კურთხეულ იყოს მარაბდა!

კურთხეულ იყოს მარაბდა!

მარაბდის ბრძოლის წინ, კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში დაბანაკებულ ქართველ დიდებულებს შორის, იშვიათი ერთსულოვნება სუფევდა. სეფიანთა ირანიდან მომავალი საშიშროება მეტად ულმობელი გახლდათ, დამარცხების შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა ქართლის და კახეთის სამეფოების ფიზიკური არსებობა. თვით თემურ ლენგსაც არ დაუპირებია,  ქართლ-კახეთის მოსახლეობის სრულად აყრა ან განადგურება (სასტიკი ხეიბარი ქვეშევრდომობის აღიარებას და რჯულის შეცვლას მოითხოვდა).

a1486931709

გიორგი სააკაძე

სწორედ ამ უკიდურესმა საჭიროებამ გახადა შესაძლებელი გიორგი სააკაძის ფრთის შემორიგება. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, სამიოდ თვის წინ მოპოვებული გამარჯვება მარტყოფის ველზე, სადაც სააკაძემ ლომის წილი დაიდო. მიუხედავად ამისა, გენერალურ თათბირზე, სააკაძის გეგმა (დაცდის და გაშლილი ადგილებიდან მტრის გამოტყუებისა) ბაადურ ციციშვილის გარდა არავინ გაიზიარა, მეტიც, ის საერთოდ ჩამოაცილეს სამხედრო შტაბს, რამაც დიდ წილად გადაწყვიტა ომის ბედი. სააკაძე უდაოდ ნიჭიერი სტრატეგი გახლდათ, ამასთან ერთად, სხვა ქართველი სარდლებისგან განსხვავებით, მას გააჩნდა უდიდესი საბრძოლო გამოცდილება. იგი მრავალი წელი  ცხოვრობდა ისპაჰანში, სეფიანთა სამეფო კარზე, სადაც შაჰ აბასმა დიდი სამხედრო რეფორმა გაატარა და ირანული არმია ევროპის საუკეთესო სამხედრო გამოცდილებების შესაბამისად გაწვრთნა და აღჭურვა (ცნობილია, რომ მისი კონსულტანტები ამ საქმეში იყვნენ ინგლისელი ძმები შირლები). სააკაძე შაჰის არმიის გამორჩეული სარდალი გახლდათ, მონაწილე – ყანდაჰარის, ბაღდადისა და სხვა ძლევამოსილი ბრძოლებისა. მან კარგად უწყოდა შაჰ-აბასის არმიის რეალური ძალა და შესაძლებლობა. ამგვარი გამოცდილების გამოუყენებლობა, რა თქმა უნდა, დიდი შეცდომა იყო ქართველების მხრიდან, თუმცა არსებულმა უნდობლობამ (წარსულის გათვალისწინებით, შესაძლოა, არც თუ უსაფუძვლო) თავისი გაიტანა.

376689_404808422919462_380845258_n

ქართველთა ლაშქარი ძირითადად ქვეითი გლეხებისგან შედგებოდა და მწირი სამხედრო აღჭურვილობა გააჩნდა.

რაც შეეხება ქართულ არმიას, ის მეტად ჩამორჩებოდა, როგორც ევროპის, ასევე ოსმალეთისა და ირანის არმიებს, როგორც განვითარების დონით, ასევე შეიარაღებითა და ტაქტიკით. ქართული ლაშქრის დიდი ნაწილი სახალხო გახლდათ, რომელიც ქვეითი გლეხობისგან შედგებოდა. მათ, ირანელებისგან განსხვავებით, მეტად მწირი სამხედრო აღჭურვილობა გააჩნდათ. ამასთან ერთად, ქართლ-კახეთის ლაშქარი მტერს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა რიცხოვნობითაც, როგორც ცნობილია, მარაბდის ომში – 50000 სპარსელის წინააღმდეგ, სულ 20000 მეომრის გამოყვანა მოხერხდა.

