ილია ჭავჭავაძე – ისევ განათლების საკითხებზე

ილია ჭავჭავაძე – ისევ განათლების საკითხებზე

ტფილისი, 26 ოქტომბერი, 1889 წ.

დღეს ჩვენშიაც-კი ბევრი არ არის იმისთანა კაცი, რომ არ იცოდეს, — რა კარგი რამ არის ადამიანისათვის ცოდნა, სწავლა და განათლება. კარგი რამ არის, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მეტად ფეხმოკლედ გვესმის ეს სიკარგე ცოდნისა და სწავლა-განათლებისა. ჩვენ იგი მოგვწონს, როგორც იმისთანა მორთულობა, იმისთანა სამკაული, ურომლისოდაც ადამიანს შეუძლიან ასე თუ ისე ცხოვრების გზა დაჰლიოს, იოლად გამოვიდეს ხალხსა და ქვეყანაში, ერთის სიტყვით, ურომლისოდაც არცა ჰშივა კაცს და არცა სცივა. ამის გამო ცოდნის არ-ქონას ისე ვუყურებთ, როგორც არ-ქონას მორთულობისას, სამკაულისას, სახელდობრ იმ მორთულობისას, იმ სამკაულისას, რომელიც, თუ არის, ხომ რა კარგი, თუ არადა, არა ჰღირს იმისთვის კაცმა თავი შეიწუხოს, თავი იტკინოს.

ჩვენი შეცდომა სწორედ ამაშია. ცოდნა, სწავლა-განათლება, ასე ახსნილი და გაგებული, სწორედ ცოდნისა და სწავლა-განათლების შეგინებაა, გაუპატიურებაა. ცოდნა, სწავლა-განათლება დღევანდელ კაცისათვის არსებითი პურია. უამათოდ ადამიანი დღეს ყველაფერს მოკლებულია: ადამიანობასაც, სარჩო-საბადებელსაც, ღონესაც და შეძლებასაც. დღეს უცოდნელად, უსწავლელად კაცი ერთს ნაბიჯსაც ვერ გადასდგამს ცხოვრების მოედანზედ უმარცხოდ და უძლეველად. ცხოვრების მოედნიდამ ბურთი დღეს მარტო მცოდნეს გააქვს, მარტო მცოდნეს აქვს საკმაო და საპატიო კერძი წუთისოფლის სუფრაზედ, და თუ უცოდინარისათვის რჩება რამე, ნარჩენი მარტო მცოდნეს ნასუფრალია, მცოდნე კაცის სუფრის ნაბღერტია. დღეს მარტო მცოდნე და ნასწავლია ბატონი, და უსწავლელი, უცოდინარი-კი მისი ყურმოჭრილი ყმაა, რომელიც ძალა-უნებურად იძულებულია იმას დასჯერდეს, რასაც მცოდნეს და ნასწავლს მორჩება, რასაც მცოდნე და ნასწავლი ხელს არა ჰკიდებს, როგორც მისთვის უღირსსა და გამოუსადეგს.

ჩვენ გვავიწყდება, რომ ცოდნა, სწავლა-განათლება დაუშრეტელი წყაროა, როგორც კაცად მყოფობისათვის, ისეც თავის სარჩენად, ქონებისა და სარჩოს მოსაპოვებლად. რასაც მცოდნე კაცი ერთს საათში მოიამაგებს, იმას უცოდინარი მოანდომებს ოთხ-ხუთ საათს. შესაძლოა კაცს სიმდიდრე თვალ წინ ედოს და ვერა ჰხედავდეს უცოდინარობით და ან ჰხედავდეს და არ იცოდეს, როგორ და რა გზით აიღოს და შინ შეიტანოს, და მცოდნე კაცი-კი ქვასაც წყალს გამოადენს, სიმდიდრის წყაროს იქ ამოახეთქებს, საცა უცოდინარს სიზმარშიაც არ მოეჩვენება.

ესეთი ძლიერება ცოდნისა და სწავლა-განათლებისა ჩვენ საკუთარ თვალ-წინ შესაძლოა კაცმა დაინახოს. რამდენი მაგალითია, რომ უცხო-ქვეყნელი, ვინ იცის საიდამ მოსული და ჩვენში შემოხიზნული, არამც თუ ლუკმა-პურსა ჰშოულობს, მდიდრდება, კეთდება ჩვენს შორის, და ჩვენ-კი, ჩვენს საკუთარ სახლსა და ქვეყანაში, ჩვენს საკუთარ მამა-პაპის ბინაზედ, გვენატრება სარჩო და საგზალი ცხოვრებისა. ჩვენ მუდამ იმასა ვჩივით და ვტირით, რომ ღარიბნი ვართ, ლუკმა-პურის ილაჯს ვერსად გამხდარვართ, და ის-კი აღარ გვახსოვს, ის-კი აღარ გვაგონდება — სად და რაშია სათავე და მიზეზი ჩვენის სიღარიბისა.

