უფლის კვართის ამბავი

უფლის კვართის ამბავი

elioz

ძველი აღთქმის მღვდელს ეფოდთან, წამოსასხამსა და სხვა შემოსამოსელთან ერთად აუცილებლად ნაქსოვი კვართიც უნდა სცმოდა. იცოდა ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და ამიტომაც ყრმა იესუს, მომავალ „მღვდელმოძღვარს წესსა ზედა მელქისედეკისასა“, კვართი მოუქსოვა. „ხოლო კვართი იგი… იყო უკერველ, ზეით გამოქსოილ ყოვლად“. გადიოდა ხანი, „წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა“ იესუ და სასწაულებრივად იზრდებოდა ღვთისმშობლის მოქსოვილი კვართიც, რომელსაცა „ნეტარებით შეეცვა ნათელთა ყოველთა მფლობელი გვამი წმიდა ცეცხლისა მის ღვთაებისა“. თეოდორე ზიგაბენის მიხედვით, კვართი სახელოებიანი ყოფილა. მოკლესახელოიანი კვართია გამოსახული ბაგრატიონთა გერბზეც. ხოლო XVII საუკუნეში იერუსალიმში გავრცელებული ერთი გადმოცემის თანახმად, უფლის კვართი ლაჟვარდისფერი ყოფილა, მანტიის მსგავსი, უსახელო, განიერი და გრძელი (საუბარი იოანიკე ბერძენისა ივ.გრამიტინთან), მაგრამ რისგან იყო იგი მოქსოვილი, ეს უცნობია. ერთი კია – ამ ნეტარმა შესამოსელმა, როგორც ღრუბელმა შეიწოვა ოფლი, სისხლი და ცრემლი, რომელიც კაცთა მოდგმის ხსნისთვის დაღვარა მაცხოვარმა.

იერუსალიმში იესოს ჯვარცმისას საქართველოდანაც ჩავიდნენ ურიები – ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. ელიოზის დედა ელი მღვდელმთავრის ტომიდან იყო. სწორედ მან გააფრთხილა ვაჟები, რომ უფლის სისხლის დათხევაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ამასვე ევედრებოდა ელიოზს და სიდონია. მაცხოვრის ჯვარცმისას ლურსმნების დაჭედების ხმა თურმე მცხეთაში მოესმა ელიოზის დედას. წამოიძახებია: „მშვიდობით, მეფობაო ისრაელთაო, რამეთუ უგუნურებით მოჰკალთ უფალი და მაცხოვარი ყოველთა!“ – და მწუხარებისაგან იქვე დაულევია სული.

ეტყობა, მაცხოვრის ჯვარცმისას ელიოზი ძალზე აქტიურობდა. როცა უფლის სამოსელი განიყვეს და კვართზე წილი იყარეს, იგი სწორედ მას შეხვდა. უფლის კვართი ელიოზმა მცხეთაში წამოიღო. სიდონია მას ტირილით შეგებებია მცხეთის კარიბჭესთან, ჩაუკრავს მკერდში „ყოველთა სასურველი კვართი მხსნელისა“ და მიუძინებია „თავისი დედის ძილით“. ეს ამბავი მთელ მცხეთას მოედო. მიცვალებული მეფე ადერკს უნახავს და კვართი მოსწონებია. ბევრს ცდილან, მიცვალებულისთვის კვართი გამოერთმიათ, მაგრამ ამაოდ და ბოლოს კვართითვე დაუკრძალიათ ლიბანის ნაძვებთან.

რამდენიმე წლის შემდეგ ადერკის შვილიშვილს, მეფე არმაზელს მოუნდომებია სიდონიას საფლავის გათხრა და კვართის პოვნა, მაგრამ ამის გამო ღვთისგან სასჯელი მიუღია – უეცრად დაბრმავებულა.

აი, ამგვარად მოხვდა უფლის კვართი საქართველოში. სახიერ უფალს წინასწარვე განეგო ჩვენი ქვეყნის „ერად საზეპუროდ შემზადებაი“ და ვინაიდან ღვთისმშობლის წილხვედრნიც ვიყავით, ამისათვის უფრო ღირს იქმნა იბერია „ამას საშინელსა მადლსა“. როგორც წმინდა ნიკოლოზ გულაბერისძე ბრძანებს, „ამისთვისცა უკვე წინასწარვე წარმოავლინა მადლი ღვთაებისა მისისა რათა პირველადვე დაიწინდოს კვართითა მით და მადლით ღვთაებისა მისისათა“.