რადგან უკან დასახევი ყოველგვარი გზა მოჭრილი იყო, ქართულმა ლაშქარმა წმინდა ზიარება მიიღო და სისხლის დასათხევად მოემზადა. ამ ბრძოლის მნიშვნელობის მაჩვენებელია ლაშქრის რიგებში საომრად შეჭურვილი ეპისკოპოსებისა და სხვა სასულიერო პირების გამოჩენა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ამ დროისთვის შაჰ აბასის არმია რეფორმირებული გახლდათ. ირანის არტილერია მარაბდაში 12000 საუკეთესოდ შეიარაღებული თოფოსანისგან (“თოფანგჩი”) შედგებოდა და კარგი ზარბაზნებით იყო აღჭურვილი. ირანელები იყენებდნენ ზამბულაკებსაც, ეს პატარა ქვემეხები აქლემების ზურგზე იყო დამაგრებული. დანარჩენი სამხედრო ძალა, დაახლოებით – 36000 კაცი, იყო რჩეული მხედრობა და ქვეითი ჯარის ნაწილები, რომლებსაც სარდლობდა შაჰ-აბასის სიძე – ისა-ხან ყორჩი-ბაში თანაშემწე სარდლებით – შირვანის ბეგლარბეგი ყაზახ-ხან ჩერქეზი, ერევნის ბეგლარბეგი ამირგუნე-ხანი (“სარუასლანი” ანუ ყვითელი ჯიქი)  და ისპაჰანის ტარუღა, ქართველი ბატონიშვილი, ხოსრო-მირზა (მომავალში, როსტომ ქართლის მეფე). ბრძოლის დაწყებისას, ამ 50000 მეომარს შორის არ იყო აზერბაიჯანის ბეგლარბეგი – შაჰბენდე-ხანი, რომელიც მოგვიანებით გამოჩნდა თავისი ჯარით და ირანელების გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულა.

EuropeanArtistsQajar2

ზამბულაკი

ირანული არტილერიის წყობა შემდეგნაირი გახლდათ: გათხრილი სანგრების უკან, მიწაყრილებზე ზარბაზნები იყო განლაგებული. ზარბაზნების უკან, პირველ მწკრივში ცალ მუხლზე ჩაჩოქილი თოფოსნები ისხდნენ, მეორე მწკრივი ფეხზე იდგა, მესამე მწკრივი ცხენოსნებისა იყო, ხოლო მეოთხე – აქლემებზე ამხედრებული მსროლელებისა, რათა ზალპის დროს ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ. ირანელთა სამხედრო შტაბის გათვლებით, მათი არტილერიის საცეცხლე რადიუსი გადაულახავი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა ქართველებისთვის. ქართველები, რომელთა დევიზი იყო – “გამარჯვება ან სიკვდილი”, გარიჟრაჟზე შეტევისთვის მოემზადნენ. მხედრებს უკან ქვეითები ამოუდგნენ, “თოფის მოსაწვევამდისინ ნელად იარეს, მერმე ფარები დაიფარეს და შუბები წაიგრძელეს და ცხენჭენებით მიუხდნენ”.

12000 თოფის და ზარბაზნის ქუხილმა ქართველების ავანგარდი მცირედ შეაფერხა, მაგრამ ვერ შეაჩერა, ისინი გრიგალისებურად შეიჭრნენ მტრის ბანაკში და თავზარდაცემული ყიზილბაშების უმოწყალო ჟლეტა იწყეს: “ქართველნი ყიზილბაშის ლაშქარში გაერივნენ და შეიქნა შუბთა ძგერება, ხმალთა და ლახტთა მუზარადებზედ ხეთქინება”. სიმამაცით განთქმული ამირგუნე-ხანი სასიკვდილოდ დაიჭრა, ირანელთა ლაშქარი აირია და გაიფანტა. ისქანდერ მუნშის სიტყვებით: “ქართველები ისეთივე გახურებულები ხოცვით, მეთოფეების რაზმში შეიჭრნენ. მათი დარტყმებისგან მეთოფეების რიგებიც დაინგრა…. ქართველთა ჯარის სიმამაცისგან თავზარდაცემული მარჯვენა და მარცხენა ფრთის ჯარები ცენტრს ვერ მიეშველნენ და გაიქცნენ”.

