25 მარტი – საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე (1917)

25 მარტი – საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე (1917)

საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო, მაგრამ მაცხოვრის გამოცხადებით თავის ნაცვლად ივერიაში წამოსასვლელად წმიდა ანდრია პირველწოდებული (ხს. 30 ნოემბერს) აკურთხა და თან თავისი ხატი გამოატანა.

წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის თაოსნობით, 472 წელს ქართლის კათალიკოსად დადგინდა პეტრე და მთავარეპისკოპოსად – სამოელი. მანვე დაადგინა თორმეტი საეპისკოპოსო. „აქადგან იწყეს კათოლიკოსთა მთავრობად“, წერს „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ავტორი. მაშასადამე, ვახტანგის დროიდან ქართლის ეკლესიას გააჩნდა საკუთარი საეკლესიო კრება, რომელიც უფლებამოსილი იყო თვისი შინაგანი საქმეები, ეპისკოპოსთა ხელდასმა-გადაყენება, თვითვე განეგო. ეკლესია დამოუკიდებელი გახდა.

1801 წელს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მრავალსაუკუნეობრივმა სახელმწიფოებრიობამ არსებობა შეწყვიტა და ოდესღაც დიდი ქვეყანა ორი გუბერნიის სახით შეუერთდა რუსეთის იმპერიას.

1811 წლის 10 ივნისს ალექსანდრე I სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ანტონ II-ს სწერს: „საქართველოს სამეფოს რუსეთის სახელმწიფოსთან შემოერთების შემდეგ საქართველოს ეკლესიაც უნდა გაერთიანებულიყო უწმიდესისა და უმართებულესის სინოდის გამგეობაში. ახალ მართვა-გამგეობასთან მოუთავსებელი იქნებოდა საქართველოში კათოლიკოსის ყოფნა. გითხოვთ თქვენ საქართველოს ეკლესიის საქმეების განმგებლობისაგან, უწმიდესის სინოდის წევრობისა და კათოლიკოსის სახელის შენარჩუნებით“. ასე გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ანტონ II რუსეთში გადაასახლეს. რაღაც ათიოდე წლის მანძილზე საქართველომ მეფეც დაკარგა და მამამთავარიც. პოლიტიკურ თავისუფლებადაკარგულმა საქართველომ სულიერი დამოუკიდებლობაც დაკარგა.

XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მესვეურებმა, ქართველ სამღვდელოებასთან ერთად, დაიწყეს ზრუნვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი, წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე, ხს. 20 ივნისს) მეთაურობით, მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს ეახლა და ოფიციალურ დონეზე მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა. მეფის მთავრობამ დანიშნა სხდომა, სადაც მოხსენებით გამოვიდნენ: ეპისკოპოსები კირიონი, ლეონიდე, პროფესორები ალ.ცაგარელი, ალ.ხახანაშვილი, ნიკო მარი. კირიონის მოხსენების თემები იყო: 1) ქართული საეკლესიო საკითხი; 2) რა აიძულებს ქართველებს, იმეცადინონ თავისი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე; 3) რომელ წელს მიენიჭა ივერიას ავტოკეფალია; 4) ეროვნული პრინციპი ეკლესიაში. ქართველებმა დაასაბუთეს, რომ ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია, აგრეთვე ის, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო ეკლესიის კრებების კანონებს.

სხდომაზე უმრავლესობას წარმოადგენდნენ: პროფ. გლებოვსკი, დეკანოზი ვოსტორგოვი, ბუტკევიჩი და მათი მიმდევრები, რომელთაც უარყვეს ქართველი საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნები. მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ ნიკო მარმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლმა მღვდელმთავრებმა და მეცნიერებმა: კ. ცინცაძემ, ნ. დურნოვომ, თ. ჟორდანიამ გამოაქვეყნეს მონოგრაფიები, რომლებშიც დასაბუთებული იყო საქართველოს ეკლესიის თავისთავადობის აუცილებლობა.

1917 წლის 12 (25) მარტს, ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე მიიღო შემდეგი შინაარსის დოკუმენტი: 1) ამიერიდან, 12 მარტიდან, გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 2) დროებით, კათოლიკოსის არჩევამდე, ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე; 3) საქართველოს ეკლესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან როგორც სასულიერო, ისე საერო პირები.

avtokefaliaaxali1

იმავე წლის სექტემბერში, ქართულმა ეკლესიამ, 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი. ეს პატივი და ჯვარი წილად ხვდა ავტოკეფალიისათვის დაუცხრომელ მებრძოლს, კირიონს, რომელიც შემდგომ ვერაგულად მოკლეს მარტყოფის მონასტერში.

ღვთის განგებით, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღიარა, მაგრამ არ არსებობდა ამ აღიარების წერილობითი დასტური, რომლის უქონლობის გამოც, ჩვენს წმიდა წინაპრებს ხშირად უხდებოდათ ბრძოლა საქართველოს მრავალტანჯული ეკლესიის დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად.

ღვთის შეწევნითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაუღალავი მოღვაწეობით, მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა. ამავე წლის 4 მარტს, მართლმადიდებლობის დღესასწაულის დღეს, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა ყოვლადუწმიდესმა დიმიტრიოსმა საზეიმო ვითარებაში გადასცა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია II-ს საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების, და საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქოს ტიტულის ცნობისა და ბოძების სიგელები.

avkkk_2

ეს იყო უდიდესი გამარჯვება და სიხარული. ამ ამბავს გამოეხმაურა სრულიად საქართველო, როგორც უწმიდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღნიშნა, ეს იყო ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის საზეიმო და საბოლოო აღიარება.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

(იბეჭდება შემოკლებით. სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ orthodoxy.ge)