“უცხოპლანეტელების” შესახებ (მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი)

“უცხოპლანეტელების” შესახებ (მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი)

ამო-ს ფენომენის მნიშვნელობა

და მაინც, რამ გამოიწვია ამო-ს (ამოუცნობი მფრინავი ობიექტები – რედ.) ფენომენის წარმოშობა ჩვენს დროში? რატომ გამოჩნდნენ ისინი სწორედ მოცემულ ისტორიულ პერიოდში? რომელი მომავლისაკენ მიგვითითებენ?

ჯერ ერთი, ამო-ს ფენომენი მხოლოდ ნაწილია “პარანორმალური” მოვლენების წამლეკავი ლავისა, რომლებსაც სულ რამდენიმე წლის წინ ადამიანების უმრავლესობა “სასწაულად” ჩათვლიდა. დ-რი ვალე თავის წიგნში “უხილავი კოლეჯი” ამ ფაქტის ამსოფლიურ ხედვას გადმოგვცემს: “ჩვენს სამყაროში უცნაური ობიექტების შემოჭრამ მოულოდნელად საშიში მასშტაბები მიიღო” (გვ.187), “რამაც ადამიანების რწმენაზეც კი მოახდინა გავლენა” (გვ.114). “ადამიანების ცნობიერებას რაღაც დაემართა”; “იგივე ძალა, რომელმაც წარსულში დიდი გავლენა მოახდინა კაცთა მოდგმაზე, დღესაც იწყებს მოქმედებას” (გვ.14). ქრისტიანულ ენაზე ეს შემდეგს ნიშნავს: კაცთა მოდგმას თავს დაატყდა ეშმაკების ახალი შემოსევა. ქრისტიანული აპოკალიფსური შეხედულებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძალა, რომელიც აქამდე აკავებდა დემონური მოქმედების უკანასკნელ და ყველაზე საზარელ გამოვლინებას დედამიწაზე, უკვე აღიხოცა (2 თეს. 2,7), ქრისტიანული მთავრობა და საზოგადოებრივი წყობა (რომლის მთავარი წარმომადგენელი დედამიწაზე მართლმადიდებელი მეფე იყო) აღარ არსებობს, აღარ არსებობს აგრეთვე ქრისტიანული მსოფლმხედველობა, როგორც ერთი მთლიანობა. და აი, სატანა გათავისუფლებულ იქნა საპყრობილიდან, სადაც მას ღმრთის მადლი აკავებდა, რათა “გამოვიდეს ცთუნებად წარმართთა” (გამოცხ. 20,7-8) და მოამზადოს ისინი ანტიქრისტეს მისაღებად უკანასკნელ ჟამს. ქრისტეს ერის დაწყებიდან ეშმაკებს ასე აშკარად და საყოველთაოდ ალბათ არასოდეს უმოქმედიათ. “კოსმოსელი სტუმრების” თეორია მხოლოდ ერთ-ერთი ხერხია, რომლის საშუალებითაც ისინი ცდილობენ ადამიანებს ჩაუნერგონ, თითქოს “უმაღლესი არსებები” ამიერიდან თავის თავზე იღებენ პასუხისმგებლობას კაცობრიობის მომავალ ბედზე*.

მეორეც, ამო სხვა არაფერია, თუ არა უახლესი მედიუმური ხერხი, რომლის მეშვეობითაც სატანა თავისი ოკულტური სამყაროს მომხრეებს აგროვებს. ეს საზარელი ნიშანია იმისა, რომ ადამიანი მისაწვდომი გახდა დემონური გავლენისათვის – ისე, როგორც არასდროს ქრისტიანობის დასაწყისიდან. XIX საუკუნეში დემონებთან კონტაქტის დასამყარებლად აუცილებელი იყო ბნელი ოთახის გამონახვა სპირიტული სეანსისათვის, დღეს კი საამისოდ საკმარისია ცაში აიხედოს კაცმა. ამჟამად კაცობრიობამ იმ ცოდნის ნარჩენებიც დაკარგა, რაც მას ქრისტიანული მოძღვრების შესახებ გააჩნდა, და ახლა პასიურად ექვემდებარება ციდან დაშვებულ ნებისმიერ “ძალას”. ფილმი “III სახის ახლო კონტაქტები” საოცარი მხილებაა იმისა, თუ რა ცრუმორწმუნე გახდა თანამედროვე “პოსტქრისტიანული” ადამიანი, რომელიც მზად არის უყოყმანოდ ენდოს თითქმის შეუნიღბავ დემონს და გაჰყვეს მას, საითაც არ უნდა გაუძღვეს**.

