უძღები შვილის კვირიაკის საკითხავი სახარების განმარტება – წმ. იოანე ბოლნელი

უძღები შვილის კვირიაკის საკითხავი სახარების განმარტება – წმ. იოანე ბოლნელი

საყვარელნო, მომაპყარით თქვენნი სასმენელნი და ისმინეთ ჩემი სიტყვა, დაუტევეთ ყოველგვარი ამქვეყნიური ზრუნვა, გულისხმაყავით ჩემი განზრახვა, განიწმიდეთ თქვენი გონება, გული და გულმოდგინეთ ისმინეთ იგავი, რომელსაც თავად უფალი ბრძანებს: „კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძეი“ (ლუკ. 15, 11); ვინ არის ეს კაცი, ან ვინ არიან მისი ძენი? ერთი მართალია და მეორე ცოდვილი. შემოქმედმა ორივე თანასწორად შექმნა, მაგრამ ერთი, საკუთარი ნებით, ცოდვით დაეცა.

უმცროსმა ძემ მამას უთხრა: „მამაო, გამომეც მე ნაწილი, რომელი მხუდების მონაგებთა შენთაგან“ (ლუკ. 15, 12).

ხედავთ უმცროსი შვილის ურჩობას? უმცროსი იგი იმის გამო იქმნა, რომ შესცოდა თავის შემოქმედს, ეურჩა მას და ამგვარად თავი დაიკნინა. არ იკმარა პირველი შეცოდება და როდესაც შემოქმედისაგან წილი მოითხოვა, კვლავ განარისხა იგი.

ხედავთ უმრწემესი ძის უგუნურებას, როგორ უსირცხვილოდ, უნამუსო პირით ითხოვს იგი ქონებას, რომლის არც მოპოვებაზე დაღლილა და არც შეუკრებია? ამასთან, იხილეთ სიკეთე და კაცთმოყვარება სახიერი ღვთისა, რომელმაც თანასწორად განუყო ძეთ მადლი, საცხოვრებელი და მონაგები.

„და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი იგი უმრწემესმან მან ძემან, და წარიღო ყოველი, რაიცა აქუნდა მას და წარვიდა შორად სოფლად“ (ლუკ. 15, 13); შორ სოფელში წასლვა წმიდა ეკლესიისაგან, მისი მადლისა და მცნებებისაგან განშორებას ნიშნავს.

„და მუნ განაბნია საფასეი იგი მისი, რომელ აქუნდა მას, რამეთუ ცხონდებოდა იგი უღირსებით“ (ლუკ. 15, 14). რადგან ის, ვინც განეშორება შემოქმედს, კეთილს ვერ მიიღებს.

როცა გამოელია მას ყოველი, რაც ჰქონდა, იმ სოფელში, სადაც იმყოფებოდა, ძლიერი შიმშილობა დაიწყო.

ჭეშმარიტად ასეა, სადაც არის სოფელი ან ქალაქი ეშმაკთა, იქ არის ძლიერი შიმშილი, ხოლო მოწმუნე კი ყველაფრით სავსეა. ურწმუნოსათვის, ეშმაკთა და მათ მსახურთათვის არ არსებობს მემკვიდრეობა, არც ამ სოფლად და არც მერმისში.

ყოვლად უბადრუკმა და საწყალობელმა უმცროსმა ძემ, როცა იხილა, რომ მოაკლდა მადლს, რადგან დაუტევა ღმერთი და განეშორა მას, გააცნობიერა, რომ თავად ღმერთმაც დაუტევა იგი და განეშორა მისგან. ამის შემდეგ ბოროტს ბოროტი შეჰმატა, უსჯულოებას – უსჯულოება, წავიდა და ერთ იმ სოფლის მკვიდრს (ხოლო მკვიდრნი ამ სოფლისა, ეშმაკნი არიან) მოსამსახურედ დაუდგა. მან იგი ღორთა მწყემსად გაამწესა, რადგან ასეთ პატივს მიაგებს იმ ადამიანს, ვინც მას შეუდგება, ასეთ სასყიდელს უბოძებს მის მსახურსა და ნების აღმასრულებელს.

ამ საწყალობელს, რადგან ძალიან შიოდა, გულით სურდა ეჭამა რკო, რომელსაც ღორნი ჭამდნენ. რკო მეტად მკვრივია და საჭმელად უვარგისი. ვინც მას შეჭამს, მრავალ სენს შეეყრება. ამის გამო, რკო ემსგავსება ამა სოფლის ცოდვას, ვინც მას ურცხვად მიიღებს, სიკვდილს შეიძენს და ცეცხლის გეენიაში დაიმკვიდრებს.

