ხსნა მეორე მსოფლიო ომის დროს

ხსნა მეორე მსოფლიო ომის დროს

მართლმადედებელი ეკლესიის გადარჩენა ბოლშევიკურ იმპერიაში და
კაცობრიობის ხსნა ფაშიზმისგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით

უმძიმესი განსაცდელი დაატყდა თავს კაცობრიობას XX საუკუნეში: რევოლუციები, სამოქალაქო ომები, ბოლშევიკების აღზევება და მათმიერი უსასტიკესი ტერორი, შიმშილობანი, მასობრივი რეპრესიები და ბოლოს, 1939-1945 წლების მსოფლიო ომი. ბევრი ძლევამოსილი სახელმწიფო დაეცა ამ ომში ბოროტების მსახური ფაშისტებისაგან. მართალია, ბოლშევიკურ იმპერიაში ძალით თავმოყრილმა ხალხებმაც უზომოდ დიდი მსხვერპლი გაიღეს, მაგრამ მხოლოდ მათი ძალისხმევა ვერ იხსნიდა კაცობრიობას უკეთურობის იმ ბატონობისაგან, რასაც ფაშიზმი უქადდა მსოფლიოს. მაშ, ვინ იხსნა კაცობრიობა?! ვინ გადაარჩინა ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია ბოლშევიკურ უღმერთო იმპერიაში სრული განადგურებისაგან?..

ისევე როგორც 1612 წელს, ღვთის განგებით, ახლაც, რუსეთის მთავარ მლოცველად და მეგობრად ამორჩეულ იქნა მოძმე მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, ანტიოქიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მღვდელმთავარი ილია, ლიბანის მთათა მიტროპოლიტი.

იგი კლდოვან ჯურღმულში ჩავიდა ღრმად, სადაც ვერ აღწევდა ქვეყნიური ხმაური და სადაც არ იყო არაფერი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის გარდა. მეუფე სწორედ იქ განმარტოვდა, რამდენიმე დღის განავლობაში არც საზრდო მიუღია, არც წყალი დაულევია, არც დაუძინია და განუწყვეტლივ ევედრებოდა ღვთის დედას – განმიცხადე, როგორ არის შესაძლებელი რუსეთის შეწევნაო.

და აი, სამი დღე-ღამის შემდეგ ცეცხლოვან სვეტში თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მას და უთხრა: შენ, როგორც რუსეთის ჭეშმარიტი მეგობარი და მისთვის მლოცველი, არჩეული ხარ იმისთვის, რომ ღვთის განჩინება აუწყო ამ ქვეყანას. და თუკი ეს განჩინება არ იქნება შესრულებული, რუსეთი დაიღუპება.

ეს საღმრთო განჩინება შემდეგში მდგომარეობდა:

რუსეთის ხსნისათვის აუცილებლად უნდა გახსნილიყო მთელს ქვეყანაში ეკლესია-მონასტრები, სასულიერო სემინარიები და აკადემიები; ფრონტიდან დაბრუნებული და ციხე-ბანაკებიდან გათავისუფლებული მღვდლები, დიაკვნები და ეპისკოპოსები ღვთისმსახურებას უნდა შესდგომოდნენ; წმიდა პეტრეს ქალაქის (ბოლშევიკების მიერ ლენინგრადად გადარქმეულის – რედ.) ჩაბარება არ შეიძლებოდა: მის გადასარჩენად უნდა გადმოესვენებინათ ყაზანის ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი (1) და დიდებით ჯვარით სვლით შემოეტარებინათ ქალაქის გარშემო; მაშინ ვერც ერთი მტერი ვერ შედგამდა ფეხს ნევის პირას მდებარე ამ ქალაქის მიწაზე; ყაზანის ხატის წინაშე მოსკოვშიც უნდა გადაეხადათ პარაკლისი. შემდეგ ხატი ვოლგისპირა ქალაქ ცარიცინში (ბოლშევიკების მიერ სტალინგრადად გადარქმეულში – რედ.) უნდა გადაესვენებინათ, რადგან არც ამ ქალაქის ჩაბარება შეიძლებოდა მტრისათვის; შემდეგ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი რუსეთის საზღვრებამდე უნდა მიჰყვეს ჯარებს, ხოლო როცა ომი დასრულდება, მიტროპოლიტი ილია რუსეთში უნდა ჩავიდეს და ყველას მოუთხროს, თუ როგორ გადარჩა ეს ქვეყანა.