მესამეც, ამო-ს “ეპისტოლე” ანტიქრისტესათვის გზის მომზადებას ისახავს მიზნად – განდგომილი სამყაროს “მხსნელი” მოვა მის სამართავად. შესაძლოა, იგი ჰაერიდანაც მოგვევლინოს, რათა უფრო სრულად მიემსგავსოს ქრისტეს (მათ.24,30; საქმ.1,11); იქნებ “კოსმოსელი სტუმრები” საჯაროდ გადმოსხდნენ, რათა “კოსმიური თაყვანისცემა” მიაგონ თავიანთ ხელმწიფეს, ხოლო “ცეცხლი ზეცით” (აპოკ.13,13) ბოლო ჟამის დიდი დემონური სანახაობების მხოლოდ ნაწილი გახდეს. ასეა თუ ისე, თანამედროვე კაცობრიობისადმი მიმართული “ეპისტოლე” ღაღადებს: “ელოდეთ ხსნას, მაგრამ არა ქრისტიანული გამოცხადებისა და უხილავი ღმერთის რწმენის გზით, არამედ კოსმოსელი სტუმრებისაგან”.

სწორედ ეს არის ბოლო ჟამის ერთ-ერთი ნიშანი, როდესაც “საშინელებანი ზეცით და სასწაულნი დიდ-დიდნი იყვნენ” (ლუკ.21,11). ჯერ კიდევ ასი წლის წინ ეპისკოპოსმა ეგნატე ბრიანჩანინოვმა თავის წიგნში “სასწაულებისა და ნიშების შესახებ” (Соч. епископа Игнатия Брянчанинова, т.4, стр. 292) თქვა: “შეუძლებელია უყურადღებოდ დავტოვოთ დღევანდელ ქრისტიანულ საზოგადოებაში გავრცელებული მისწრაფება სასწაულების ხილვისა და მათი ქმნისკენაც კი… ასეთი მისწრაფება ამჟღავნებს, რომ სული ხიბლის მდგომარეობაშია, ეს ხიბლი კი ემყარება სულში დამკვიდრებულ თავისმოყვარებასა და დიდებისმოყვარებას” (გვ.312). ჭეშმარიტად სასწაულთმოქმედი მამების რიცხვმა იკლო, დღეს ისინი თანდათან ქრებიან, მაგრამ “ადამიანებს უფრო გაშმაგებით სწყურიათ სასწაულები, ვიდრე ოდესმე… ჩვენ თანდათან ვუახლოვდებით იმ ხანას, როდესაც ურიცხვი და საკვირველი ცრუ სასწაულები დაიწყება, რომლებიც წარწყმედისაკენ გაუძღვებიან ხორციელი ზრახვის ბედკრულ შვილთ, ამ სასწაულების მიერ ცთუნებულთ” (გვ.323).

