ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ტროპარი:
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.

კონდაკი:
ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.

აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.

აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ. აქ მათ მაცხოვარი გამოეცხადათ, რომელმაც შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, არ გაშორებოდნენ იერუსალიმს.

საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ გამოიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა. შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.

ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად მოსილნი რომელთაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქ. მოც. 1, 11), მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის მომლოდინენი, განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს.

წყარო: orthodoxy.ge

* * *

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ძმა ზდრავკო ტ.-ს – უფლის ამაღლების შესახებ

როგორ ამაღლდა უფალი მიწიდან ზეცად? ეს კითხვა გაწუხებს? ასე თქვი: უფალი თავისი მიწიერი სამეფოდან ზეციურ სამეფოში ღვთიური ძალით ამაღლდა და ამით დამშვიდდი. რადგანაც, თუკი შენ უფლის ყველა საიდუმლოს განცდას დაიწყებ, სხვა მრავალი კითხვა შეგაწუხებს: როგორ იშვა იგი? როგორ დადიოდა წყლის ზედაპირზე? როგორ განდევნიდა ეშმაკეულს და ჰკურნავდა ადამიანებს? როგორ იცვალა ფერი, როგორ აღადგენდა მკვდრებს? როგორ აღსდგა თვით? პასუხი ყველა ამ კითხვაზე ერთია: ეს ყოველივე მისი საღვთო ძალით იყო შესაძლებელი. მშვიდობა შენ და სიხარული!

ჩვენ არ ძალგვიძს, ჩავწვდეთ საიდუმლოებებს უფლისა, მაგრამ განსაკუთრებით ამისაკენ სწრაფვას არ ვურჩევთ მათ, ვისაც უფლის ნებისადმი სრულყოფილი ერთგულების, სიყვარულის, სიწმინდისა და მორჩილების სიმაღლემდე არ მიუღწევია. ორიგენე თავისი დროის უგანათლებულესი ადამიანი იყო. ყოველგვარი საერო, თუ საღვთისმეტყველო, ცოდნით აღჭურვილმა, მან გაბედა გამოეცადა უნატიფესი სულიერი საიდუმლოებანი და – ცდომილებაში ჩავარდა. ეკლესიამ კი განსაჯა მისი ცრუ სწავლება, წმიდა სვიმეონ სალოსმა მის შესახებ თქვა: „ორიგენე… ზღვაში შევიდა, იქიდან გასვლა ვერ შესძლო და ჩაიძირა“.

საკმარისია, ამაღლების შესახებ ვიცოდეთ ის, რაც სახარებაში წერია. იქ კი წერია: „და იყო კურთხევასა მას იესუჲსსა მათ მიმართ განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად“ (ლუკ. 24,15). ასე რომ, როდესაც ლოცავდა ადამიანებს, იგი ზეცად მაღლდებოდა. ამგვარად, უფალმა ჩვენ უდიდესი პრაქტიკული სიბრძნე განგვიცხადა: მხოლოდ ლოცვით შევძლებთ ზეცად ამაღლებას. ლოცვით საკუთარ თავს ვამაღლებთ, ხოლო წყევლით კი ძირს ვანარცხებთ. რასაც გავცემთ, იმასვე ვიმკით. თუკი ვლოცავთ – ლოცვას, ხოლო თუკი ვწყევლით – წყევლას. ასე რომ კურთხევა ჩვენი სულიერი ამაღლების პირობაა.

ქრისტეს ამაღლებას გილოცავთ!

“მისიონერული წერილები” (წერილი 125), თბილისი, 2005 წ.

 

– – –
ფოტო: მაცხოვრის ამაღლება, XI-XII სს. ჭედურობა, ვერცხლი.