ამ საკვირველი გამოცხადების შემდეგ მეუფე ილია დაუყოვნებლივ დაუკავშირდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს, საბჭოთა მთავრობას და აცნობა მათ ღვთის განჩინების შესახებ.

სტალინმა გამოიძახა მიტროპოლიტი სერგი, მიტროპოლიტი ალექსი, სხვა მღვდელმთავრები და აღუთქვა, რომ შეასრულებდა ყველაფერ იმას, რაც მიტროპოლიტმა ილია მეორემ აუწყათ (2).

სანკტ-პეტერბურგის წმიდა ვლადიმირის საკათედრო ტაძრიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ყაზანის ხატი გამოასვენეს და დიდებით სვლით ქალაქის გარშემო შემოატარეს. ამის შემდეგ ფაშისტებმა, მართლაც, ერთი ბიჯიც ვერ წადგეს ნევისპირა ქალაქისაკენ, ხოლო ბლოკადა გარღვეულ იქნა საქართველოს განმანათლებლის, წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ხსენების დღესასწაულზე – 14 (27) იანვარს! ეს მეტად საგულისხმო ფაქტია, რამეთუ ორი იმპერიის მიერ გაჩაღებულ ამ ომში თავდადებულად იბრძოდნენ, სხვებთან ერთად, მართლმადიდებელი ქართველნიც, რომელთაც უზომოდ დიდი მსხვერპლი გაიღეს: ომში წავიდა საქართველოს ყოველი მეხუთე მცხოვრები – 700000 კაცი, მათგან 400000-მდე ვერ დაბრუნდა. ამასთან საბჭოთა ჯარების მთავარსარდალიც ხომ ქართველი იყო, ჯუღაშვილის გვარის, სასულიერო სემინარიაში ნასწავლი კაცი, რომელმაც, მიუხედავად ყველაფრისა, გადამწყვეტ მომენტში მაინც ისმინა და ირწმუნა ღვთისმსახურთა მიერ უწყებული გზა მისი თვითმპყრობელური ნების ქვეშ მოქცეული ქვეყნის გადარჩენისა (3).

პეტერბურგის შემდეგომ ყაზანის ხატმა მთელი რუსეთი მოვლო ძლევითა და დიდებით. ღვთის დედის ლოცვებისაგან აღსრულებული სასწაულითა და მისი თანადგომით გადარჩა მოსკოვი, რომლის მისადგომებიც პანიკურად დატოვეს გერმანელმა ფაშისტებმა. მოსკოვის შემდეგ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ვოლგისპირა ქალაქში (სტალინგრადში) გადაასვენეს, სადაც მის წინაშე განუწყვეტლივ აღესრულებოდა პარაკლისები და პანაშვიდები. ხატი ვოლგის მარჯვენა ნაპირზე ესვენა, საბჭოთა ჯარებს შორის, და გერმანელებმა ვერაფრით ვერ შეძლეს მდინარის გადალახვა. ერთხელ ისეთი მომენტიც იყო, როცა ქალაქის დამცველნი ერთ მცირე ადგილზეღა დარჩნენ ვოლგის ნაპირას, მაგრამ მტრებმა მაინც ვერ მოახერხეს მათი განდევნა, რადგან წითელი არმიის მეომრებთან საკვირველმოქმედი ხატი იყო…

სხვა დროს უდიდესი სიძნელის წინაშე იდგნენ მოიერიშე მეომრები ძველი გერმანული ქალაქის – კენისბერგის გათავისუფლებისას, რომელიც უაღრესად გაემაგრებინათ. აი, რას მოგვითხრობს ერთი რუსი ოფიცერი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ქალაქისათვის გამართულ ბრძოლებში:

„ჩვენი ჯარები გადაქანცულნი და ძალთაგან გამოფიტულნი იყვნენ, გერმანელები კი კვლავ მაგრად იდგნენ… ერთ დღესაც, მოულოდნელად, ვხედავთ: ჩამოვიდა ფრონტის მთავარსარდალი მრავალ ოფიცერთან ერთად, ხოლო თან მღვდელბი მოჰყვებიან ხატებით!