ამო-ს მკვლევრებს განსაკუთრებით ალბათ მაინც ეს დააინტერესებს: “ანტიქრისტეს სასწაულები უფრო მეტად ჰაერში მოხდება, რადგან სატანის მთავარი სამფლობელო სწორედ ჰაერია. ისინი განსაკუთრებით მხედველობაზე იმოქმედებენ, მოხიბლავენ და მოატყუებენ ადამიანებს. როდესაც წმ. იოანე ღმრთისმეტყველი თავის “აპოკალიფსში” სოფლის დასასრულის წინ მოსახდენ მოვლენებს აღწერს, ამბობს, რომ ანტიქრისტე “იქმნ სასწაულთა დიდთა, და რაჲთა ცეცხლი გარდამოხდეს ზეცით წინაშე კაცთა” (აპოკ. 13,13). ამ ნიშანზე წმ. წერილი მიუთითებს, როგორც ანტიქრისტეს უდიდეს სასწაულზე. ესეც ჰაერში მოხდება, და იქნება დიდებული და საშინელი სახილველი” (გვ.298). წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი ამაზე ამბობს, რომ “ლოცვის ღვაწლს შედგომილმა ძალიან იშვიათად უნდა იყუროს ცაში – ჰაერის ბოროტ მცველთა შიშით, რომლებიც იქიდან ათასგვარ საცთურს გვივლენენ” (ფილოკალია, “ყურადღებისა და ლოცვის სამი სახისათვის”). “ვერ მიხვდებიან კაცნი, რომ ანტიქრისტეს სასწაულებს არავითარი კეთილი და გონივრული მიზანი ან გარკვეული აზრი არ გააჩნიათ, რომ მათთვის უცხოა ჭეშმარიტება, რომ ტყუილით არიან სავსენი, რომ ესაა რაღაც თავიდან ბოლომდე საზარელი, უბოროტესი, უაზრო “მსახიობობა”, რომელიც ყოველ ღონეს ხმარობს, რომ გააოცოს, თავდავიწყება აგრძნობინოს, მოხიბლოს, მოატყუოს ადამიანი, გაიტაცოს იგი ფუჭი, მდიდრული, სულელური ეფექტებით” (“სასწაულებისა და ნიშებისათვის”, გვ.296). “ყველა დემონურ მოვლენას ერთი საერთო თვისება აქვს: მათ მიმართ გამოჩენილი თვით უმცირესი ყურადღებაც კი დიდ საფრთხეს უქმნის კაცს. მხოლოდ ამ ყურადღებამ, არავითარი სიმპათიაც რომ არ ახლდეს თან, სულს შეიძლება ყველაზე მავნე შთაბეჭდილება დაამჩნიოს და მძიმე განსაცდელის მიზეზად ექცეს” (იქვე, გვ.324). ათასობით “მეკონტაქტემ” და ამო-სთან შეხვედრის უბრალო მოწმემაც კი თავის თავზე გამოსცადა ამ სიტყვების ჭეშმარიტება და ცოტამ თუ შეძლო გათავისუფლება მას შემდეგ, რაც სერიოზულად ჩაება ასეთ კონტაქტებში.

ამო-ს მკვლევრებმაც კი თავიანთ მოვალეობად ჩათვალეს გაეფრთხილებინათ ადამიანები ამ კონტაქტების მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. მაგ., ჯონ კილი წერს; “ამო-სთან ხუმრობა ისევე საშიშია, როგორც შავ მაგიასთან. ეს ფენომენი თავის მსხვერპლს გულუბრყვილო, ნევრასთენიულ და უმწიფარ ადამიანებს შორის ეძებს. ამგვარ კონტაქტებს შედეგად შეიძლება მოჰყვეს (და არაერთხელ მოჰყოლია) პარანოიდული შიზოფრენია, დემონომანია და თვითმკვლელობაც კი. ამო-ს მიმართ მსუბუქი ცნობისმოყვარეობა დამანგრეველ ვნებად იქცევა, ამიტომ დაბეჯითებით ვურჩევ მშობლებს, ხელი შეუშალონ შვილების გატაცებას ამ სფეროთი. არც სკოლის მასწავლებლებმა და უფროსებმა უნდა წაახალისონ ასეთი დაინტერესება” (“ამო: ოპერაცია “ტროას ცხენი”, გვ.220).

