თბილისის სიონი

თბილისის სიონი

გადმოცემით სიონი ერთ-ერთი იმ ტაძართაგანი იყო, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო თბილისში V ს-ის II ნახევარში. ტაძარს საფუძვლად დაედო ღვთისმშობლის მიძინების ადგილზე გეთსამანიის ბაღში აღმართული ტაძრის გეგმა. მშენებლობა გრძელდებოდა ტახტის მემკვიდრის დაჩისა (499-514) და ქართლის ერისმთავარ გუარამ კურაპალატის (514-599) დროსაც. მშენებლობა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ერისთავები ისე ქალაქის მოსახლეობა, დასრულდა ერისმთავარ ადარნასეს (619-639) დროს, 620-იან წლებში. ტაძრის აღშენებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა ვინმე მდიდარმა ქვრივმა, რომლის ვინაობაც უცნობი დარჩა.

მომდევნო ხანაში სიონი არაერთხელ დაინგრა და აღდგა. სავარაუდოდ ტაძარი საფუძვლიანად განაახლეს მას შემდეგ, რაც 1122 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა თბილისი აიღო და საქართველოს სამეფო ტახტი აქ გადმოიტანა. 1226 წელს ხვარაზმელთა შაჰმა ჯალალ ად-დინმა ჩამოანგრია ეკლესიის გუმბათი, რომელიც, როგორც ჩანს, მალევე აღადგინეს. თემურლენგის 1386 წლის შემოსევის დროს დაზიანებული შენობა შეაკეთა მეფე ალექსანდრე I-მა. 1556 წელს ტაძარი კვლავ გაანადგურა შაჰ თამაზმა, ხოლო 1616 წელს კი შაჰ-აბასმა. ირანელთა მიერ თბილისის რამდენიმეგზის აოხრების შედეგად დანგრეული ტაძარი 1667 წელს აღადგინა მთავარეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა, რომელზეც მოწმობს წარწერა სამხრეთ ფასადზე:

„ნებითა ღუთისათა და შეშევნითა სიონთა ღუთის-მშობლისათა, მე თფილელმან ელისე საგინაშვილმან, აღუაშენე გუმბათი ესე სიონისა, ორჯერ სამხრეები და კარისბჭე და დავხატე და შევამკე ყოვლითა სამკულითა. შენდობას იტყოდეთ ღუთის გულისათჳს ამინ. ქორინიკონ ტმე.“

მაგრამ 1668 წლის მიწისძვრამ შენობა ისევ დააზიანა. 1710 წელს მეფე ვახტანგ VI-მ განაახლა ტაძრის გუმბათი, საპირე წყობა და სახურავი. აღნიშნული დაფიქსირებულია ჩრდილოეთ ფასადზე წარწერის სახით.

უკანასკნელი დიდი დაზიანება შენობამ განიცადა 1795 წლის ირანის გამგებლის აღა მაჰმად ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს.

XIII ს-ში ტაძარზე სამხრეთიდან მიშენებული წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერი XVII ს-ში საფუძვლიანად განაახლა მთავაერპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა. 1803 წელს ციციანოვის მმართველობის დროს ტაძარი საფუძვლიანად აღადგინეს და 1861 წლის 17 დეკემბერს მოხდა სიონის ტაძრის ხელახალი კურთხევა ეგზარხოს ევსევის მიერ. 1980-83 წლებში ტაძარი გარედან ახლად შემოსეს თლილი ქვით, ამავე დროს ტაძარს ჩრდილოეთიდან მიაშენეს წმინდა ვახტანგ გორგასლის ეგვტერი.