ყრმათა გახრწნის შესახებ – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ყრმათა გახრწნის შესახებ – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

თუ ვინმე გვკითხავს, ჩვენი ცხოვრების რომელი პერიოდი იყო ყველაზე ბედნიერი, ჩვენ ალბათ ვუპასუხებთ, რომ ეს იყო ბავშვობა. ბავშვობის მოგონებებში არის რაღაც განსაკუთრებული მიმზიდველი ძალა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ბავშვობაში არის რაღაც აუხსნელი – ის, რაც დავკარგეთ, როცა გავიზარდეთ.

ბავშვის ემოციური სამყარო უფრო ღრმა და მდიდარია, ვიდრე მოზრდილისა. ბავშვი ყველაფერს, რაც მის გარშემოა, უშუალოდ აღიქვამს და თამაშშიც კი არ კარგავს ამ უშუალობას. ადამიანის სიწმინდე პირობითია, მაგრამ ბავშვი, რომელშიც ჯერ არ გაუღვიძია ვნებებს, სამყაროს სხვა თვალით უყურებს და ხედავს იმას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ხატოვნად თუ ვიტყვით, იგი ცაზე იმ ვარსკვლავებს ხედავს, რომლებიც ჩვენი თვალისათვის უხილავია. ბავშვს შეუძლია უფრო ღრმად განიცადოს, უფრო გულწრფელად უყვარდეს, უფრო ერთგული მეგობარი იყოს. როცა ადამიანს ძალიან უჭირს, უნებლიეთ იხსენებს ბავშვობას – ნათელ განთიადს მისი ცხოვრების ცის კამარაზე, რომლებიც შემდეგ ღრუბლებითა და ბინდით დაიფარა. თავად ბავშვის უბრალოება, რომელიც ჩვენ დავკარგეთ, არის მისი ბედნიერების წყარო, ხოლო ბავშვის უბიწოება – ყველაზე დიდი ძალა.

ბავშვობა ადამიანის სიცოცხლის მარგალიტია. ახლა უნდათ ეს მარგალიტი მოიტაცონ, ტალახში ჩააგდონ და ფეხით გათელონ ისე, როგორც სულ ცოტა ხნის წინ ტაძართა დამანგრევლები რაღაც დემონური ღვარძლით შეურაცხყოფდნენ სიწმინდეს, ან როგორც სატანის მოსახმობად შავ მაგიაში ჯვრის დამტვრევის რიტუალს აღასრულებენ. ახლა სურთ შებილწონ ბავშვობა, როგორც ღვთისმებრძოლნი ბილწავდნენ სიწმინდეს, სურთ ბავშვები გარყვნილების ჭაობში ჩაითრიონ და ძალდატანებით მოუწამლონ სისხლი. სატანისტურ რიტუალებში კულმინაციური მომენტი იყო ბავშვის მკვლელობა და სატანისათვის მსხვეპლად შეწირვა. ახლა სურთ მოკლან ჩვენი ბავშვების სულები, მაგრამ არა დანით, არამედ სულიერი შხამით, სურთ ჩაძირონ ბავშვის სული გარყვნილებაში, რათა ის ამ სიბინძურით გაიჟღინთოს.

ნაწილობრივ თავად მშობელები რყვნიან თავის შვილებს, როცა სახლში შეაქვთ პორნოგრაფია, გაზეთები და ჟურნალები უსირცხვილო გამოსახულებებით ან მდუმარედ აძლევენ შვილებს ნებას უყურონ სატელევიზიო გადაცემებს, სადაც განზრახ საყოველთაოდაა წარმოჩენილი ცხოვრების ბინძური უკანა მხარე. ამასთან ერთად ისმის ხმები, რომლებიც ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ შეიძლება ჭაობში ისე გაიარო, რომ ფეხი არ დაგესვაროს.

ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან, ვიდრე მოზრდილები. ცნობისმოყვარეობა ბავშვის ერთ-ერთი თვისებაა. გარეგან შთაბეჭდილებებს ბავშვი უფრო ღრმად და ემოციურად აღიქვამს და ისინი მის სულში ძნელადწაშლელ კვალს ტოვებს. მშობლები, რომლებიც არ ცდილობენ თავისი შვილების სიწმინდის შენარჩუნებას, იმათზე უარესები არიან, ვინც შვილებს შიშვლებსა და მშივრებს ტოვებს.