იბრძოდა ერი და ბერი, ეპისკოპოსები და დიდებულები, მღვდლები და გლეხები, ადრე განდგომილები და შემორიგებულები. ყიზილბაშების დასათრგუნავად გიორგი სააკაძე მუზარადის გარეშე იბძოდა, სავარაუდოდ, ის სისხლით განბანვას და გმირის შესაფერ სიკვდილს ეძიებდა. იბრძოდა მეფე თეიმურაზი, ჯერ ცხენზე, მერე ქვეითად, იბრძოდა შუბით, ხმლით, ლახტით და როცა ყველანაირი იარაღი მტერს შემოალეწა, იბრძოდა მუშტებით (აკი, ბრძოლის მერე, ხელებზე ცემით დაგრეხილი ბეჭდები რკინის მაკრატლით შემოაჭრეს). უკანასკნელ ბრძოლას მართავდნენ ჯანდიერები, ხერხეულიძეები, მაჩაბლები,  ჩოლოყაშვილები, ციციშვილები… იბრძოდა ქართველი გლეხობა, ქანცგაწყვეტილი, მაგრამ შეუდრეკელი და როცა ბრძოლაში დაგვიანებით გამოჩენილი შაჰბენდე-ხანის ახალმა ჯარებმა ომის ბედი გადაწყვიტეს, გუნდ-გუნდად მებრძოლი გლეხობა უკანასკნელ კაცამდე შეაკვდა მტერს. “ალაგ-ალაგ ერთგან შეგროვდნენ და სადამდისინ დაიხოცებოდეს, თავი აღარ დაზოგეს, ვისაც ხელი მიაწვდინეს, მოუკლავი არ გაუშვეს და თვითონაც დაიხოცნენო”  – ამბობს ფარსადან გორგიჯანიძე თავის ისტორიაში.

9dzma

16 აგვისტოს (03.08 ძვ. სტ.) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ცხრა ძმა ხერხეულიძის დედით და დით და მათ თანა ცხრაათასი ქართველის, მარაბდის ბრძოლის ველზე მომწყდართა ხსენებას აღასრულებს.

შაჰბენდე-ხანს კი რამდენიმე დღეში აზღვევინეს ქართველებმა, როცა მისი და 12000 ირანელის სისხლით შეღებეს მდინარე ქსანი. ქსანზე დამარცხებით, საბოლოოდ გაქარწყლდა ყიზილბაშთა უპირატესობა, რაც მარაბდის ბრძოლით მოიპოვეს.

1625 წელს ირანის ლომმა მარტყოფის, მარაბდის და ქსნის ბრძოლებში თავისი რეფორმირებული 120 000-იანი არმიის ნახევარზე მეტი დაკარგა, რამაც საბოლოოდ ხელი ააღებინა თავის სასტიკ გეგმებზე აღმოსავლეთ საქართველოში.

მარაბდის ომში მთავარი მაინც ის უმაგალითო კვეთება გახლდათ, როდესაც უფლის წმინდა სისხლს ზიარებულმა ქართველებმა ერთი სულით და ერთი ხორცით სასუფევლისკენ კამარა შეჰკრეს. “სასუფეველი ცათა იიძულების, და რომელთა აიძულონ, მათ მიიტაცონ იგი”– ბრძანებს წმინდა წერილი. არ არის გასაკვირი, რომ სპარსული არტილერიის ზალპმა ისინი ვერ შეაჩრა, რამდენიმე ათეულ მეტრში მათ ზეციური საქართველო ელოდათ.

გიორგი ბაგალიშვილი