სხვა ადგილას ძრწოლით და უსიამო წინათგრძნობით განმსჭვალული ეპისკოპოსი ეგნატე გადმოგვცემს უბრალო რუსი მჭედლის ხილვას, სადღაც პეტერბურგის მახლობლად, ურწმუნოებისა და რევოლუციების ხანის გარიჟრაჟზე (1817 წელს). შუადღისას მან უეცრად დაინახა უამრავი ეშმაკი ადამიანების სახით, ისინი ხის ტოტებზე შემომსხდარიყვნენ, უცნაური ტანისამოსი ეცვათ და წვეტიანი ქუდები ეხურათ, თან რაღაც უცნობ, უცნაურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ და მღეროდნენ: “ჩვენი დროა! ჩვენი ნება!” (ს. ნილუსი, “ცხრაკლიტულში გამოკეტილი სიწმინდე”, მოსკოვი, 1911, გვ. 122).

ჩვენ უკვე ეშმაკის ზეიმისა და განცხრომის ამ საშინელი საუკუნის მიწურულს ვცხოვრობთ, როდესაც საზარელ “ჰუმანოიდებს” (ეშმაკის კიდევ ერთ ნიღაბს) ათასობით ადამიანი ხედავს და როდესაც ისინი აბსურდული “კონტაქტების” მეშვეობით იპყრობენ ღმრთის მადლისაგან უცხოქმნილ ადამიანთა სულებს. ამო-ს ფენომენი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის იმის ნიშანია, რომ კიდევ უფრო ფრთხილად და შეგნებულად იაროს ცხონების გზაზე. მას უნდა ახსოვდეს, რომ შესაძლოა აცთუნოს და მოხიბლოს არა მარტო ცრუ რელიგიებმა, არამედ ერთი შეხედვით სრულიად მატერიალურმა საგნებმაც, რომლებიც უბრალოდ თვალში გვხვდებიან. ადრეულ საუკუნეებში ქრისტიანები, იცოდნენ რა ეშმაკის უკიდურესი მზაკვრობა, სიფრთხილით ეკიდებოდნენ ყოველ ახალ და უცნაურ მოვლენას, მაგრამ ახალი “განათლებული” ერის დადგომის შემდეგ ადამიანები ცნობისმოყვარეობას იჩენენ ასეთი საგნების მიმართ, ის კი არა, ეტანებიან კიდევაც – ეშმაკი მათ ნახევრად ფანტასტიკურ სფეროს მიაკუთვნეს. ამიტომ ამო-ს ნამდვილი ბუნების შეცნობამ ხელი უნდა შეუწყოს მართლმადიდებელი ქრისტიანების გამოღვიძებას შეგნებული სულიერი ცხოვრებისათვის და საერთოდ, მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას, რომელიც იოლად არ აჰყვება დროის მოდურ იდეებს.