სატანურ ძალებს არასაკმარისად ეჩვენებათ გარყვნილების ის უზარმაზარი ნაკადი, რომელმაც თანამედროვე საზოგადოება წალეკა; მათ მცირედ ეჩვენებათ ის, რომ სექსუალური შტორმის ტალღები ჩვენი ქვეყნის ყველაზე მოშორებულ და ყრუ კუნჭულებამდეც მიგორდა და ჩაახრჩო ოჯახური სიყვარული, მშობელები მხოლოდ თავის მსგავს არსებათა ”მწარმოებლად” აქცია და თავად ბავშვები – სექსუალური რევოლუციის არასასურველ თანმხლებ ”პროდუქტებად”. მათ სურთ ძალით გახრწნან ბავშვები სკოლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებიც გარეგნულად რაიმე ქველმოქმედების ნიღაბს არიან ამოფარებულნი. მაგრამ ასეთი ორგანიზაციების ნამდვილი მიზანი არის ბავშვის ცნობიერებაში ყველაფრის ნებადართულობის ჩანერგვა. მათი მიზანია დაანგრიონ ერის საუკუნოვანი ტრადიციები, შეამცირონ ან სულ მოსპონ მართლმადიდებელი მშობელების გავლენა მათ შვილებზე (”ბავშვთა დაცვის” ნიღაბქვეშ). მათი მიზანია თანდათან დანერგონ აზრი, რომ ერის ზნეობრივი კანონები ბნელი წარსულის გადმონაშთია, ხოლო ქორწინებამდე სიწმინდის შენახვა – ის, რაც პატიოსნებად ითველებოდა – წარმოაჩინონ, როგორც თვითინკვიზიცია ან მშობლების ძალმომრეობა შვილთა უფლებებზე.

სიწმინდის გახრწნით სატანური ძალა ქრისტიანულ ქორწინებას ანგრევს. ადამიანი შეიძლება იდეისათვის თავს სწირავდეს, მაგრამ გარყვნილ გულში ვერ იარსებებს იდეალი და აქედან გამომდინარე, იდეებიც. მას რჩება ერთი მიზანი: სიცოცხლისაგან მაქსიმალურად გამოწუროს სიამოვნება და ამისთვის არავითარ საშუალებაზე არ თქვას უარი. ხატოვნად თუ ვიტყვით, ერი, რომელიც მაღალი ქრისტიანული იდეალებით ცხოვრობს, ეკლესიად იქცევა, ხოლო ერი, რომელიც ზნეობას კარგავს, იქცევა უსახურ ბრბოდ, ხალხად წარსულისა და მომავლის გარეშე.
ახლა ექსპლუატაციას უწევენ რა სიტყვებს ”კულტურა” და ”ცივილიზაცია”, მთელი რიგი ქვეყნების სკოლებში შეიტანეს სექსოლოგია, როგორც საგანი, რომელშიც ”მასწავლებელი” ეროტიკული თამაშების რეჟისორადაა ქცეული. ბიჭებმა და გოგონებმა მეუღლეთა ურთიერთობის იმიტაცია უნდა მოახდინონ. ბავშვებს უხსნიან არა მხოლოდ პრაქტიკულ სექსს, არამედ პათოსექსოლოგიასაც, აძლევენ რეკომენდაციებს, როგორ უნდა ”დაიცვან” თავი ჩასახვისაგან და ა.შ.

რევოლუციის შემდეგ 20-ე საუკუნის 20-იან წლებში რუსეთში გაჩნდა საზოგადოება ”ძირს სირცხვილი!”, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტერორისტი და რევოლუციონერი ქალი კილონატაი. ამ საზოგადოების მიზანი იყო ხალხი გადაეჩვია სირცხვილის ცნებასა და გრძნობას, როგორც ”ბურჟუაზიული საზოგადოების გადმონაშთს”. ადამიანებს სთავაზობდნენ ქუჩაში შიშვლებს ევლოთ, თუნდაც უახლოესი ნათესავებიდან აერჩიათ ეროტიკული პარტნიორები, მოეწყოთ ადგილები კოლექტიური ”შეხვედრებისათვის”. თავად კოლონტაი თავის ასაკს არ ერიდებოდა და ახდენდა შემოთავაზებული პროგრამის დემონსტრირებას , მაგრამ ამაზე დაწვრილებით წერა სისაძაგლეა. ჩვენს დროში საზოგადოება ”ძირს სირცხვილის” პროგრამას, რომლის განხორციელება ვერ შეძლეს რამდენიმე ათწლეულის წინ, ახორციელებენ სხვა ხერხებით და რასაკვირველია, არა ბურჟუაზიულ იდეოლოგიასთან ბრძოლის სახელით (როგორც ეს იყო კოლონტაის დროს), არამედ თავისუფლებისა და პროგრესისათვის.

მშობლებმა უნდა მოითხოვონ გაყიდვიდან პორნოგრაფიული პროდუქციის ამოღება და კონტროლის დაწესება სატელევიზიო გადაცემებზე. სექსოლოგიის გაკვეთილები, რომლებიც სკოლას საროსკიპოსაკენ მიმავალ გზად აქცევს, დაუშვებელია და უნდა აიკრძალოს. მშობლები, რომლებიც მშვიდად უყურებენ თავისი შვილების გახრწნას და ამ პროცესს არ ეწინააღმდეგებიან, ჰგვანან მოლოქის თაყვანისმცემლებს, რომლებსაც თავისივე ხელით მიჰყავდათ საკუთარი ჩვილები კერპის ცეცხლოვან მუცელში ჩასაგდებად.

წყარო: qadageba.ge