შემობრძანდა იბერიაში წმინდა ნინო და დადგა ჟამი უფლის კვართით დაწინდული „საზეპურო ერის“ ქრისტესთან ქორწილისა, შეერთებისა… ღვთის სასწაულითა და წმინდანის ლოცვით მოქცეულმა მეფე მირიანმა თავის სამეფო ბაღში ტაძრის აშენება გადაწყვიტა. მოჭრეს ბაღში ამოსული მშვენიერი ლიბანის ნაძვები და მათგან 7 სვეტი გამოთალეს. შეკრეს ძალთაგან კედლები და აღმართეს ექვსი ბოძი თავ-თავიანთ ალაგას, ხოლო ტაძრის შუაში დასადგმელად მეშვიდე სვეტს, მიუხედავად ბევრი წვალებისა, ძვრა ვერ უყვეს. მოსაღამოვდა. მეფე და მისი მხლებელნი სასახლეში წაბრძანდნენ. სვეტთან მხოლოდ წმინდა ნინო დარჩა მოწაფეებთან ერთად. სასოწარკვეთილმა ეშმაკმა მათი შეშინება სცადა, მაგრამ წმინდა ნინოს ლოცვამ დაამხო მისი მანქანება.

იცისკრა. ემოციებისგან დაღლილებს მიეძინათ. მხოლოდ აბიათარ მღვდლის შვილი სიდონიაღა ფხიზლობდა. წმინდა ნინო ხელგანპყრობილი ლოცულობდა. უეცრად მასთან ნათლით შემოსილი ჭაბუკი მივიდა და სამი სიტყვა უთხრა. ქალწული მის წინაშე პირქვე დაემხო, ხოლო ჭაბუკმა მოჰკიდა სვეტს ხელი და ზეცად აღამაღლა. რამდენიმე ხნის შემდეგ ცეცხლის სახედ შეცვლილი სვეტი ნელ-ნელა ჩამოეშვა, იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც ხე მოკვეთეს და მიწიდან ორ წყრთაზე გაჩერდა, „ზე ჰაერთა საკვირველად გამოკიდებული“. ასე მოგვითხრობს „სვეტიცხოვლის საკითხავი“, ხოლო „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ცეცხლის სვეტი ჩამოშვებულა, ამავე ადგილას დამდგარა და კაცთაგან ხელშეუხებლად დამყარებულა.

ამ საოცარმა ამბავმა მთელი ქართლი შეძრა. მოდიოდნენ სვეტთან და ვეღარ შორდებოდნენ საკვირველ სახილველს. სვეტის ძალით უამრავი სასწაული მომხდარა. პირველად შობითგან ბრმა ურია განუკურნავს სვეტი-ცხოველთან მიახლებას, შემდეგ საწოლს მიჯაჭვული ყრმა სეფეწული ამაზასპანი დაუყენებია ფეხზე. იმხანად ერთ ურიას მხოლოდშობილი ძე მოჰკვდომია. ყველა სვეტი-ცხოველის სახილველად წასულა, მიცვალებულთან მხოლოდ მშობლები დარჩენილან, რომლებიც თურმე მწარედ მოთქვამდნენ და შვილს ევედრებოდნენ: „აღდეგ, მხოლოდშობილო ჩვენო, რათა მივეახლნეთ სვეტსა მას ნათლისასა“, რათა ვიხაროთ სხვებთან ერთადო. და უცებ, თითქოს გაიღვიძაო, მიცვალებული ყრმა წამოდგა და სვეტიცხოველთან წაყვანა მოითხოვა. ყვებოდა, რომ ჯოჯოხეთის უფსკრულში იყო ჩავარდნილი; ანაზდად ზეციდან ნათლის სვეტი ჩამოეშვა, რომლის თავზეც მაცხოვარი იჯდა დიდებით. უეცრად სვეტიდან ხმა მოისმა: „მეცოდებიან შენი მშობლები, მათი ტკივილისგან „მელმისო გული“, – მერე კი ანგელოზთ უბრძანა, ყრმის სული სხეულში დაებრუნებინათ.

