ყურადღება მიაქციეთ თქვენი შვილების აღზრდას! – წმ. ლუკა ყირიმელი

ყურადღება მიაქციეთ თქვენი შვილების აღზრდას! – წმ. ლუკა ყირიმელი

18 მარტს (5 მარტს ძვ. სტ.) აღინიშნება XX საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი  მართლმადიდებელი მოღვაწისა და ქირურგის – წმინდა ლუკა ყირიმელის (1877-1961) ნაწილთა აღმოყვანება.

ih3441 - Copy

მკითხველს ვთავაზობთ წმინდა მამის წერილს, რომელიც დღესაც აქტუალურია და ჩვენი შვილების სწორ აღზრდას ეხება:

ყურადღება მიაქციეთ თქვენი შვილების აღზრდას! – წმიდა ლუკა ყირიმელი

“მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არავინ არს, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი, გინა დანი, გინა მამაჲ, გინა დედაჲ, გინა ცოლი, გინა შვილნი, გინა აგარაკნი ჩემთჳს და სახარებისა ამისთჳს, უკუეთუ არა მოიღოს ასი წილი აწ ჟამსა ამას სახლი და ძმანი და დანი, მამაჲ და დედაჲ და შვილნი და აგარაკნი შემდგომად დევნისა და საუკუნესა მას მომავალსა ცხორებაჲ საუკუნოჲ” (მარკოზი 10, 29-30).

უფლის ეს სიტყვა უტყუარია. საკუთარი გამოცდილებით გარწმუნებთ, რომ როდესაც ჩემი საკუთარი შვილები დავტოვე და მათი აღზრდა ღმერთს მივანდე, უფალს მათზე ზრუნვა არ შეუწყვეტია. ჩემი შვილები სწორად აღიზარდნენ და ვფიქრობ, რომ თავად მე ვერც კი შევძლებდი მათ ესოდენ კარგად აღზრდას. და ღმერთმა მე ასჯერ უფრო მეტი შვილები მომცა. ყველა თქვენგანის თავი მიბოძა. თქვენი გულები მაჩუქა, რადგანაც ვიცი, თუ რაოდენ გიყვართ ჩემი თავი და მეც თქვენს სიყვარულს ჩემი მხურვალე სიყვარულით ვპასუხობ. მართლაც, ძალიან ბევრი შვილი მიბოძა უფალმა!…

თქვენი შვილები აუცილებლად განათლებულები უნდა იყვნენ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ მათი განათლება და აღზრდა არ უნდა იყოს შემოფარგლული მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული სიბრძნით, ამა სოფლის სიბრძნით. დაე, ისინი, იმავდროულად, ზესიბრძნესა და ყველაზე უმაღლეს ჭეშმარიტებას დაეუფლონ. ისწავლონ უფლის კანონი და ქრისტეს მცნებები. დაე, ისწავლონ ღმრთისმოსაობა, რათა ყოველთვის ახსოვდეთ უფალი და სწორი ქრისტიანული გზა. მხოლოდ მაშინ არ დაიკარგებიან თქვენი შვილები ადამიანური სიბრძნის გზებზე, მხოლოდ ამგვარად, და მიუხედავად ყველაფრის ყოველთვის ექნებათ ქრისტიანული სიბრძნე და უფლის შეცნობის უნარი. მაშასადამე, სწორედ ამგვარი გზით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები.

მოვა დრო და ღმრთის წინაშე პასუხი მოგეთხოვებათ იმ ცუდი მაგალითების გამო, რასაც თქვენს შვილებს აძლევთ, იმ ჩხუბის გამო, რომელიც მათ წინაშე ხდება, იმ ფუჭი ყბედობის გამო, რომელიც მათ ესმით და შემდეგ იმეორებენ. თუკი თავად თქვენ ამ ყოველივეს სჩადიხართ, მაშინ თქვენმა შვილებმა რა უნდა ისწავლონ თქვენგან?

სანამ პირზე რძე არ შეშრობიათ, ანუ სანამ ჯერ კიდევ პატარები არიან, გვმართებს დავიწყოთ მათი აღზრდა, რადგან ბავშვები მხოლოდ ძალიან პატარა ასაკში იოლად ითვისებენ ზნეობით სწავლასა და მონდომებას. ამ დროს მათი სულები რბილ ცვილს ჰგავს, სადაც ყოველი თქვენი სიტყვა ან ქმედება, კარგი თუ ცუდი მაგალითი, კეთილი თუ სამარცხვინო სიტყვა თავის ნაკვალევს ტოვებს.

“ჩვილ ყლორტს საითკენაც მიაბრუნებ იქითკენ დაიხრება, ახალი ჭურჭელი კეთილსურნელებას გამოსცემს თუ აყროლდება, იმაზეა დამოკიდებული, თუ შიგ რას ჩაასხამ – სურნელოვან სითხესა თუ ჭუჭყს” (წმიდა ტიხონ ზადონელი).

დედა, შვილისათვის ყველაზე საყვარელი არსება, სიყვარულისა და სინაზის წყარო, ქრისტეს ხატის წინაშე მლოცველი დგას. ბავშვი ხან დედას უცქერის, ხან კი – იესოს ხატს და არ საჭიროებს ბევრ ახსნა-განმარტებას იმისათვის, რომ გაიგოს, თუ რას ნიშნავს ეს. აი, სწორედ ეს არის მისი პირველი, ღმრთის შეცნობის უსიტყვო გაკვეთილი. ეს არის ღმრთისმოსაობის პირველი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გაკვეთილი. სწორედ ამგვარი მაგალითები შეგიძლიათ და გმართებთ კიდეც, რომ ხშირად მისცეთ თქვენს შვილებს.

დედისათვის არ არსებობს ბავშვების აღზრდაზე უფრო დიდი მოვალეობა და უფრო წმიდა საქმე, რომლის გამო იგი ღმრთის წინაშე აგებს პასუხს. და თუკი, ამ საქმეს უგულისყუროდ მოეკიდებით, მაშინ უფლის წინაშე მოგიხდებათ პასუხის გაცემა. ტანჯვა ამქვეყნიური ცხოვრებიდანვე დაიწყება, თქვენი შვილების შემხედვარენი ცხარე ცრემლებს დაღვრით და ოხვრა აღმოგხდებათ.

მაშ, “ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი” (მათე, 18, 10). იზრუნეთ თქვენს შვილებზე, შეეცადეთ, რომ მათთვის ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების მაგალითი იყოთ და უფლის ლოცვა-კურთხევა არ მოგაკლდებათ არც თქვენ და არც თქვენს შვილებს უკუნითი უკუნისამდე.