რკოს (ცოდვას) მცირეოდენი სიტკბოც აქვს. სწორედ ამის გამო მოისურვა უმრწემესმა ძემ მისი მიღება. განძღა იგი ამ საჭმლისაგან, რომელსაც ღორნი ჭამენ. ყოველი ცოდვა ტკბილია აღსრულებამდე, ბოლოს კი იგი სასიკვდილო ხდება, შესწვავს სულსა კაცისას, მის ხორცში მყოფს, შეიქმნება ძარღვთა დამკვეთელი და ჯოჯოხეთის მომპოვნებელი. ხოლო ეს საწყალობელი ყოველგვარმა ბოროტმა გულისთქმამ შეიპყრო. ისიძვა, იმრუშა, თანდათან უძლიერდებოდა გულისთქმანი და მის ფიქრებს იტაცებდა, ხოლო მის სულში ჩასახული ბოროტება კი აღეგზნებოდა, როგორც ცეცხლი.

როდესაც მან საკუთარი თავი ყოვლად წარწყმედილ მდგომარეობაში იხილა, გონს მოეგო და თქვა: „რავდენი არიან მორეწენი (მოჯამაგირენი) სახლსა მამისა ჩემისასა, რომელთა გარდაჰრევია პური და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები“ (ლუკ. 15, 17), ანუ რამდენი მორწმუნე არის მამაჩემის სახლში – ეკლესიაში, რომელიც სავსეა მადლითა და ჭეშმარიტებით. ჭამენ და განძღებიან ისინი წმიდა ტაბლიდან და მე შიმშილით ვკვდები. რამდენი იმყოფება მონასტრებში, მთებსა და გამოქვაბულებში, მამები და ძმები ჩვენნი, რომლებიც დაუცხრომელად ლოცულობენ, თაყვანს სცემენ ღმერთს მარხვითა და ვედრებით, შემოსილნი და შემკულნი არიან ზეგარდამო მადლით, იზრდებიან ანგელოზთა მიერ და საბოლოოდ, ცათა სასუფეველს მოელიან. ხოლო რა ვქნა მე, უბადრუკმა და საწყალობელმა, ეშმაკისაგან გაშიშვლებულმა, რომლის მიმართ სასოება არ გამაჩნია, რადგან გამძარცვა მე, თავად შიშველმა, რამეთუ უგუნურებით ვემსახურებოდი მას, გამკიცხა და განმაქიქა მე, როცა თავად არის გასაკიცხი და განსაქიქებელი და არ არსებობს მასში ცხოვნების იმედი. აწ, აღვდგები და წავად მამაჩემთან; ავდგები და მივალ სახიერ და კაცთმოყვარე ღმერთთან, დავუჩოქებ მის კაცთმოყვარებას, შევევედრები მის სულგრძელობას, მოთმინებას, თაყვანს ვცემ ტკბილსა მას, აურაცხელად მდაბალს და ვიტყვი: „მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და მე არა ღირს ვარ რაითამცა ვიწოდე შვილად შენდა, ვიყო მე ვითარცა ერთი მორწერთა შენთაგანი“ (ლუკ. 15-18,19).

ეჰა, საყვარელნო, ეს არის კეთილის მოპოვება, სიკეთის განზრახვა, ამგვარი საქმე ღვთივსათნოა. და განეშორა იგი ბოროტს, ადგა, წავიდა და კეთილად მივიდა მამასთან.

„ძე შეცდომილი“ შორიდან დაინახა მშობელმა, შეეცოდა, ადგა და მის შესახვედრად გაემართა. შვილი გაიქცა, ყელზე მოეხვია მას და ეამბორა. აწ, ხედავთ ღმერთის სახიერებასა და კაცთმოყვარებას? ხედავთ შემოქმედის სულგრძელობასა და მრავალმოწყალებას? ხედავთ მის გამოუთქმელ და მიუწვდომელ სიტკბოებას? იხილეთ და გულისხმაყავით მისი განუზომელი სიმდაბლე, რადგან შინ კი არ დაელოდა მისგან წასულ შვილს, არამედ გზაზე გამოვიდა, რათა მიგებებოდა მას და გადახვეოდა.

აწ, იხილეთ, საყვარელნო, თუ რასა იქმს სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი. იგი უბრძანებს თავის მონებს: „გამოიღეთ კუართი იგი პირველი და შეჰმოსეთ მაგას (ე.ი. მადლი და გვირგვინი სიმართლისა), და მიეცით ბეჭედი ხელსა მაგისსა (ბეჭედი ხელზე გაუკეთეს, რათა შუბლზე აღებეჭდა ნიშანი ქრისტესი, რომ აღარ დაუფლებოდა მას ეშმაკი, არამედ განშორებოდა და წასულიყო მისგან), და შეასხენით ხამლნი ფერხთა მაგისთა, რაითა არა უკბინოს გუელმან, და მოაბთ ზუარაკი იგი მსუქანი და დაკალთ და ვჭამოთ და ვიშუებდეთ, რამეთუ ძეი ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა“ (ლუკ. 15-22,23,24).

