კანონი – მშობლებისთვის ბავშვების წართმევის შესახებ

კანონი – მშობლებისთვის ბავშვების წართმევის შესახებ

ამ დღეებში მთავრობის დავალებით საქართველოს პარლამენტში მზადდება კანონი, რომლის ძირითადი აზრია წარმოუდგენელი რამ – მშობლებისთვის შვილების წართმევა. ამ კანონს ჰქვია: „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ და ახლა მზადდება მასში ცვლილებების შეტანა, სადაც ნათქვამია, რომ მოძალადედ ითვლება ის მშობელი, ან ბავშვის აღმზრდელი, რომელიც არ აძლევს უფლებას ბავშვს, აღასრულოს თავისი კონსტიტუციური უფლებები. ეს ნიშნავს, რომ მშობელი არ აკმაყოფილებს ბავშვის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ საჭიროებებს, უზღუდავს საბაზისო განათლებას, სექსუალურად ძალადობს ბავშვზე.

საქართველოში ისეთი მშობლებისა და აღმზრდელების რიცხვი, რომლებიც ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობენ ბავშვებზე, შეიძლება თითზე ჩამოსათვლელი იყოს. ხოლო ის ტრადიციული ოჯახები, რომლებიც წინააღმდეგი იქნებიან თავიანთი შვილების უზნეო და ურწმუნო აღზრდისა – ასიათასობითაა. აქედან გამომდინარე, ეს კანონი ძირითადად მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, თავიანთი შვილები ქართული ტრადიციის მიხედვით აღზარდონ. ძალადობის დანარჩენი ფორმების ჩამოთვლა არის მხოლოდ და მხოლოდ ხალხისთვის თვალის ახვევა. მშობლებისთვის ბავშვების წართმევა წამოუდგენელი განსაცდელია, უდიდესი ტკივილი. სავარაუდოა, რომ წართმეული ბავშვები დაავადდებიან ფიზიკურადაც და სულიერად.

ბავშვების წართმევა უნდა განახორციელონ სოციალურმა მუშაკებმა და პოლიციამ. საინტერესოა, ვინ დასთანხმდება ასეთ საშინელ სამსახურზე.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო და ქალბატონო მინისტრებო და პარლამენტარებო, პოლიციის და უშიშროების თნამშრომელნო, თანამდებობა დროებითია! შესაძლოა ხვალ თქვენ რიგითი მოქალაქეები გახდეთ, მაშინ ეს კანონი თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შეეხება.

სამთავრობო და საპარლამენტო გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება მთელ ერს, მიღების წინ უნდა გახდეს ხალხის – ყველა მოქალაქის განხილვის, განსჯის საგანი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი კანონის მიღების ან არმიღების შესახებ.

მღვდელმონაზონი ბასილი