ბევრმა მაშინ ქილიკი დაიწყო:

– აი, მოვიდნენ, მღვდლები მოგვიყვანეს!.. ეგენი ნამდვილად გვიშველიან!

მაგრამ მთავარსარდალმა სწრაფად აღკვეთა ყოველგვარი ხუმრობა. ყველას უბრძანა, მწყობრში დამდგარიყვნენ და ქუდები მოეხადათ.

მღვდლებმა პარაკლისი გადაიხადეს და წინა ხაზისკენ წავიდნენ ხატითურთ. ჩვენ გაოგნებულები შევყურებდით: სად მიდიან? თანაც გამართულნი, გერმანელების თვალწინ! მათ ხომ ყველას დახოცავენ!.. მაგრამ, დახეთ, საოცრებას – მღვდლები უვნებლად მიდიოდნენ ბრძოლის ხაზზე და ყურადღებას არ აქცევდნენ გამალებულ სროლას, ცეცხლს ორივე მხრიდან.

ანაზდად სროლა გერმანელთა მხრიდან ერთდროულად შეწყდა! მაშინ სიგნალი მისცეს და ჩვენმა ჯარებმა ქალაქ-სიმაგრის ერთობლივი შტურმი დაიწყეს – ხმელეთიდანაც და ზღვიდანაც.

როგორც შემდეგ გერმანელი ტყვეები ჰყვებოდნენ, უშუალოდ შტურმის წინ მათ, ყველას, ცაში მადონა (ანუ ღვთისმშობელი) დაუნახავთ და… აბსოლუტურად ყველას ერთდროულად უმტყუნა იარაღმა. სწორედ მაშინ აიღეს ჩვენებმა ქალაქი, რადგან ზემოხსენებული სასწაულით იქნა გადალახული მტრის წინააღმდეგობა. ღვთის დედის ამ გამოცხადების დროს, თურმე, ბევრი გერმანელი მებრძოლი მუხლებზე ემხობოდა და მაშინ მრავალნი მიხვდნენ, თუ ვინ შეეწეოდა რუსებს“ – ამთავრებს თხრობას ყოფილი მებრძოლი.

აღსანიშნავია ისიც, რომ კიევიც – რუსეთის მართლმადიდებელ ქალაქთა დედა – სწორედ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე იქნა გათავისუფლებული!