საკვირველია! თუ უცხო-ქვეყნელი მოდის აქ, ამ მისთვის უთვისტომო ქვეყანაში, საცა არც ერთი მტკაველი მიწა აქვს, არც ერთი კაცი ჰყავს ხელშემწყობი და გულშემატკივარი და მარტო თავის თაოსნობაზედ და მხნეობაზედ დანდობილი, ჰშოულობს საქმეს, თავს ირჩენს, მდიდრდება, კეთდება, ჩვენ რაღა დაგვემართა, ჩვენ, რომელთაც მიწაცა გვაქვს, მამულ-დედულიც, ბინაც, მახლობელნი და ნათესაობაც გვყავს და მაინც ვჩივით და ვტირით სიღარიბეს. ჩვენს საკუთარს სუფრაზედ სხვანი ძღებიან, ჩვენის საკუთარის ჯამიდან სველ ლუკმას სხვა იღებს, ჩვენის ქვეყნის რძე-ნაღები სხვას მიაქვს და ჩვენ-კი ცარიელზედ გასულნი, მარტო ვჩივით და ვტირით, გვშიან და გვწყურიანო. ის-კი ვიცით, რომ „ტირილითა და ვიშითა“ სოფელი არ აშენდება.

რათ არის ესე? იმიტომ არის, რომ უცხო-ქვეყნელი იმ განძით, იმ საუნჯით მოდის ჩვენში, რომელსაც ცოდნა ჰქვიან და ურომლისოდ ეხლანდელ დროში თითონ ფულითაც მდიდარი ღარიბია, რადგანაც უქმია და გამოუსადეგი, და უქმი და გამოუსადეგი ხომ მარტო ქონების მჭამელია და არა ქონების გამდიდებელი და გამაძლიერებელი, ქონების გამღებია და არა მომღები. ეხლანდელს დროში ნურვინ იფიქრებთ, რომ წინ წაუხვიდეთ მცოდნესა და განსწავლულსა და ან არსებობისათვის ჭიდილში საეკონომიო მოედანზედ გამარჯვება თქვენ დაინარჩუნოთ; ნაღებს ქვეყნისას და ცხოვრებისას მცოდნე კაცი ჰხდის და უცოდინარს სასვლეპავად თუ დო დარჩა, ღმერთს მადლობა შესწიროს.

ჩვენი უცოდინარობა, უსწავლელობა ისე გვაბრკოლებს და გვაბორკილებს, რომ ცილობაც ვეღარ გაგვიწევია ახალ-მოსულთა უცხოელთათვის. ყველგან იგინი გვჯობიან, ყველგან იგინი წინ გვასწრობენ, გამოსარჩენს საქმეს ხელიდამ გვაცლიან. რას იზამთ? იმათკენ ცოდნაა, განათლებაა, მიხვედრილობა და გაგებულობაა, ჩვენკენ-კი უვიცობა, სიბნელე, მიუხვედრებლობა, გაუგებლობა. ამ სამწუხარო მდგომარეობაში მყოფნი რით უნდა შევეჭიდნეთ, რით უნდა გავუმკლავდეთ სწავლითა და ცოდნით შეთოფ-იარაღებულს, ცოდნითა და სწავლით გაძლიერებულს, გაღონიერებულს და გათამამებულს? რასაკვირველია, იმავ იარაღით, რითაც ისინი იმარჯვებენ ჩვენზედ, ესე იგი, ცოდნითა და სწავლულობითა. სხვა ვერაფერი გაუსწორებს ომს ცოდნასა, თუ არ ისევ ცოდნა, სხვა ვერაფერი გვიხსნის სიღარიბისაგან, თუ არ ის ხერხი, ის უნარი, ის ძალ-ღონე, რომელსაც მარტო ცოდნა და სწავლა-განათლება იძლევა.

ტყუილი ჩივილია, ტყუილი ტირილია უფულობისა, უქონლობისა. უნდა ვტიროდეთ და ვჩიოდეთ უცოდინარობას, უვიცობას, იმიტომ რომ სათავე და მიზეზთა-მიზეზი ყოველ უბედურობისა ეგ უვიცობა, ეგ ცოდნის უქონლობაა. მაშასადამე, ცოდნა, სწავლა-განათლება, მარტო სამკაული-კი არ არის კაცისა, პირველ წყების საჭიროებაა, როგორც პური, როგორც წყალი, როგორც საჭმელი და სასმელი, ერთის სიტყვით, როგორც ყოველივე ის, ურომლისოდაც კაცს გაძლება და ხეირი ამ ქვეყანაზედ არ შეუძლიან.