საღად მოაზროვნე მართლმადიდებელ ქრისტიანს კარგად ესმის, რომ იგი აშკარად დაცემულ სამყაროში ცხოვრობს: ქვევით, მიწაზეც და ზევით, ვარსკვლავებს შორისაც, ყოველივე ერთნაირად შორსაა დაკარგული სამოთხისაგან, რომელიც მას ენატრება. იგი ტანჯული კაცობრიობის ნაწილია – იმ კაცობრიობისა, ერთი წინაპრის, პირველი კაცის, ადამისაგან რომ იშვა; მან იცის, რომ ყველას ერთნაირად სჭირდება გამოხსნა, რომელიც უსასყიდლოდ ენიჭება ადამიანს მაცხოვრის მხსნელი სიკვდილით ჯვარზე; იცის, რომ ადამიანისათვის არ არის წინასწარ განსაზღვრული რაღაც “უმაღლეს” არსებად განვითარება ევოლუციის გზით, და რომ არ არსებობს არავითარი მიზეზი იმის დასაჯერებლად, თითქოს სხვა პლანეტებზე “მაღალგანვითარებული” არსებები ცხოვრობენ. მაგრამ მან ისიც იცის, რომ სამყაროში მის გარდა მართლაც არიან “უმაღლესი გონიერი არსებები”, რომლებიც ორ სახედ იყოფიან, ამიტომ ცდილობს, ისე იცხოვროს, რომ მათთან იყოს, ვინც ღმერთს ემსახურება (ანგელოზებთან) და გაექცეს კონტაქტს მათთან (ეშმაკებთან), ვინც უარყო ღმერთი, ვინც შურისა და ბოროტების გამო ცდილობს თავის უკუღმართ ყოფას ადამიანებიც აზიაროს. მან იცის, რომ ადამიანი თავისი ეგოიზმისა და უძლურების გამო ადვილად ცდება და იჯერებს “ჯადოსნურ ზღაპრებს”, რომლებიც “უმაღლეს მდგომარეობას” ან “უმაღლეს არსებებთან კონტაქტს” ჰპირდებიან, თანაც ქრისტიანული მოღვაწეობის გარეშე – ფაქტიურად, ეს ქრისტიანული ცხოვრებისაგან გაქცევაც არის. ის არ ენდობა თავის უნარს – გაარჩიოს ეშმაკის მზაკვრობა, ამიტომ მტკიცედ ეჭიდება წმ. წერილს და წმ. მამათა სწავლებას, რომლებიც მას ქრისტეს ეკლესიამ უბოძა. ასეთ ადამიანს ძალუძს წინ აღუდგეს მომავლის რელიგიას, ანტიქრისტეს რელიგიას, რა ფორმითაც არ უნდა მოევლინოს იგი; დანარჩენი კაცობრიობა კი, თუ ღმრთის სასწაული არ იხსნის, დასაღუპავადაა განწირული.

თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ
მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის წიგნიდან “მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია”.

– – –

* მრავალი ცნობა “დიდფეხა” და სხვა სახის “მონსტრებზე” იმავე ოკულტურ თავისებურებებს შეიცავს, რასაც ამო-სთან შეხვედრები. ამას გარდა, “მონსტრების” გამოჩენა ხშირად ამო-ს გამოჩენას ემთხვევა.

** ახლახან აღმოჩენილი ორი “პარანორმალური” მოვლენა გვიჩვენებს, თუ რა თავხედურად იყენებენ დემონები მატერიალურ საშუალებებს (კერძოდ, თანამედროვე ტექნიკას) ადამიანებთან კონტაქტის დასამყარებლად. 1) ერთ-ერთმა ლატვიელმა მკვლევარმა (მერე კი სხვა მეცნიერებმაც) აღმოაჩინა, რომ მაგნიტოფონის ფირზე იდუმალი ხმები გაისმოდა – მაშინაც კი, როდესაც ჩაწერა ლაბორატორიულ პირობებსა და სრულ სიჩუმეში მიმდინარეობდა. შედეგები მედიუმური სეანსის შედეგებს წააგავს. ოთახში მედიუმის ყოფნა თითქოს ამძაფრებს ეფექტს. 2) “უცხოპლანეტელები”, რომელთა ხმაც ლითონივით ჟღერდა, კარგა ხანს იყენებდნენ ტელეფონს ორ “მეკონტაქტესთან” და ამო-ს ერთ მკვლევართან კავშირისათვის. ცხადია, ამ შემთხვევაში არსებობს მისტიფიკაციის ალბათობა, მაგრამ ბოლო წლებში აღნუსხულია შემთხვევები, როდესაც მიცვალებულთა ხმები (სრულიად დამაჯერებელი მათთვის, ვისთანაც კონტაქტს ამყარებდნენ) ტელეფონით ესაუბრებოდნენ ახლობლებს. ძნელია იმის უარყოფა, რომ, როგორც ამ ინფორმაციის ავტორი შენიშნავს, “შორეული წარსულის დემონები ჩვენს შორის დასეირნობენ” და თანაც ისეთ მასშტაბებში, უწინ რომ ვერავინ წარმოიდგენდა (ჯ. კილი, “ამო: ოპერაცია “ტროას ცხენი”, გვ. 306).

წყარო: martlmadidebloba.ge