იმ ხანებში ამოქმედდა მანამდე დახურული 22000 ეკლესია, გაიხსნა სასულიერო სემინარიები, აკადემიები, ტროიცე-სერგის, კიევო-პეჩორის ლავრები, ზოგიერთი სხვა მონასტერიც. ხელისუფლებამ ნება დართო სამღვდელოთ მიტროპოლიტ ალექსის წმიდა ნაწილები გადაესვენებინათ მოსკოვის ღვთის განცხადების საკათედრო ტაძარში, სადაც მთელი ამ ომის განმავლობაში განისვენებდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ყაზანის საკვირველმოქმედი ხატი. დაიწყო სარწმუნოების აღორძინება. ყოველივე ეს თავისთავად არის სასწაულებრივი ფაქტი საბჭოთა იმპერიისათვის, თუ გავიხსენებთ, რომ რევოლუციის შემდეგ უღმერთო ბოლშევიკებმა სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს ეკლესიას და მებრძოლი ათეიზმის მეშვეობით მის სრულ მოსპობას ცდილობდნენ: ხურავდნენ და აფეთქებდნენ ეკლესია-მონასტრებს, აპატიმრებდნენ, ასახლებდნენ და ხვრეტდნენ მღვდელმსახურებს, მართლმადიდებელ მორწმუნეებს. როცა, მაგალითად, კიევი დაიკავეს ფაშისტებმა, მთელს ქალაქში მხოლოდ ორი მოქმედი ეკლესია იყო, კიევის ოლქში კი – კიდევ ერთი. ამიტომ ფაშისტები, ცდილობდნენ რა ხალხის მხარდაჭერა მოეპოვებინათ ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში, ხელს უწყობდნენ ეკლესიების ამოქმედებას. პარადოქსია, მაგრამ სწორედ მათი მხარდაჭერით 1943 წლისათვის მთელს კიევის ეპარქიაში უკვე 500-მდე მოქმედი ეკლესია იყო. ამის შემდეგ გასაგებია ბოლშევიკური მთავრობის რეაქციაც. ასე მოქმედებდა ღვთის მიუწვდომელი განგებულება: ორი ბოროტი ძალა – ფაშიზმი და ბოლშევიზმი – ერთმანეთს დაუპირისპირდა, ღმერთმა კი ეკლესია გადაარჩინა. (საყურადღებო გახლავთ ის გარემოება, რომ იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის დროს, ბოლშევიკური მთავრობა ახალი ძალით ეკვეთა ეკლესიას და კვლად დაიწყო მართლმადიდებელ ქრისტიანთა დევნა. ამასთან, სპეციალისტთა ცნობით, ამ დროს უფრო მეტი ეკლესია დაინგრა და უფრო მეტი წმიდა ხატი განადგურდა, ვიდრე მთელს მანამდელ საბჭოთა პერიოდში!).

1947 წელს, პირადად ი. სტალინის მიწვევით, მიტროპოლიტი ილია რუსეთში ჩავიდა. მიტროპოლიტ ილიას მიართვეს ყაზანის ხატის ასლი, ძვირფასი ჯვარი და პანაღია, შემკული ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩამოტანილი პატიოსანი თვლით. მას სახელმწიფო პრემიაც მიანიჭეს, რაზეც სტუმარმა უარი განაცხადა – ბერი ვარ და ფული არ მჭირდებაო. თავის მხრივ კი, რუსეთს ორასი ათასი დოლარი გადასცა ანტიოქიის ეკლესიის სახელით – იმ ობოლ ბავშვთათვის, რომელთაც მშობლები ომში დაეხოცათ.

მიტროპოლიტი ილია სანკტ-პეტერბურსაც ეწვია. 9 ნოემბრის დილით, მან წმიდა ნიკოლოზის ტაძარში სწირა და უძვირფასესი ძღვენიც მოართვა ამ ეკლესიას – მღვდელმთავარ ნიკოლოზ საკვირველმოქმედის წმინდა ნაწილები.

ღვთის დედის გამოცხადება ომის დროს კურსკის რკალთან

როგორც ცნობილია, 1941-1945 წლების სამამულო ომში მოსკოვის, პეტერბურგისა (ლენინგრადის) და ცარიცინის (სტალინგრადის) ბრძოლების შემდეგ, უდიდესი ორთაბრძოლა მოხდა კურსკთან (ე.წ. „კურსკის რკალი“), რომელშიც ორივე მხრიდან რამდენიმე მილიონი მებრძოლი და აუარება ტექნიკა მონაწილეობდა. სწორედ ამ ბრძოლაში მოხდა გარდატეხა ომში და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ფაშისტების განდევნა. მისი უშუალო მონაწილეების უტყუარი მოწმობით (ეს კი ასობით ადამიანია!), ბრძოლის დაწყების წინ მებრძლებმა ცაში ყოვლადწმიდა ღვთიმშობელი დაინახეს: იგი საკვირველად მბრწყინავი გამოჩნდა ღამით, ცაში, და ხელის მოძრაობით თითქოს შეტევისკენ მოუწოდებდა მათ. სახილველი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ჯარისკაცები და ოფიცრები, რომელთა უმრავლესობა ათეისტურად აღზრდილი და ურწმუნო იყო, მუხლებზე ემხობოდნენ და პირჯვარს ისახავდნენ. ყველა მხნეობით აღივსო დ უშიშრად შეება მტერს, რადგან ცხადი იყო, რომ ღმერთი შეეწეოდათ.