ამ სასწაულმა უფრო ააფორიაქა ხალხი. ყველა ცდილობდა სვეტიცხოველთან მიახლოებას. აღტყინებისგან ერთმანეთს თელავდნენ. მაშინ მეფე მირიანმა სვეტს ფიცრის საბურველი შემოახვია. საბურველმა ვერ დააბრკოლა სვეტიცხოველის მადლი…

მალე აქ პირველი ტაძარი აშენდა. წმინდა კონსტანტინე დიდმა მეფე მირიანს ეპისკოპოს იოანეს ხელით გამოუგზავნა ძელიცხოვლის ნაწილი, სამსჭვალნი და ფიცარი, რომელზეც მაცხოვრის ფერხნი იყო მიმსჭვალული. ეპისკოპოსმა ძვირფასი ძღვენი ერუშეთსა და მანგლისში დატოვა, მეფე მირიანთან კი ხელცარიელი დაბრუნდა. გულდაწყვეტილი მეფე წმინდა ნინომ ანუგეშა – უთხრა, რომ იგი უდიდეს სიწმინდეს ფლობდა – მის ბაღში იყო დაკრძალული უფლის კვართი და ილია წინასწარმეტყველის ხალენი. მეფემ ურიებს დაწვრილებით გამოჰკითხა ყოველივე. მათაც წმინდა ქალწულის ნათქვამი დაადასტურეს. მაშინ კი აივსო მეფე სიხარულით და ადიდა უფალი.

მირიანის ვაჟს, რევის, მეფობის ჟამს შეშინებია, სვეტი-ცხოველი საბურველისგან არ განძარცვონ და არ მოიპარონო, და მის გარშემო ქვითკირის კედელი აუშენებია. მოგვიანებით ვახტანგ გორგასალმა ხის ტაძრის ადგილას მოზრდილი ქვის ბაზილიკა ააგო თორმეტი მოციქულის სახელზე. ეს ტაძარი აბულ ყასიმს გადაუწვავს მეათე საუკუნეში, მაგრამ მალევე აღუდგენიათ. გიორგი I-ის მეფობისას კი კათოლიკოსმა მელქისედეკმა მის ნაცვლად დიდი გუმბათოვანი ტაძარი ააგებინა. ტაძარი თემურ ლენგის შემოსევისას დაზიანებულა და ალექსანდრე დიდს იგი ხელახლა აღუდგენია. ტაძარი კვლავ დაზიანებულა შაჰ-თამაზისა და მისი შვილიშვილის შაჰ-აბასის შემოსევებისას. როსტომ მეფის მეუღლეს, მარიამ დედოფალს, 1656 წელს აღუდგენია სვეტიცხოვლის გუმბათი, რის გამოც იგი ვაჟთან ერთად ტაძარში გამოუსახავთ. შემოსევების გამო დაზიანებულა სვეტი-ცხოვლის ირგვლივ აშენებული გოდოლიც და იგი აღუდგენიათ 1675 წელს, კეთოლიკოს ნიკოლოზის ბრძანებით. გოდოლი „მოქცევაი ქართლისაის“ სცენებით მოუხატავს გრიგოლ გურჯვარიშვილს.

სვეტი-ცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა და წარემატებოდა ქრისტეს სარწმუნოებაში ქართველი ერი. პლატონ იოსელიანის ვარაუდით, ეს მაცოცხლებელი წყარო შაჰ-აბასის შემოსევებისას, 1614-1617 წლებში, უნდა დაწყვეტილიყო, რადგან შაჰს თურმე ძალზე შეურაცხუყვია ტაძარი, ხოლო 1624 წელს შაჰ-აბასის თანამედროვემ, „საელჩო პრიკაზში“ გამოძახებულმა იოანიკე ბერძენმა, ივან გრამოტინს ასეთი რამ უთხრა: როცა შაჰ-აბასის პაპამ, შაჰ-თამაზმა, ივერია დალაშქრა (ეს იყო 1541-1553 წლებში), შაჰს სვეტიცხოვლის ტაძარი ცხენებისა და პირუტყვის სადგომად გადაუქცევია; აი, სწორედ მას შემდეგ შეწყდა სვეტიდან მირონის დენაო.

წყარო: orthodoxy.ge