერთი და ღვთის სჯული, არამედ სხვა რაიმე, მაშინ გული შენი განეშორება ღმერთსა. მოციქულთა, პეტრემ და პავლემ, საუნჯე თვისი დასდვეს ღმერთსა შინა; ამისათვის გულიცა მათი ჰპოვებდა განსვენებასა საქმეთა შინა ღვთისათა… მართალია, იგინი იყვნენ, ვითარცა ვსთქვით, დევნულნი და დამძიმებულნი ყოვლითა ამ სოფლის უბედურებითა, გარნა სულიწმიდა, რომელი ჰსუფევს გულსა შინა მართალთასა, ყოველთვის მისცემს მათ ისრეთსა ნეტარებასა, სიხარულსა და ბედნიერებასა, რომლისა მსგავსსა ვერაოდეს ვერ იგრძნობს ცოდვილის კაცის გული.

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)