კურკის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ შემობრუნება დაიწყო მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში.

ამ სასწაულის მოწმეთაგან ბევრნი დღესაც ცოცხალნი არიან და შეუძლიათ დაადასტურონ იგი, მით უმეტეს, რომ მათი უმეტესობა ღრმად მორწმუნე ადამიანია.

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი :

(1) მცირედ ცნობებს მოგაწვდით ამ ხატის შესახებ: ეს ხატი სასწაულებრივად იქნა მოპოვებული 1579 წელს, ყაზანში მომხდარი დიდი ხანძრის დროს. 9 წლის მართლმადიდებელ გოგონას – მატრონას, რომლის მშობელთა სახლიც მთლიანად დაიწვა, სიზმრეულ ჩვენებაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ეჩვენა და ხმაც მოესმა, ჩაფერფლილი სახლის ქვეშ, მიწაში მოეძიათ ხატი. მართლაც, წმიდა ხატი ღუმელის ქვეშ, მიწაში დამარხული აღმოაჩინეს, სადაც, ალბათ, ეს მუსლიმი თათრების ბატონობის დროს გადამალეს მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა. წმიდა ხატი, რომელიც ძველ მაუდში იყო საგულდაგულოდ გახვეული, გალობითა და დიდებით სვლით გადაასვენეს მახლობელ – წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, შემდეგ კი საბოლოო სამყოფლად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების საკათედრო ტაძარი მიუჩინეს, სადაც იგი სასწაულთმოქმედებებით განიდიდა. აღსანიშნავია, რომ მისი ძალით ბევრმა ბრმამ აღიხილა თვალი. ამ ხატიდან ასლი გადაიღეს და იმჟამინდელ ხელმწიფეს – ივანე მრისხანეს გაუგზავნეს. ხატის გამოცხადების პატივად დაწესებულ იქნა საგანგებო დღესასწაული 8 ივლისს.

(2) რარიგ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არსებობს ცნობები სტალინის შემწყნარებლური დამოკიდებულებისა რელიგიასთან ჯერ კიდევ ომამდე. ისინი მოყვანილია თ. ჩაჩავას წიგნში „სტალინის გზა ქრისტესკენ“ („ლიტ. საქართველო“, №2, 1997 წ.):

„ვ.ა. დავიდოვას ცნობით, 1935 წელს აფხაზეთში დასვენების დროს, სტალინმა ახალი ათონის მონასტრისთვის დიდი თანხა გაიღო. შემდეგ ბერებს მიმართა: „სტალინის სულისათვის ილოცეთო“. ამის შემდეგ საკმაოდ დიდხანს ჰქონდა საუბარი წინამძღვართან, რის შემდეგ მას უთქვამს: „უნდა დავუბრუნოთ ხალხს ლოცვის კანონიერი უფლება, უსამართლობაა ადამიანს წაართვა რწმენა. რუს ხალხს არ შეუძლია ღმერთის გარეშე არსებობა“. შემდეგ მოსთხოვა აფხაზეთის ხელმძღვანელებს მოეხსნათ სამონასტრო ბეგარა.

როდესაც 30-იან წლებში ხრუშჩოვმა მოახსენა, რომ მოსკოვის საქალაქო სასამართლოში იმყოფება კულტის 51 მსახური, სტალინმა მოითხოვა მათი იმავე წუთს განთავისუფლება.

ამავე დროს მან კატეგორიულად აკრძალა დემიან ბედნის წიგნი „ბიბლია მორწმუნეთა და ურწმუნოთათვის“, განმსჭვალული მებრძოლი ათეიზმის სულისკვეთებით“.

(3) ნიშანდობლივია, რომ როცა 1949 წელს სტალინს წარუდგინეს მისი ბიოგრაფიის მეორე გამოცემის მაკეტი, სადაც ეწერა, რომ იგი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მან ჩაამატა: „თბილისის მართლმადიდებელ სასულიერო სემინარიაში“.

წყარო: orthodoxy.ge