შემოდიოდა სიკვდილი ცელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით

georgia-19211921 წლის 25 თებერვალი. თბილისში, სისხლით გამაძღარი რუსეთის მე-11 არმიის ნაწილები შემოაბიჯებენ, ხოლო ბაქოში მოკალათებული სერგო ორჯონიკიძე ლენინს უდეპეშებს: “თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!”

მანამდე კი იყო – 1920 წლის აპრილ-მაისი, როდესაც წითელმა არმიამ აზერბაიჯანი უბრძოლველად დაიკავა, ნოემბერში მეზობლის  ბედი სომხეთმა გაიზიარა. მოვლენათა ლოგიკით, ჯერი დასავლეთის დახმარებაზე მოიმედე საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე იყო მომდგარი. იყო საინგილოს მხრიდან საქართველოში შემოჭრის უშედეგო  მცდელობაც, როცა მომხდურები, გენერალ კვინიტაძის სამხედრო შენაერთებმა უკუაგდეს.

1920-ის ნოემბერში, კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუება გველოდა. ერთა ლიგამ არ ისურვა საქართველოს მიღება თავის ქოლგის ქვეშ და ამით საბოლოოდ გაუხსნა ხელი ჩრდილოელ აგრესორს. იმავე წლის 20 დეკემბერს გენერალმა ჰეკერმა საიდუმლო მიმართვა გაუგზავნა სერგო ორჯონიკიძეს, სადაც ყოჩაღი გენერალი ორჯონიკიძისგან თურქების (კიაზიმ კარაბეკირის ჯარების) მხრიდან ჩაურევლობის და მეგობრული განწყობილების შენარჩუნების გარანტიებს ითხოვდა, თანაც წითელი ურდოების შენაერთების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობას უმტკიცებდა რკინის სახკომს, რათა: “კარგი მომზადების შემდეგ, სასწრაფოდ მოვუთაოთ ხელი თბილისის ხალხს”.

ბოლოს ლორეს პროვოკაცია იყო, რასაც 25 თებერვალი მოჰყვა და  მე-11, მე-9, მე-3 და მე-13 არმიები, საქართველოს ტერიტორიაზე ლორეს, აზერბაიჯანის, დარიალის ხეობის, მამისონის უღელტეხილის და შავი ზღვის მხრიდან შემოიჭრნენ. ბრძოლის ველზე მიმავალ, პირტიტველა იუნკრებს, ხალხი ცრემლით და ყვავილებით აცილებდა. გამგზავრების წინ იუნკრებს სიტყვით სკოლის ხელმძღვანელმა, გენერალმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა მიმართა:

“ყმაწვილებო! ბედნიერი ვარ მოგილოცოთ, რომ საშუალება გეძლევათ, თქვენი მოქმედებით დაადასტუროთ თქვენი სურვილი სამშობლოს სამსახურისა. მე, თქვენს მასწავლებელს და უფროსს, ეჭვი არ მეპარება, რომ ზუსტად შეასრულებთ მხედრულ მოვალეობას და პირნათლად წარსდგებით ქართული ისტორიის სამსჯავროს წინაშე. არ დაივიწყოთ ველად ყოფნისას, რომ ყოველ თქვენს ნაბიჯს მოწმედ ეყოლება იგივე ცა, მიწა და ბუნება, რომელიც არაერთხელ გაკვირვებულა ქართველთა გმირობით და უდრეკლობით სიკვდილის წინაშე. გაუმარჯოს ჩვენს საქმეს, გაუმარჯოს საქართველოს და ქართულ ჯარს, ვაშა!”

საქართველოს ახალფეხადგმული დემოკრატიული ქვეყანა უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა. გზები ქართველი იუნკრების გვამებით იყო მოფენილი: ახვლედიანები,  დოლიძეები, ერისთავები, იაკობაშვილები,  კანდელაკები, ლორთქიფანიძეები, ლოლუები,  ჯანდიერები… მათ შორის იყო ჩვენი მარო მაყაშვილიც, ის მაშინვე გამოეხმაურა ივანე ჯავახიშვილის მოწოდებას  და უნივერსიტეტიდან პირდაპირ ცეცხლის ხაზისკენ გასწია (ასეთები იყვნენ ქართველი ქალები). იდგა წითელი გველეშაპის ზეობის ხანა,  რომელსაც “უხვად მოეტანა სისხლი და ცხედრები”. საძმო სამარე სამშობლოსათვის თავდადებულ შვილებს იღებდა, მათი სულების საოხად დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე აყენებდა წირვას.

თოვდა და თბილისს ეხურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი”…..

გიორგი ბაგალიშვილი