ხატების თაყვანისცემის შესახებ

ხატების თაყვანისცემის შესახებ

„ამრიგად, როგორც იაკობმა სიკვდილის წინ თაყვანი სცა “წვერსა ზედა კვერთხისა” იოსებისა, ასევე ჩვენც, მორწმუნენი მხოლოდ იმიტომ ვეამბორებით ხატებს, რა მიზეზითაც ვეამბორებით ჩვენს შვილებსა და მამებს, ანუ რათა გამოვხატოთ ჩვენი სულის სიყვარული. ასევე იუდეველი თაყვანს რომ სცემდა სჯულის ფიცრებს და ქერუბიმების ორ ოქროს ქანდაკებას, პატივს მიაგებდა არა ქვისა და ოქროს ბუნებას, არამედ უფალს, რომელმაც ამის გაკეთება ბრძანა.“
წმ. ათანასე დიდი ალესანდრიის პატრიარქი (III-IV სს)

საღვთო გარდამოცემით ცნობილია, რომ მახარებელმა ლუკამ, რომელიც ექიმიც იყო და მხატვარიც, შექმნა და დაგვიტოვა ღვთისმშობლის ხატები. თუმცაღა პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ხატებზე ყველა არ ლოცულობდა. არსებობს უტყუარი ცნობა, რომ იმდროინ-დელი ეკლესიის ვიწრო გარემოში იესოს ხატს ბევრი ეთაყვანებოდა. მეოთხე საუკუნეში კი ეკლესიამ საზეიმოდ გამოაბრძანა იესო ქრისტესა და წმინდა მოწამეთა ხატები, როგორც ტაძრების მშვენიერი საუნჯე და სათაყვანებელი სიწმინდე. წმინდა ბასილი დიდი წამებულ ვარლაამზე საუბრის დროს ამბობს, რომ სურდა, რომ მოწამე გამოესახათ დაფაზე მაცხოვართან ერთად, რომელიც გვირგვინით მოსავდა ვარლაამს. წმინდა ათანასე ამპარტავნებსა და ბრიყვებს უწოდებდა მათ, ვინც წმინდანთა ხატებს უარყოფდნენ. შემდეგში, იმ უბედურების ჟამს, როდესაც ხატმებრძოლები სასტიკად დევნიდნენ მათ, ვინც ხატებს ეთაყვანებოდა, ეს დოგმატი მრავალი ღვთის-მსახურის წმინდა სისხლით დამოწმდა, ბოლოს კი, მე-7 მსოფლიო კრებამ დაადგინა და დაამტკიცა, რომ ეკლესიისაგან განეკვეთა ყველა მწვალებელი, ვინც ხატს უარყოფდა, ვინც სიწმინდეს შეურაცხმყოფე-ლად უწოდებდა კერპს

,,ხატი” ეწოდება საღებავებით დაწერილ მოზაიკურ ან ნაკვეთ ხატს, რომლის წინაშე ლოცვა აღევლინება. ამ მნიშვნელობით იყენებენ ამ სიტყვას არქეოლოგიაში და ხელოვნების ისტორიაში. ეკლესიაშიც ვასხვავებთ კედლის მხატვრობას და დაფაზე დაწერილ ხატს, რამდენადაც კედლის მხატვრობა–ფრესკა ან მოზაიკა დამოუკიდებლად არ არსებობს, არამედ კედელთან ერთიანდება, ტაძრის არქიტექტურაში შედის, დაფაზე ნაწერი ხატი კი დამოუკიდებელი ნივთია. მაგრამ მათ არსებითად ერთი აზრი და მნიშვნელობა აერთიანებს. განსხვავებას მხოლოდ მათ გამოყენებასა და დანიშნულებაში ვხედავთ. ამგვარად, როდესაც ხატზე ვისაუბრებთ, ვიგულისხმებთ ყოველგვარ საეკლესიო გამოსახულებას: საღებავით დაწერილი იქნება ის დაფაზე თუ კედელზე–ფრესკის სახით, მოზაიკა იქნება თუ ქანდაკება. თავდაპირველად უნდა შევჩერდეთ საეკლესიო ხელოვნების წარმოშობის შესახებ არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე და მისადმი პირველი საუკუნეების ეკლესიის დამოკიდებულებაზე. ქრისტიანული ხატის წარმოშობის შესახებ მრავალი განსხვავებული, ურთიერთსაწინააღმდეგო სამეცნიერო ჰიპოტეზა არსებობს. ხშირად ისინი ეკლესიის აზრსაც უპირისპირდებიან. ეკლესიის დამოკიდებულება კი ხატისა და მისი წარმოშობისადმი ერთგვარი და უცვლელია დასაბამიდან დღემდე. მართლმადიდებელი ეკლესია გვასწავლის, რომ წმიდა ხატი ღვთის განკაცების შედეგია, მას ეფუძნება და ამდენად ნიშანდობლივია ქრისტიანობისთვის, განუყოფელია მისგან.