აქედამ აშკარაა, რას უნდა ეტანებოდეს ჩვენი ქართველობა, თუ სურს, რომ ჯანი მიეცეს მის სულსა და ხორცს ცხოვრების მოედანზედ საჭიდაოდ და გასამარჯვებლად. იგი უნდა ეტანებოდეს სკოლებს, სასწავლებლებს, ამ სწავლა-ცოდნის მომფენელთ და მომავლინებელთ. მაგრამ, აბა ერთი უყურეთ, ან ამ მხრივ რა ყოფაში ვართ. აქაც, ჩვენდა საუბედუროდ, სხვებზედ უკანა ვართ დარჩენილნი.

რის გამო გავმართეთ საუბარი ამ ძველის-ძველ და ყოველთვის-კი ღირს-სახსენებელს საგანზედ, ამას შემდეგს წერილში გამოვარკვევთ.

II

ტფილისი, 27 ოქტომბერი, 1889 წ.

ჩვენს წინა-წერილში ვსთქვით, რომ ქართველობა, რაც შესაძლოა, ძლიერ უნდა ეტანებოდეს სკოლებს და სასწავლებლებს ცოდნისა და სწავლა-განათლების კარის გასაღებად, ხოლო ამის სანაცვლოდ იმასა ვხედავთ, რომ აწ არსებულს სკოლებსა და სასწავლებლებში ქართველები თითქმის ყველგან ნაკლებად არიან. ეს ცხადად დაგვანახვა სხვათა შორის ტფილისის რეალურ სასწავლებლის წლიურმა ანგარიშმა.

კვირას, 22 ოქტომბერს, ხსენებულ სასწავლებელში იყო აქტი. ამ აქტზედ წაკითხულ ანგარიშიდამა სჩანს, რომ გასულს წელს ამ სასწავლებელში ყოფილა სულ 358 შეგირდი და ამათ შორის ქართველი მხოლოდ 27, მაშინ როდესაც რუსი ყოფილა 138, სომეხი — 136, გერმანელი — 24, პოლშელი — 16, თათარი — 10, ბერძენი — 4 და ებრაელი — 3. მოდით და გული ნუ დაგეწვით მწუხარებით ამისთანა ამბის გაგონებისაგან! 358 შეგირდს შორის მარტო 27 ქართველია მაშინ, როდესაც სომეხი 136-ია, რუსი 138-ი და გერმანელი — 24! მერე სად? საქართველოს დედა-ქალაქის, საქართველოს შუა-გულის სასწავლებელში!..

ეს ამბავი გულში უფრო მწვავედ ჩააჩნდება ყოველს ჩვენს მოკეთეს, როცა გვეცოდინება, ქართველებთან შედარებით ვინ რამდენნი არიან, თუნდ, მაგალითად, მარტო ტფილისში. ტფილისი აიწერა 1876 წ. ამ აღწერიდამ სჩანს, რომ რუსები არიან ტფილისში რიცხვით 20.000-მდე, ჯარებს გარდა. ამათში 9.000 წერა-კითხვის მცოდნე ყოფილა; იმერ-ამერ ქართველნი — 22.000, ამათში მარტო 7.000 წერა-კითხვის მცოდნეა; სომეხი — 37.000, ამათში წერა-კითხვის მცოდნე 11.000-ზე მეტია; თათარი — 2.000-ი, ამათში წერა-კითხვის მცოდნე მარტო 381; ყიზილბაში — 1.700-ი, ამათში წერა-კითხვის მცოდნე 240-ი; გერმანელნი — 2.000-ი, ამათში წერა-კითხვის მცოდნეა — 1.500-ი; პოლშელები — 1.500-ი, ამათში წერა-კითხვის მცოდნე — 1.000-ია; ერთს მესამედზედ მეტს ჩვენებურ მკვიდრთა სცოდნიათ რუსული წერა-კითხვაც. ყოველ აქედამ გამოდის, რომ რუსებს თითქმის ნახევარ წილს სცოდნია წერა-კითხვა, ქართველებს თითქმის მესამედ წილსა, სომხებს მესამედზე ცოტა ნაკლებს. ხოლო წერა-კითხვის ცოდნის კვალობაზედ ყველაზე წინ არიან გერმანელნი, რომელთა შორის მცოდინარი ოთხში სამია; ამათ მოსდევენ პოლშელნი, — რომელთა შორის მცოდინარი სამში ორია; შემდეგნი არიან რუსნი, რომელთ შორის ორში თითქმის ერთია. მეტ-ნაკლებობა ეგრეთ-წოდებულ კულტურისა და სხვათა შორის ამ წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვითაც განიზომება.