„ზუარაკი“ (ხბო, შესაწირი) არის მისი მხოლოდშობილი ძე, რომელიც ჩვენი ცოდვებისათვის დაიკლა, საკუთარი თავი ჩვენთვის შესწირა და თქვა: „მიიღეთ, ჭაემთ ხორცი ჩემი, მოსატევებელად ცოდვათა თქუენთა“ და „იშუებდით ამას ზედა“.

უფროსი ძე ამ დროს შინ არ იყო, როდესაც მიუახლოვდა მამის სახლს, მოესმა ხმა სიმღერისა და ლხინისა, გაიგონა, როგორ ხარობდნენ და განისვენებდნენ მამის სახლში.

დაუძახა მან ერთ მონას და ჰკითხა: „რაი არს ესე?“ (ლუკ. 15, 26) მითხარი, რა განცხრომა და რა სიხარულია ამ სახლში, რომლის მსგავსი აქ არასოდეს ყოფილა და არც სადმე სმენია ჩემს სასმენელს? ხოლო მონამ უპასუხა: „ძმაი იგი შენი მოსრულ არს და ყო მამამან შენმან სიხარული და განცხრომაი დიდი და დაკლა ზუარაკი იგი სუქებული, ოდესღა პოვა იგი ცოცხალი“ (ლუკ. 15, 27).

მაშინ განრისხდა უფროსი ძმა და აღარ ისურვა შინ შესვლა. მამა გარეთ გამოვიდა, ლოცავდა მას მშვიდად და წყნარად და შეთხოვდა, გონება დაემშვიდებინა და დაეწყნარებინა. ხოლო მან უთხრა: „ესე რავდენნი წელნი არიან, რამეთუ გმონებ შენ და არასადა მცნებათა შენთა გარდავხედ“ (ლუკ. 15, 29).

ეჰა, საყვარელნო, ვინ შეიძლება იყოს მასზე დიდი, რომელმა კაცმა შეიძლება უთხრას შემოქმედს: „აჰა, ესერა გმონებ შენ და არასადა მცნებათა შენთა გარდავხედ და თიკანი ერთი არასადა მომეც მე, რაითამცა ვჭამე და ვიხარე მეგობართა ჩემთა თანა; ხოლო ძეი ესე შენი, რომელმან შეჭამა ყოველი საცხოვრებელი შენი მეძავთა თანა და მოვიდა იგი, ჰყავ შუებაი და სიხარული და განცხრომაი და ზუარაკიცა იგი სუქებული და-ვე-უკალ-მას“ (ლუკ. 15, 29-30).

მაშინ უპასუხა მას მამამ: „შვილო, შენ მარადის ჩემი ხარ და ჩემი რაი არს, ყოველი შენი არს“ (ლუკ. 15, 31).

ხედავთ ღვთის აურაცხელ მოწყალებასა და სულგრძელებას? როგორ ტკბილად და სიმშვიდით ლოცავს უფროს ძეს და ეუბნება: „შვილო, შენ ყოველთვის ჩემთან ხარ და ყველაფერი, რაც მაქვს, შენია“. უმცროს ძეს კი, შეცოდებულს, განამტკიცებს და ნუგეშს სცემს. ხოლო ორივეს ერთი პირით უცხადებს: „აწ, შუებაი ჯერ-არს და მხიარულებაი, რამეთუ ძმაი ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა“ (ლუკ. 15, 32).

ჩვენ კი, ამიერიდან, როგორ უნდა მოვიქცეთ საყვარელნო? პირველ რიგში განვეშოროთ ჩვენს ცოდვებს, როგორც უძღები შვილი და მივაშუროთ და ვევედროთ მას, ვისგანაც მან შენდობა მიიღო. ხოლო თუ არ მოიქცევით და არ შეინანებთ, როგორც წინასწარმეტყველი იტყვის: „მახვილი მისი ლესულ არს“.

აწ, საყვარელნო, სადაცაა მოიწევა უფლის დღე, როგორც ცისკარი განთიადისა, რადგან ნათელი აღდგომისა გამობრწყინდება და კეთილსურნელებას მოჰფენს ჭეშმარიტ მორწმუნეთ. განვიწმიდოთ თავნი ჩვენნი, საყვარელნო, რათა ერთობით მივეახლოთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა მისთათა, „რომელსა შუენის დიდებაი და პატივი და თაყუანისცემაი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“.

ძველი ქართული ტექსტის მიხედვით
მოამზადა ნინო გაგოშაშვილმა

“წმიდა მამათა ქადაგებანი”, თბილისი, 2002 წ.