თუ 20.000 რუსი სასწავლებელში ჰზრდის 138 ყმაწვილსა, თუ ორი ათასი გერმანელი ზრდის 24-ს, 1.500 პოლშელი — 16-სა, ჩვენ რა წყრომა ღვთისა გვეწია, რომ 22.000 ქართველი თითქმის მარტო იმოდენასა ჰზრდის, რაც ორი ათასი გერმანელი. ეს გულსაკლავი ამბავი რის მომასწავებელია? ვამბობთ, ღარიბნი ვართო და ვერ ვუძღვებით შვილების გაზრდის ხარჯსაო. კიდეც ეგ არის სავალალო, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში ღარიბნი ვართ და გუშინდელი მოსული გერმანელი-კი იმოდენად მდიდარია, რომ შვილების გაზრდის ხარჯსაც ჰშოულობს და სახლობასაც გაუჭირებლივ ჰკვებავს. რათა? რათ უნდა იყოს ესე? ჯერ იმიტომ, რომ გერმანელს და სხვას მისებრ მიხვედრილს კაცს ცოდნა და სწავლა-განათლება სამკაულად-კი არა აქვს მიჩნეული, როგორც ბუზმენტი ჩოხისათვის, ან ძეწკვი გულ-მკერდისათვის. იგი ცოდნასა და განათლებას უყურებს, როგორც აუცილებელს საჭიროებას, როგორც არსებითს პურსა, და ამიტომაც, როცა სარჩო-საბადებელისათვის იღვწის, მაშინ წელებზედაც ფეხს იდგამს, რომ შვილის გასაზრდელი ხარჯიც მოიამაგოს. გერმანელი პურს დაიკლებს, ღვინოს დაიკლებს, შიმშილს, წყურვილს არ შეუშინდება და შვილის გასაზრდელად-კი თავის მონაგარს გროშს გადასდებს, შვილის მცოდნე კაცად ქცევისათვის არაფერს დაჰზოგავს და ყველაფერს გაიმეტებს. გერმანელმა იცის, რომ შვილის კაცად გამოსვლა, მაძღრად ყოფნა და უტკივრად რჩენა სწავლა-განათლებაზეა დამოკიდებული, იცის, რომ ცოდნა ვენახზედ უკეთესი ვენახია, ხოდაბუნზე უკეთესი ხოდაბუნია, უფრო მომცემი, უფრო საიმედო და დაუსეტყვავი. ამ სახით, რაკი გერმანელისათვის ცოდნა, სწავლა-განათლება აუცილებელი საჭიროებაა, მის საეკონომიო ანგარიშში, მის საღვაწოსა და საამაგოში შვილის გასაზრდელად სახარჯოს მოპოვებას თითქმის უპირველესი ადგილი უჭირავს. ჯაფას, გარჯას იორკეცებს და, თუ ამით ვერას გამხდარა, სხვაგან იკლებს და ამ სახარჯოს-კი ჰმატებს.

მეორე მიზეზი იმისი, რომ გერმანელს არ უჭირდება შვილის სკოლაში გამოსაზრდელი ხარჯი, ის არის, რომ გერმანელს ცოტად თუ ბევრად ცოდნა აქვს რისამე: ან სწავლულია და ამით ჰშოობს ცხოვრების საგზალსა, ან ხელოვანია რაშიმე, ან ხელოსანია. იგი საცა მიდის, ყველგან ჰშოულობს საქმეს, და რაკი ცოდნა აქვს, მრავალკეცად იადვილებს სარჩო-საბადებლის შოვნასა და ჩვენებურ უცოდინარს ხელიდამ აცლის საქმესაც და ლუკმასაც, ძალ-მომრეობით და უნამუსობით-კი არა პირისპირ ომით, პირისპირ ბრძოლით, ერთის სიტყვით — იმ ფაქიზისა და წმინდა იარაღით, რომელსაც ცოდნა ჰქვიან და რომელიც ცხოვრების მოედანზედ ყოველთვის უძლეველია და გამარჯვებული.

ჩვენ ყოველს ამაზედ ძალიან შორსა ვართ. ჩვენს საეკონომიო ანგარიშში, ჩვენის ცხოვრების „ჩოტკში“ შვილის გასაზრდელს სახარჯოს არავითარი ადგილი არ უჭირავს. განა მითამ სურვილი სკოლაში მიბარებისა არ იყოს ჩვენში გაძლიერებული!.. აბა ჰნახეთ, რამოდენა ქართველობა მიაწყდება ხოლმე სასწავლებლის კარს, როცა მიღების დრო მოდის. ხომ ესეა, და ბოლოს და ბოლოს მარტო იმასა ვხედავთ, რომ ამ მრავალთაგან თითო-ოროლა-ღაა შესული სასწავლებელში და ამ გზით ქართველები ყველგან ცოტანი არიან.

რათ არის ესე? თუ სურვილი ძლიერია, საქმეც უნდა გამოდიოდეს რამე და რატომ არ გამოდის? იმიტომ, რომ ჩვენ შვილი მიგვყავს სკოლაში მარტო იმისათვის, რომ თავიდამ მოვიშოროთ, ან სახელმწიფოს მოვახვიოთ კისერზედ, ან სხვას ვისმე კეთილმყოფელს, და რადგანაც სხვისი ჯიბე იმოდენად უხვი არ არის, რამოდენადაც დიდია სურვილი მუქთად შვილის გამოზრდისა და გამოკვებისა, ამიტომაც ბევრი დედ-მამა იძულებულია შვილი უკან წაიყვანოს. ეს სწორედ იმასა ჰგავს, — ყვავს ბახალა მოუკვდაო და ბუს მიუგდო, დიდი თავი შენა გაქვს და შენ იტირეო.
ერთხელ და ერთხელ საჭიროა ყურებიდამ ბამბა გამოვიღოთ. ერთხელ და ერთხელ საჭიროა ვიცოდეთ, რომ შვილის გაზრდა, შვილის კაცად გამოყვანა უწმინდაესი და უდიდესი ვალია მშობლებისა. რასაკვირველია, ამას ხარჯი უნდა, და აი სწორედ ამის სახარჯოსათვის ჩვენ არ ვირჯებით, არა ვმოქმედობთ, არა ვმონაგრობთ, ერთს წვეთს ოფლსაც არ ვიმეტებთ. პური როცა გვაკლია, თავში ქვას ვიხლით და ვშოობთ, ღვინო როცა გვაკლია — ვირჯებით, ტანთ გვაკლია, ფეხთ გვაკლია, იქით ვეცემით, აქეთ ვეცემით, რომ როგორმე ვიშოვოთ, — და როცა შვილის გასაზრდელი სახარჯო არა გვაქვს, ბუზსაც არ ავიფრენთ, ხელსაც არ გავძრავთ, თუნდა მთელი დღე იმოდენად მოცლილი ვიყვნეთ, რომ გულდაღმა ვიწვნეთ და ჭერში ბუზებსა ვსთვლიდეთ. გაზრდა შვილისა-კი ისეთი მოვალეობაა, რომ სხვა ყველაფერი ამას უნდა შევწიროთ, ამას უნდა შევალიოთ, სხვაგან და სხვაში უნდა დავიკლოთ და ყოველივე ნაწვავ-ნადაგი, ყოველივე ამაგი და უფროს-ერთი დრო ამას უნდა შევახმაროთ.

აკი ვსთქვით, სურვილი სკოლაში შვილის მიბარებისა ბევრია, მაგრამ გვინდა-კი, რომ ყოველივე ეს ან მუქთად მოგვეცეს, ან მოწყალებასავით სხვისაგან გვეძლიოს. ჩვენ თითონ-კი ამისათვის ხელის განძრევაც გვეზარება: თუ მოვა თავის-თავად, ხომ რა კარგი, თუ არა, უმაგისოდაც გავძლებთო, ვიტყვით ხოლმე. უმაგისოდ ვერ გასძლებთ, ვერა. ამ წუთისოფელში ბედი იმისია, ვინც ძლიერია, და ძლიერი მარტო მცოდნე კაცია. მაშ თან ხომ არ გადავყვებითო მაგ ხარჯსა და მოვალეობას, როცა ჩვენ თითონაც არა გვაბადია-რაო. სწორედ თან უნდა გადაჰყვეს იგი, ვისაც წმინდა მოვალეობა დედ-მამობისა ზურგზედ აჰკიდა ბედმა და წუთისოფელმა. ტანთ მოიკელ, ფეხთ მოიკელ, მშიერ-მწყურვალი იარე და ნუ ჩასდგები-კი ჯერ შვილისა და მერე ქვეყნის ცოდვაში, — აი რა უნდა ეწეროს გულის ფიცარზედ იმ წმინდა საქმეს, რომელსაც მამაშვილობას ეძახიან.

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial